Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ანბანი ხელისგულზე - როგორ გახსნა რუსეთიდან გამოქცეულმა მხატვარმა ხელნაკეთი წიგნების გამომცემლობა თბილისში


გემრიელი ქართული ანბანი
გემრიელი ქართული ანბანი

საქართველოში ჩასულმა მხატვარმა, რომელიც ომს მოშორდა რუსეთიდან, მაშა ოვჩინიკოვამ თავის ვაჟთან ერთად თბილისში ხელნაკეთი წიგნების გამომცემლობა, „ნიაბი“ გახსნა.

ეს წიგნები ხელისგულზე ეტევა და თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია. მათი შინაარსი კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია: ქართული ანბანიდან - ანტისაომარ პოეზიამდე. რადიო თავისუფლების პროექტის, „სევერ.რეალიის“ კორესპონდენტი იმყოფებოდა სახელოსნოში, როცა გამოსაცემად მზადდებოდა ხელნაკეთი წიგნების საშობაო სერია.

სამუშაო მაგიდა გამომცემლობა „ნიაბის“ სახელოსნოში
სამუშაო მაგიდა გამომცემლობა „ნიაბის“ სახელოსნოში

უზარმაზარი მაგიდა დიდ ოთახში სავსეა წიგნებით, ნახატებით, მუყაოს ფურცლებითა და ხელით გამოჭრილი ქაღალდებით, ყუთებში საღებავებითა და ფლომასტერებით და კიდევ უამრავი სხვა რამით, რომელთა დანიშნულებას გამოუცდელი თვალი ერთი შეხედვით ვერ მიხვდება - მაგალითად, ასოებით, რომლებიც ხის პატარა კუბებზე ან საშლელზეა ამოტვიფრული.

თბილისში, ამ ბინაშია, ხელნაკეთი წიგნების პატარა გამომცემლობა, „ნიაბი“. აქ მუშაობენ მაშა ოვჩინიკოვა, მხატვარი და წიგნის გრაფიკოსი, და მისი ვაჟი, დიზაინერი ფიოდორ დიუჟენკო. ხელნაკეთი წიგნების შექმნა მაშამ ჯერ კიდევ მოსკოვში დაიწყო. მან მოსკოვის დატოვება ომის დასაწყისში ერთი საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.

- მეზობელი ქალი შემოვიდა, უნივერსიტეტის ლექტორი, და მითხრა, რომ მაღაზიები დააცარიელეს, - იხსენებს მაშა, - მე ვუთხარი: „ჰო, ომია და ამიტომაც ყველაფერს იმარაგებენ“. მან მითხრა: „სანამ მაგათ ყველას არ მოვსპობთ, კარგს ნურაფერს ელი“. მე ვუპასუხე: „ეს - ფაშიზმია“. მან დამარიგა: „ოღონდ ეს, ჩემ გარდა, არავის უთხრა“. იმ საღამოსვე ავიღე ბილეთი და წამოვედი. უბრალოდ ვერ ავიტანე, როცა ეს შენს ახლობლებს, მეზობლებს ემართებათ, აუტანელია. ჩემი ვაჟი უფრო ადრე წავიდა, მაშინვე.

ახლა მაშა და ფიოდორი ერთად მუშაობენ თბილისში.

მაშა ოვჩინიკოვა და ფიოდორ დიუჟენკო
მაშა ოვჩინიკოვა და ფიოდორ დიუჟენკო

პატარა კვადრატული წიგნი ქართული ანბანით ხელისგულზე ეტევა. ის ცოცხალია. ღილით იკეტება, უფრო სწორად, რომ გახსნა, ჯერ ღილის გარშემო დახვეული ძაფი უნდა შემოხსნა. სანამ შემოხვეულ ძაფს ხსნი, თითები ნაცრისფერ ყდას ეხება, რომლის ზედაპირი ბავშვის ცხვრის ტყავის ქურთუკს მოგაგონებს. ყდაც ხელნაკეთია. მასში პატარა ოვალური ფანჯარაა, ამ პატარა ფანჯარაში ჯამია, რომელშიც ქართული ასოებისგან შემდგარი კერძია: ანბანი - ქართული დამწერლობა.

