Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა გახსნეს


საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა.

30 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის აშენების შემდეგ ბაქო და თბილისი თურქეთის ქალაქ ყარსს და შემდეგ სტამბულს რკინიგზით დაუკავშირდება. რკინიგზის მშენებლობის ცერემონიალის გარდა, თბილისში საქართველოსა და თურქეთის ბიზნესფორუმიც გაიმართა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, თურქეთის პრეზიდენტის აბდულა გიულისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” გაიმართა.

მოგვიანებით პრეზიდენტები საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმს შეუერთდნენ. თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მომავალ წელს თურქეთის ბიზნესი საქართველოში 2 მილიარდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ამიერიდან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იმოქმედებს. შესაბამის ხელშეკრულებას პრეზიდენტებმა დღეს მოაწერეს ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენთვის ეს არის უზარმაზარი ბაზრის გახსნა და, მე ვფიქრობ, ძალიან დიდი სტიმული ჩვენი მეწარმეებისთვის, ჩვენი ბიზნესისთვის, რომ აწარმოოს ძალიან შეღავათიანი ვაჭრობა თურქეთის უზარმაზარ ბაზარზე. ეს ერთია, მეორეა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.”(სტილი დაცულია)

ახლა რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს. მისი მშენებლობის დაწყება სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა მარაბდის ველზე აღნიშნეს.

[საზეიმო ცერემონიალის ხმა]

საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ჩიხიდან გამოიყვანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ დღეს აქ ვხსნით რკინიგზის მშენებლობას. ეს არის საუკუნის პროექტი. და ეს არის პროექტი, რომლის ფუნქციაც არის თბილისი და მთელი საქართველო დაუკავშირდეს პირდაპირი რკინიგზით, ბოსფორის გავლით, ევროპას.”(სტილი დაცულია)

რკინიგზა, ევროპასთან დაკავშირების გარდა, საქართველოს უამრავ სამუშაო ადგილს მოუტანს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და განვითარებასაც წაადგება. გარდა ამისა, პროექტს აქვს უფრო გლობალური მნიშვნელობაც. ფრაგმენტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩინეთის ტვირთები, რომელიც რუსეთის გავლით მიდის ევროპაში, ახლა ამ მაგისტრალით ისარგებლებენ... ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური რევოლუცია.”(სტილი დაცულია)

თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ ყურადღება, ძირითადად, სწორედ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, პროექტის რეალიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ყაზახეთმაც, რომელმაც გადაწყვიტა 10 მილიონი ტონა ტვირთი სწორედ ამ რკინიგზით გადაიტანოს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც პროექტის რეგიონალურ მნიშვნელობასა და აზერბაიჯანელი, ქართველი და თურქი ხალხის მეგობრობის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტებმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ სიმბოლურად ხელმოწერით დაადასტურეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება და ეს დოკუმენტი მაგისტრალის საფუძველში ჩაადუღაბეს.

[ისმის ტაშის ხმა]

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის თაობაზე შეთანხმება მხარეებმა მიმდინარე წლის 7 თებერვალს გააფორმეს. პროექტი 98 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის, ყარსი-ახალქალაქის, მშენებლობასაც ითვალისწინებს. აღნიშნული რკინიგზის 68 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო 30 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, დაგეგმილია ახალქალაქი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქციაც.

პროექტი დაახლოებით 422 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა. აქედან 202 მლნ საქართველოს ტერიტორიაზე ჩასატარებელ სამუშაოებს დასჭირდება. ისიც აღსანიშნავია, რომ ეს თანხა საქართველოს აზერბაიჯანმა გამოუყო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტის სახით.

ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბულის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება 2-3 წლის შემდეგ იგეგმება.
XS
SM
MD
LG