Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დედა ტელევიზორს ხმას უწევდა“ - ქალი, რომელიც შვილის გაუპატიურების ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს


გამოძიების თანახმად, წლების განმავლობაში, დის გაუპატიურების მოწმე იყო მისი უმცროსი ძმაც - საილუსტრაციო ფოტო
გამოძიების თანახმად, წლების განმავლობაში, დის გაუპატიურების მოწმე იყო მისი უმცროსი ძმაც - საილუსტრაციო ფოტო

50 წლამდე ქალს გამოძიება მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურების ხელშეწყობას ედავება. ქალი 25 იანვარს დააკავა გამოძიებამ და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ამ ბრალდებით დედაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-137-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

რამდენიმე თვის წინ, ბავშვის გაუპატიურების საქმეზე უკვე მიუსაჯა პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 35 წლამდე კაცს, ბავშვის დედის პარტნიორს.

რა იყო მანამდე - ანუ, რატომ დააბრუნა ზრუნვის სააგენტომ და-ძმა დედასთან

7 და 8 წლის და-ძმა ზრუნვის სააგენტომ ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში გადაიყვანა საოჯახო ტიპის სახლში საცხოვრებლად: „სახეზე იყო დედის მხრიდან ბავშვების უგულებელყოფის ფაქტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და და-ძმის ინტერესების დამცველი: “ზრუნვის სააგენტომ საჭიროდ ჩათვალა ბავშვების გაყვანა, რადგან ოჯახში დარჩენა არ შეესაბამებოდა ბავშვების საუკეთესო ინტერესებს“.

თამუნა ჰყვება, რომ და-ძმამ საოჯახო ტიპის სახლში დაახლოებით ექვსი თვე გაატარა. 2018 წლის დეკემბრის მიწურულს კი ზრუნვის სააგენტოსა და სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებით, ბავშვები კვლავ სახლში, დედასთან დაბრუნდნენ:

„ჩაითვალა, რომ ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში თავს არ გრძნობდნენ კარგად. ბავშვები ისე დააბრუნეს სახლში, დედასთან, რომ ის პრობლემა, რის საფუძველზეც გაიყვანეს ექვსი თვის წინ და-ძმა, მოგვარებული არ იყო“, - ამბობს გაბოძე.

რამდენიმე თვეში, 2019 წლის დასაწყისში, მათთან დედის მეგობარი, 35 წლამდე კაცი გადავიდა საცხოვრებლად:

თამუნა გაბოძე
თამუნა გაბოძე

„სანამ საბოლოოდ გადავიდოდა მათთან, ეს კაცი ოჯახში სტუმრად რჩებოდა. 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა მან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. სექსუალური ძალადობის შემსწრე იყო გოგოს 7 წლის ძმაც. საქმის მასალები აჩვენებს და ბავშვებიც ამბობენ, რომ და-ძმამ დედას მალევე უთხრეს, რომ კაცი ძალადობდა გოგოზე, თუმცა, დედამ ბავშვებს არ დაუჯერა“.

როგორც თამუნა გაბოძე საქმის მასალებსა და ბავშვების მონათხრობზე დაყრდნობით ჰყვება, მას შემდეგ, რაც კაცი მათთან საცხოვრებლად გადავიდა, სექსუალურმა ძალადობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო და სამ წელს გაგრძელდა. მოგვიანებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაუპატიურების მსხვერპლი იყო:

„გაუპატიურების ფაქტები ხდებოდა ძალიან ხშირად. მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი დილაობით სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა. როცა ბავშვთა მიმართ ძალადობა ხდება ხოლმე, როგორც წესი, მოძალადე ელოდება ხელსაყრელ მომენტებს, როდის დარჩება ბავშვთან მარტო და ა.შ. ამ ადამიანს არ ჰქონდა ამის საჭიროება, რადგან მას ხელს არავინ უშლიდა. ამიტომ არ სჭირდებოდა მომენტების შერჩევა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, დილა იყო თუ ღამე“, - ამბობს თამუნა გაბოძე.