გემრიელი ქართული ანბანი, ყდა
გემრიელი ქართული ანბანი, ყდა

თითოეულ ასოზე თითო კერძია, ზოგჯერ სრულიად იოლი, ზოგჯერ კი იმდენად რთული, რომ მის გაბედულ შემდგენელს ენის დაფარულ წიაღში ძებნისთვის არაერთი დღე დასჭირდა, რათა დავიწყებული სიტყვა ეპოვა. უფრო სწორად, ენების წიაღში, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის არის ქართული ენა - ერთი - სინამდვილეში კი, ის ბევრია. და ეს ენები, ისევე როგორც კერძები, მხოლოდ საქართველოში არ ცხოვრობენ.

გემრიელი ქართული ანბანი
გემრიელი ქართული ანბანი

ამ ანბანის შედგენაში დედა-შვილს ფილოლოგი, ალექსანდრ როსტოვცევ-პოპელი დაეხმარა. ის პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი, შემდეგ - დოქტორანტურა გერმანიაში. ბოლო რამდენიმე წელი ხშირად არის ხოლმე საქართველოში. როგორც ამბობს, უნივერსიტეტში შესანიშნავი სამეცნიერო ხელმძღვანელი ჰყავდა, რომელთანაც სწავლობდა საქართველოს ენებს.

- როცა მაშა ოვჩინიკოვამ მომმართა და „გემრიელი“ ქართული ანბანის შედგენა მთხოვა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ამისთვის მთელი კვლევის ჩატარება იქნებოდა საჭირო. ზოგიერთ ასოზე, მაგალითად, ხ-ზე, ბევრი კერძი აღმოჩნდა: ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო. მაგრამ ზოგიერთ ასოზე რთულად იყო საქმე, - გვიამბობს ალექსანდრი.

- ამიტომ მომიწია ჩემს მეგობრებთან დაკავშირება, რომელთაც აქვთ რესტორნები და კვების წერტები, სადაც მუშაობენ მზარეულები, რომელთა შეწუხება დაგვჭირდა, რომ ყველა ასოზე რამე კერძის დასახელება გვეპოვა. და ზოგიერთ ასოზე მხოლოდ იმ დასახელებების პოვნა შევძელით, რომლებიც მხოლოდ დიალექტებშია, ლიტერატურული ქართულის მცოდნეთათვის კი - უცნობია. ზოგიერთ ასოზე კერძების დასახელების ძებნა საერთოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოგვიხდა.

ალექსანდრს მოუწია ბევრ კულინარულ სინატიფეში ჩაწვდომა და აჭარულ, მეგრულ და კახურ სამზარეულოებს შორის განსხვავებების შესწავლა.

გემრიელი ქართული ანბანი
გემრიელი ქართული ანბანი

- რა არის ხარჩო? ეს არის დაჭრილი ხორცი, ჩახარშული რომელიმე სოუსში. კახეთში მას ჩვეულებრივ, ბრინჯით აკეთებენ, სამეგრელოში კი - გატარებული ნიგვზით. მეგრული ხარჩო უფრო სქელი, სხვა კერძია. კახური ხარჩო, ბრინჯიანი - უფრო წვნიანია. ჰოდა, აი, აღმოჩნდა, რომ რომელიღაც ასოზე მხოლოდ ერთი სიტყვის მოძებნა გახდა შესაძლებელი და ის აღნიშნავს მეგრული ხარჩოს ანალოგს, რომელსაც აჭარაში ამზადებენ. თუმცა, აჭარაში ვერავინ ამიხსნა, რით განსხვავდება ეს კერძი მეგრული ხარჩოსგან - კონსისტენციით, ჟანრით ან თუნდაც ტექნოლოგიით.

ალექსანდრი ამბობს, რომ მას საუკეთესო დიალექტოლოგები ეხმარებოდნენ მთელი საქართველოდან, რომლებსაც ლექსიკონებში მოუხდათ ქექვა.