გარდა სექსუალური ძალადობისა, ადვოკატის თქმით, ბავშვი ტრეფიკინგის მსხვერპლიც იყო:

„მოძალადე აიძულებდა, რომ ან მასთან ერთად ან მარტო გასულიყო ქუჩაში და მოწყალება ეთხოვა. ეუბნებოდა, რომ რაკი ის შშმ პირი იყო, ხალხი უფრო მეტად დაეხმარებოდა. ბავშვს კი არიგებდნენ, რომ თუკი სოციალური მუშაკი ჰკითხავდა, რატომ იდგა ქუჩაში, უნდა ეთქვა, რომ ის მოწყალებას საკუთარი სურვილით ითხოვდა და სკოლაში სიარულს ეს საქმე ერჩივნა".

რა მოხდა 2022 წლის დეკემბერში?

„იმ დღეს კაცმა 11 წლის გოგო სასტიკად სცემა. თუმცა, ბავშვმა კაცისგან გაქცევა მოახერხა და დახმარება ქუჩაში ითხოვა“, - ჰყვება თამუნა გაბოძე.

112-ში ანონიმური ზარი შევიდა. სამართალდამცავები თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მალევე მივიდნენ. გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. თუმცა, 11 წლის გოგომ სამართალდამცავებს სთხოვა, რომ მეორე დღეს სკოლაში მისულიყვნენ, რადგან სხვა ამბავი ჰქონდა მოსაყოლი:

„სკოლაში მისულ სამართალდამცავებს უამბო ბავშვმა, რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში მის თავს. ამის შესახებ იმ დღეს შეიტყო ბავშვის მასწავლებელმაც. ჩვენს ორგანიზაციას სწორედ მასწავლებელმა მომართა და საქმეში ჩართვა გვთხოვა“, - ამბობს თამუნა გაბოძე.

სისხლის სამართლის საქმე მალევე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო. კაცი დააკავეს, და-ძმა მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს, ბავშვების დედის მიმართ კი დამცავი ორდერი გამოიწერა:

„დედა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ბავშვები იტყუებოდნენ, რომ ისინი მიდრეკილები იყვნენ ტყუილისკენ, ღიად იჭერდა ძალადობაში ბრალდებული კაცის მხარეს, ამბობდა, რომ არ სჯეროდა შვილების და პარალელურად, ბავშვებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ამიტომ მოვითხოვეთ ჯერ შემაკავებელი ორდერის, ერთი თვის თავზე კი დამცავი ორდერის გამოცემა“, - ჰყვება ბავშვების ინტერესთა დამცველი, რომელიც ამბობს, რომ როგორც კი შემაკავებელი ორდერის ერთთვიანი ვადა ამოიწურა, დედა მივიდა ქალიშვილთან და სთხოვა „დაენდო კაცი“:

„დედამ, ფაქტობრივად, გამოიყენა რამდენიმე საათი დამცავი ორდერის გამოცემამდე, რომელსაც სასამართლო გამოსცემს, მიაკითხა ბავშვს და სთხოვა, რომ არ მიეცა ჩვენება მოძალადის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხოვნა არ იყო ძალადობრივი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პირი ახდენს გავლენას მოწმეზე. დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს, რომ გამოწერილიყო დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი 9 თვის ვადით, და პარალელურად, მივმართეთ პროკურატურას, რომ ქალის მიმართ შესაბამისი მუხლით დაწყებულიყო გამოძიება“.

შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აეკრძალა ურთიერთობა ქალს უმცროს შვილთანაც, რადგან ის, მისი საშუალებით ცდილობდა გავლენის მოხდენას ქალიშვილზე:

„ყველაფერს აკეთებდა, რომ ბავშვი უარყოფითად განეწყო დის მიმართ, ჩვენს მიმართ. ეუბნებოდა, რომ თავის დროზე ხმა რომ არ ამოეღოთ, ახლა ისინი ერთად იქნებოდნენ".

დედა - დამნაშავედ ცნობილი მოწმეზე ზემოქმედებაში

მალე პროკურატურამ ქალის მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, რაც გულისხმობს ზემოქმედების განხორციელებას გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე. საქმეზე წარმოება უკვე დასრულებულია.

დედამ სასამართლოში აღიარა დანაშაული. ანუ, დაადასტურა, რომ ის შვილებზე ზემოქმედების მოხდენას ცდილობდა. ამ საქმეზე ქალს სასამართლომ მისცა პირობითი მსჯავრი - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

თამუნა გაბოძე თვლის, რომ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება დანაშაულის სიმძაფრიდან გამომდინარე, არ იყო ადეკვატური:

„როდესაც ხდება ძალიან მძიმე დანაშაულში დაზარალებულ ბავშვზე ზეგავლენა, ერთი წლით პირობითი სასჯელი აბსოლუტურად არ არის რელევანტური. ერთი წელი პირობითი სასჯელი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მიუსაჯონ, რომელიც აიღებს, მაგალითად, ერთ ფილა შოკოლადს. სასამართლომ სწორად ვერ შეაფასა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც ამ საქმეს ჰქონდა, რადგან, ერთი მხრივ, საქმე ეხებოდა ბავშვს, მეორე მხრივ, ის იყო ძალიან მძიმე დანაშაულის მსხვერპლი და გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ ახდენს დაზარალებულ ბავშვზე ზეგავლენას. როდესაც საქმე ეხება დედა-შვილს, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ბავშვი მოექცევა მისი გავლენის ქვეშ. ეს რისკი სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა“.

2023 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში დაწერა, რომ კაცს შეზღუდული შერაცხადობა აქვს. სასამართლომ ეს ფაქტორი სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია და ნაცვლად უვადო პატიმრობისა, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რატომ დააკავა გამოძიებამ დედა?

და-ძმამ ბრალდებული კაცის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს 2023 წლის მაისში მისცა. ბავშვები უფლებადამცველებმა შენობაში ისე შეიყვანეს, რომ სასამართლოს ფოიეში დედას არ შეხვედროდნენ. სასამართლო დარბაზის კარზე მინები თეთრი ქაღალდით დაბურეს, რომ ბავშვებს არც კარის მიღმა დარჩენილი დედისთვის არ მოეკრათ თვალი. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა მათ თავად მოითხოვეს. თამუნა გაბოძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვების სურვილი იყო, მოსამართლეს მათთვის მოესმინა.

ადვოკატი იხსენებს, რომ იმ დღეს სასამართლო დარბაზში არავინ დარჩენილა გულგრილი იმ ამბის მიმართ, რაც იქ მოისმინეს:

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩემს პრაქტიკაში. ბრალდებულის ადვოკატი, მოსამართლე, მდივანი, პროკურორი... არავინ იყო ემოციებისგან თავისუფალი. ბავშვების მონათხრობი უმძიმესი მოსასმენი იყო ყველასთვის - როგორ აუპატიურებდა ბავშვს კაცი და როგორ უწევდა დედა ტელევიზორს ხმას ამ დროს. ან როგორ შეჰყავდა მოძალადეს აბაზანაში ბავშვი და ამის საშუალებას მას დედა აძლევდა“.

სასამართლოს სხდომის შემდეგ, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროკურატურას მიმართა და უმოქმედობისა და დანაშაულში ხელშეწყობის ნაწილში, დედის პასუხისმგებლობის გამოკვეთა მოითხოვა.

რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, 25 იანვარს, 50 წლამდე ქალი სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა გამოძიებამ:

„პროკურატურამ დედას წაუყენა ბრალი უმოქმედობით გაუპატიურებაში დახმარებაში, რაც არის პრეცედენტული საქმე. ამ ტიპის ბრალი აქამდე მშობლისთვის არასდროს წაუყენებიათ. 2019 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში შშმ ბავშვს მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა მოძალადე, ამის შესახებ იცოდა ბავშვის დედამ, რომელსაც როგორც მშობელს, ჰქონდა ბავშვის დაცვის ვალდებულება, რასაც არ ასრულებდა და თავისი უმოქმედობით ხელს უწყობდა ამ მძიმე დანაშაულს“.

თამარ გაბოძის თქმით, მთელი ის პერიოდი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო ბავშვის გაუპატიურების საქმეს განიხილავდა, ბავშვის დედა დადიოდა სასამართლო სხდომებზე და ძალადობაში ბრალდებული კაცის დაცვას ცდილობდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ქალმა გაიგო, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ბავშვი ნამდვილად იყო გაუპატიურების მსხვერპლი, ამბობდა, რომ არ იცოდა, ვინ გააუპატიურა ბავშვი და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ დანაშაული მის პარტნიორს არ ჩაუდენია“.

საქმის მასალების მცირე ნაწილი
საქმის მასალების მცირე ნაწილი

გოგო, რომელსაც 35 წლამდე კაცი სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ახლა 12 წლისაა. მისი ძმა 11-ის. ბავშვები მინდობით აღმზრდელის ოჯახში ცხოვრობენ. ინფორმაცია დედის დაკავების შესახებ მათ 26 იანვარს შეიტყვეს:

„მათთვის არ იყო ადვილი ამის მოსმენა, მაგრამ ბავშვებს ჰქონდათ უფლება, რომ ეს სცოდნოდათ. გოგონა თითქოს ელოდა ამ გადაწყვეტილებას და დიდად არ გაჰკვირვებია. ბიჭმა უფრო განიცადა და თქვა, რომ როცა დამცავ ორდერს ვადა გაუვიდოდა, დედის ნახვა სურდა. ბავშვები დღესაც ფსიქოლოგთან არიან“, -ამბობს თამუნა გაბოძე, რომელსაც ბავშვებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.

ბრალდებული ქალის ადვოკატი, დიანა გვიშიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალი თავს დამნაშავედ არ ცნობს:

"ამბობს, რომ ბავშვებმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცეს. ჩემი ინფორმაციით, საქმეში დევს ძველი ჩვენებები. საქმე 4 ტომისგან შედგება. სავარაუდოდ, ხვალ წამოვიღებთ მასალებს და გავეცნობი. ბრალი ძალიან მძიმეა".

რატომ ვერ მიხვდა ზრუნვის სააგენტო, რომ ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო?

2018 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც და-ძმა ზრუნვის სააგენტომ საოჯახო ტიპის ბავშვთა საცხოვრებელში დროებით გადაიყვანა, ბავშვები სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც საოჯახო ტიპის სახლში, ისე ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემდეგ, სოციალურ მუშაკს მათთან ინტენსიური ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, როგორც სახლში მისვლით, ისე სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

თუმცა, როგორც თამუნა გაბოძე ამბობს, სამი წლის განმავლობაში, სოციალური მუშაკი ვერ მიხვდა, რომ ბავშვები ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მას ახლა კითხვები აქვს ზრუნვის სააგენტოსთანაც:

„ბავშვმა ვიდრე თვითონ არ ითხოვა დახმარება, მანამდე ეს დანაშაული ვერ გამჟღავნდა. სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც ბავშვებს არიდებს დანაშაულს. მით უმეტეს, წლების წინ, ბავშვები დააბრუნეს იმ არაკეთილსაიმედო გარემოში, საიდანაც მანამდე გაიყვანეს. ეს ოჯახი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, სრულიად საპირისპირო შედეგი მივიღეთ“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სოციალურმა მუშაკმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ოჯახთან, ბავშვის გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე დატოვა სამსახური.

  • რა ფორმით იყო სააგენტო ჩართული იმ ოჯახის საქმეში, საიდანაც 2018 წელს ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს?
  • რატომ ვერ მოხდა ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოვლენა სოციალური მუშაკის მიერ?
  • როგორი კომუნიკაცია ჰქონდა ზრუნვის სააგენტოს მათთან მას შემდეგ, რაც ბავშვები კვლავ ბიოლოგიურ ოჯახში დააბრუნეს?

ამ კითხვებით მივმართეთ ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს. ასევე, მოვითხოვეთ ინფორმაცია ოჯახთან მომუშავე სოციალური მუშაკის სამსახურის დატოვების მიზეზების შესახებაც.

ზრუნვის სააგენტოს ჩვენს კითხვებზე პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია.

და-ძმის ადვოკატი, თამუნა გაბოძე ამბობს, რომ 12 წლის გოგო ახლაც ეძებს პასუხს, რატომ არ ეხმარებოდა დედა, როცა მას კაცი აუპატიურებდა:

„არის ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს, რომელიც ბავშვმა უთხრა დედას, „ერთხელ ჩემსკენ გამოიხედე, დედა“. მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ არ ეხმარებოდა დედა და რატომ აირჩია ქალმა მოძალადე. ბავშვები ამბობენ, რომ სანამ კაცი მათთან დასახლდებოდა, დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რატომ გაწირა დედამ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობენ“.

XS
SM
MD
LG