- „უ“ ასოზე კერძი არ გვაქვს, არამედ ღვინო - „უსახელაური“. მაგრამ ეს უნიკალური ღვინოა, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ და რომლის ყიდვასაც არავის ვურჩევ: ამბობენ, რომ ამ ღვინის მხოლოდ ორ ტონას აწარმოებენ წელიწადში. და მაღაზიაში 150-200 ლარის მიცემას რაღაც გაუგებარ სასმელში, აზრი არა აქვს, ის არ იყიდება მაღაზიაში. ადგილზე უნდა ჩახვიდე, ლეჩხუმში, სადაც ამზადებენ.

სინამდვილეში, ეს ჯიში არ არის, ეს არის ყურძნის ოთხი ჯიშის ნაზავი: ორი იშვიათის და ორი უკიდურესად იშვიათის. საქართველოში არსებობს ე.წ. ნალექიანი ყავა, რომლის შემდეგაც ჭიქის კედლებზე ნალექი რჩება. ჰოდა, ამ ღვინის შემდეგაც ნალექი რჩება. ის მძიმეა, წითელი, ნახევრად ტკბილი. ეს არის ერთადერთ „არაკერძი“ ჩვენს პატარა წიგნში.

აი, გადავშალეთ ეს პატარა წიგნი:

ა - აპოხტის ხინკალი - ხინკალი - გამშრალი ხორცით დამზადებული ხინკალი, მესხური კერძი.

ბ - ბოზბაში - ცხვრის ხორცის, წვნიანი ბარდითა და წაბლით, აღმოსავლეთქართული სამზარეულო, აზერბაიჯანშიც ამზადებენ.

გ - გებჟალია ახლად ამოყანილი ყველი პიტნით გაზავებულ რძეში - მეგრული საუზმე.

და ასე შემდეგ, 35 პატარა ოთხკუთხა გვერდი.

საქართველოში 20-ზე მეტი ენაა ექვსი სხვადასხვა ენობრივი ოჯახიდან. მთავარი ენა ქართულია, მაგრამ, მაგალითად, არის სვანური და მეგრული - ალექსანდრის თქმით, ამ ორ ენაზე მოლაპარაკეებს ერთმანეთის არ ესმით.

მეგრული არამეგრელი ქართველისთვის ისე ჟღერს, როგორც ჩვენთვის (რუსულენოვანებისთვის) პოლონური, ფიქრობს ის. ანუ რაღაცის დაჭერა შეიძლება, მაგრამ მეტის არა. სვანური ქართულად მოლაპარაკისთვის, სვანური ვინც არ იცის, ისევეა, როგორც ჩვენთვის გერმანული, მოჰყავს შედარება რუს ფილოლოგს.

გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნები
გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნები

პირველი ხელნაკეთი წიგნი მაშა ავჩინიკოვამ ომამდე გამოსცა.

ის ხშირად ჩადიოდა საქართველოში, ახლო მეგობრობა ჰქონდა გამოჩენილ ქართველ რეჟისორსა და მწერალთან, რეზო გაბრიაძესთან და სურდა მისი რომელიმე მოთხრობის წიგნად გაკეთება, მაგრამ დიდხანს დასჭირდა თხოვნა.

- არ სურდა მოთხრობის მოცემა, მაგრამ ბოლოს, თავი რომ დამენებებინა, მომცა - იცინის მაშა, -შემდეგ, როცა ამ პატარა წიგნმა ბაბელის პრემია მოიპოვა ოდესაში, გაბრიაძე კმაყოფილი იყო და საიდუმლოდ მითხრა, ლენინსა და სტალინზე დაწერილი მოთხრობა მოგეცით, რომელიც არ მიყვარდაო.

მაგრამ ჩვენ ერთად ვმუშაობდით მასზე, მთელი ორი წელი ვფიქრობდით და ბოლოს გამოგვივიდა, ავტორიც გავახარეთ. თანამშრომლობა გაგრძელდა და რეზო მოსკოვში აღარ ჩამოდიოდა, მე ჩამქონდა ხოლმე და ძალიან უხაროდა.

გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნი. მარცხნივ რეზო გაბრიაძის მოთხრობა.
გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნი. მარცხნივ რეზო გაბრიაძის მოთხრობა.

ასეთი წიგნის შექმნა იოლია. არსებითად, ყველა ეგზემპლარი ხელითაა გაკეთებული. ახლა მაშა და ფიოდორი ევგენია ბერკოვიჩის ლექსების გამოცემას აპირებენ. (ჟენია ბერკოვიჩი 2023 წლის 5 მაისს მოსკოვში დააპატიმრეს. მას შეუფარდეს მუხლი - „ტერორიზმის საჯარო გამართლება მასობრივი ინფორმაციის საშუალების გამოყენებით“ სპექტაკლისთვის „ ფინისტი - მამაცი შევარდენი“) .

ამ პატარა წიგნის გაყიდვას ისინი აპირებენ წიგნის მაღაზიაში, იმავე ბარში და სახელოვნებო სივრცეში, რომელსაც „აუდიტორია“ ჰქვია. შემოსავლით ბერკოვიჩის ოჯახს დაეხმარებიან.

გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნები
გამომცემლობა „ნიაბის“ წიგნები

ჟენია ბერკოვიჩის წიგნთან ერთად არის პოეტების, დმიტრი სტორეცევისა და ტატიანა ვოლსკაიას კრებულები, რომელშიც შედის ანტისაომარი ლექსი „ქრისტეშობა - 2022“. ერთი ლექსი ერთი წიგნია, მეტი არ ეტევა.

დასაბეჭდი შტამპები
დასაბეჭდი შტამპები

ამ სერიოზულ წიგნებთან ერთად გამოვცემთ ნახატების სერიას, რომელიც ომს ეძღვნება, - ამბობს მაშა ოვჩინიკოვა.

ახლა ვმუშაობთ მიხაილ სუხოტინის წიგნზე, ის ჩეჩნეთის პირველი ომის ვეტერანია, წერდა რუსეთის ყველა დაპყრობით ომზე, ძალიან გულშიჩამწვდომი ლექსები აქვს.

მე ისეთი განცდა მქონდა, რომ ამ თემაზე ხატვას ვერ შევძლებდი. ძალიან მძიმეა. ამიტომ დავიწყე ასეთი, რაღაც, ხილული პოეზიის შექმნა.

საერთოდ ბევრს ვფიქრობ, ვერაფრით გამირკვევია, რა უნდა აკეთოს ხელოვანმა, როცა ქვეყანა იქცევა. და არტთერაპიის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე.

ჟენია ბერკოვიჩის წიგნი
ჟენია ბერკოვიჩის წიგნი

სახელოსნოში შრომა მკაცრადაა განაწილებული: მაშა ხატავს, ფიოდორი ბეჭდავს და ქაღალდს ამზადებს - უფრო ხშირად მაკულატურისგან.

- ნედლეულს სად შოულობთ? მაკულატურა საიდან გაქვთ?

- ახლა ბევრი აბარებს საბჭოთა გამოცემებს, მაგალითად, გორკის ან ლენინის ნაშრომთა კრებულებს.

გამომცემლობაში ახლა იმდენი ხელნაკეთი წიგნი დაგროვდა, რომ უკვე სერიებად დაიყო. არის ქართული წიგნების სერია, თავისებური მადლიერების გამოხატვა ქვეყნისადმი, რომელმაც ამდენი გასაჭირში მყოფი ადამიანი შეიკედლა, არის ანტისაომარი სერია. საშობაოდ გამომცემლობამ საგანგებო სერია გამოუშვა.

გამომცემლობა „ნიაბის“ ქრისტეშობის სცენა
გამომცემლობა „ნიაბის“ ქრისტეშობის სცენა

ქრისტეშობის თითოეული წიგნი, ეს პატარა წარმოდგენაა, შობის სცენის ანუ საკუთრივ შობის მცირე კუთხე.

დიდებული დღესასწაული პატარი წიგნის მეშვეობით ხელისგულზე ეტევა, უფრო შინაური ხდება, უფრო ახლობელი და იმედს ბადებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, სასწაული და გადარჩენა შესაძლებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG