Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მთავრობა ხალხს ატყუებს - ფეისბუკით, ინსტაგრამით და ტიკტოკით


„მეტამ“ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული „არაავთენტიკური ქსელი“ წაშალა ორი პლატფორმიდან
„მეტამ“ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული „არაავთენტიკური ქსელი“ წაშალა ორი პლატფორმიდან

ფეისბუკის მფლობელმა „მეტამ“ წაშალა 120-მდე ქართული ანგარიში, გვერდი და ჯგუფი, რომლებიც სხვებზე ზემოქმედების მიზნით იტყუებოდნენ თავიანთი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ და საკუთარი მესიჯების რეკლამაში ათიათასობით დოლარს ხარჯავდნენ.

კორპორაციის განცხადებით, ეს „24-საათიანი“ საინფორმაციო ქსელი საქართველოს მთავრობასთან იყო დაკავშირებული.

რა წაშალა Meta-მ?

3 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ორგანიზაციის პოლიტიკის დარღვევის, კერძოდ კი, „კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის“ (CIB-ის) გამო, წაშლიალია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული:

  • 80 ანგარიში ფეისბუკზე;
  • 26 ფეისბუკგვერდი;
  • 9 ფეისბუკჯგუფი;
  • 2 ანგარიში ინსტაგრამზე.

„კოორდინირებული და არაავთენტიკურია“ ქცევა, როდესაც გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები ერთად მუშაობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით და ცრუობენ თავიანთი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

რამდენად მასშტაბური იყო ეს ქსელი?

ანგარიშის თანახმადვე:

  • ფეისბუკის ანგარიშებს ჯამში დაახლოებით 138,000 ექაუნთი [ანგარიშების მიმდევრები, „ფოლოუერები“] ადევნებდა თვალს;
  • 9 ჯგუფში დაახლოებით 238,000 ანგარიში იყო გაწევრიანებული;
  • ხოლო ინსტაგრამის ანგარიშებს 400 ანგარიში ადევნებდა თვალს.

ანგარიშების მიღმა, სავარაუდოდ, უმრავლესობა რეალური ადამიანი იყო, ვისზე ზეგავლენის მოხდენასაც ცდილობდა კოორდინირებული ქსელი.

ანგარიშში არ არის დაზუსტებული, რამდენ ადამიანს მისწვდნენ არაავთენტიკური გვერდები რეკლამებით, თუმცა ამ გვერდების წინ წასაწევად, ფეისბუკსა და ინსტაგრამზე 33,540 აშშ დოლარია დახარჯული.

შინაარსის „დასპონსორება“ ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ამ გვერდების კონტენტი დაინახოს, იმის მიუხედავად, იწონებს თუ არა მათ.

„ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ [არაავთენტიკური ქსელის გაზიარებული ინფორმაცია] შეიძლება აღწევდეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლამდე. შეიძლება, ეს რეკლამები ენახა ყველას, ვისაც ფეისბუკი აქვს“, - ამბობს ნინი გვილია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) პროექტების ოფიცერი, რომელიც წლებია, თვალს ადევნებს სოციალურ ქსელებში არაავთენტიკურ საინფორმაციო კამპანიებს.

როგორ მუშაობდა ქსელი?

„მეტას“ თანახმად, ქსელის უკან მდგარი ადამიანები:

  • „ქმნიდნენ ყალბ ანგარიშებს;
  • ამუშავებდნენ ანგარიშებს გამოგონილი ადამიანების სახელით;
  • მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს;
  • აქვეყნებდნენ პოსტებს;
  • წერდნენ კომენტარებს;
  • იწონებდნენ საკუთარ კონტენტს, რათა ის უფრო პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე რეალურად იყო“.

ეს ქსელი „განუწყვეტლივ, 24 საათის განმავლობაში მუშაობდა“, რათა უფრო პოპულარული გაეხადა საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერი კონტენტი, რასაც იგი „ახერხებდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიასაშუალებების პოსტების გადაზიარებით“.

და, რაც მთავარია, „ეს გვერდები და ჯგუფები თავს აჩვენებდნენ, თითქოს იყვნენ ადგილობრივი, მთავრობის მხარდამჭერი დამოუკიდებელი ჯგუფები - ე.წ. გრასრუთ ჯგუფები“.

„მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ „მეტას“ ბოლო გამოძიებამ „დაადასტურა, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრის სიმულირება“.

როგორც „მეტა“ წერს, „მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, გამოძიებამ აღმოაჩინა კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“.

მთავრობის სტრატკომი ჯერჯერობით არ იმჩნევს Meta-ს გადაწყვეტილებასა და მის ანგარიშს. უწყებაში არ უპასუხეს რადიო თავისუფლების შეტყობინებებსა და ზარებს.

როგორ აღწერს „მეტა“ ქსელის მუშაობას

ამ ქსელის „არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის“ მაგალითად „მეტა“ აღწერს 2023 წლის მარტში „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული დემონსტრაციების დროს გამოვლენილ ფაქტებს:

„ისინი [წაშლილი გვერდები, ანგარიშები] ასევე აზიარებდნენ ოპოზიციის კრიტიკას, განსაკუთრებით ბოლო საჯარო საპროტესტო გამოსვლების დროს, რაც „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდებოდა“.

„მეტას“ თანახმადვე, ქსელის უკან მდგარი პირები ამ პერიოდში აქვეყნებდნენ „მიმებსა“ და სტატიებს, წერდნენ კომენტარებს და განსაკუთრებით აქტიურობდნენ: „ფაქტობრივად, ეს ოპერაცია რეალურ დროში ეხმაურებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის, შუაღამისას სხვადასხვა ინფორმაციის გამოქვეყნებით“.

კორპორაციის დაკვირვებით, ეს გარემოება აჩვენებს, რომ ქსელს უკან მდგარი ადამიანები სხვადასხვა ცვლაში მუშაობდნენ.

„მეტას“ განმარტებითვე, ეს გარემოება ასევე მიუთითებს ჯგუფის მიერ „ახალი ამბების თვალყურის დევნებისა და მათზე რეაგირების უნარზე“, თუმცა „მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ამისათვის, უცნობია“.

ნინი გვილია ამბობს, რომ ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის ჯგუფს „აგენტების“ კანონპროექტის ინიციირებამდეც ჰქონდა შემჩნეული, სხვადასხვა ფეისბუკგვერდები „როგორ ცდილობდნენ აზრის ფორმირებას ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისთვის „აგენტის“ იარლიყის მიწებებით“.

დემონსტრაცია „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, 2023 წლის 8 მარტი.
დემონსტრაცია „უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, 2023 წლის 8 მარტი.

„ტიკტოკიც“?

„მეტას“ დაკვირვებით, მათ მიერ გამოვლენილ ქსელს „მიზანში ჰქონდა ამოღებული მრავალი აპლიკაცია, მათ შორის, ფეისბუკი, ინსტაგრამი და ტიკტოკი“.

ტიკტოკის ანგარიშებთან დაკავშირებით „მეტას“, - რომელიც ამ აპლიკაციას არ ფლობს, - კვარტალურ ანგარიშში ბევრი მონაცემი არ აქვს მითითებული. გამოყოფილი აქვს სამი ანგარიში.

აქედან ორი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ იყო, ერთი კი - ჟურნალისტების შესახებ.

„მეტას“ დასახელებული ტიკტოკ ანგარიშები
„მეტას“ დასახელებული ტიკტოკ ანგარიშები
  • @juurnalistebi - აღარ იძებნება;
  • @igaribashvili-ს ამჟამად დახურულია და მხოლოდ 2 გამომწერი ჰყავს;
  • @irakli4georgia კი კვლავ ფუნქციონირებს.

ამ ანგარიშზე ბოლო ვიდეო 2 მაისს არის ატვირთული. ჰყავს 5900-მდე გამომწერი და ჯამში მისი ვიდეოები 48 000-ჯერ არის მოწონებული.

როგორ აღმოაჩინეს?

ფეისბუკის და ინსტაგრამის მფლობელი კომპანიის განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობები და CIP ქსელი აღმოაჩინეს „რეგიონში საეჭვო კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევის შესახებ შიდა გამოძიების შედეგად“.

„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, - და მსოფლიოშიც არ არის ბევრი ასეთი შემთხვევა, - როცა ამ ტიპის საინფორმაციო მანიპულაციებში, არაავთენტიკურ ქცევაში [ამხილეს] გვერდები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უწყებასთან, მთავრობის ოფიციალურ ქვედანაყოფთან, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, - ამბობს ნინი გვილია, ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში?

ეს საქართველოში „მეტას“ პლატფორმებზე ანგარიშების წაშლის პირველი შემთხვევა არ არის.

  • 2020 წლის შემოდგომაზე ფეისბუკმა წაშალა მედიაორგანიზაცია „ალტ-ინფოსა“ და პოლიტიკურ პარტია „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები, ჯგუფები, ღონისძიებები და „ინსტაგრამის“ ანგარიშები; მიზეზი კვლავ „კოორდინირებული არაავთენტიკური ქცევა“ იყო;
  • მანამდე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ფეისბუკმა წაშალა „ქართული ოცნების“ ყოფილი პიარტექნოლოგის, კოკა ყანდიაშვილის ორგანიზაცია „ეS პერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 Instagram ანგარიში; წაშლილ გვერდებს მილიონამდე გამომწერი ჰყავდა;
  • ამავე პერიოდში ფეისბუკმა წაშალა ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული გვერდები, რომელთაც ჯამში დაახლოებით 785 000 გამომწერი ჰყავდა;
  • კიდევ უფრო ადრე, 2019 წლის დეკემბერში, ფეისბუკმა წაშალა სარეკლამო სააგენტო „პანდასთან“ დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები - 344 გვერდი, 39 ანგარიში, 13 ჯგუფი და 22 Instagram-პროფილი; ისინი აკრიტიკებდნენ ოპოზიციასა და ადგილობრივ აქტივისტებს. პოსტების რეკლამაში 316 000-მდე აშშ დოლარი დახარჯეს.
სარეკლამო სააგენტო „პანდას“ ერთ-ერთი ანონიმი წევრი
სარეკლამო სააგენტო „პანდას“ ერთ-ერთი ანონიმი წევრი

თუ შევადარებთ წინა შემთხვევებს, როდესაც ფეისბუკმა წაშალა ქცევის გამო არაავთენტიკური ანგარიშები, მათი რიცხვი შემცირებულიაო, გვეუბნება MDF-ის დირექტორი თამარ კინწურაშვილი და ამას შემდეგნაირად განმარტავს:

„როდესაც ფეისბუკმა წაშალა ეს გვერდები, ანონიმურმა ანგარიშებმა შეცვალეს ტაქტიკა. ამჟამად მათ დაყოფილი აქვთ ამოცანები და მასშტაბური კავშირები შედარებით ნაკლებად იკვეთება. თუმცა ასეთი ქსელები, ფაქტია, არსებობენ და საქართველოსნაირი პატარა ბაზრისთვის ეს [რაოდენობაც] არ არის ცოტა“.

რატომ არ ყოფილა ეს მოულოდნელი?

დეზინფორმაციის მკვლევარი ორგანიზაციები სხვადასხვა შემთხვევას იხსენებენ, როდესაც ყალბი პროფილები მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დააკავშირეს:

  • „გვქონდა მაგალითი, როდესაც ერთი ანგარიში, „ნიკოლოზ ჟღენტი“, სხვა, რეალური ადამიანის ფოტოთი, მართავდა პრემიერ-მინისტრის დახურულ ჯგუფს; აძლევდა ინტერვიუებს სამთავრობო მედიას; აზიარებდა მთავრობის სტრატკომის პოსტებს“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
  • „ISFED-ის გამოკვლევის თანახმად, მთავრობის სტრატკომი დაკავშირებული იყო ანონიმურ გვერდებთან; ეს იყო 2021 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნის შემდეგ. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მართავდა რამდენიმე ჯგუფს“, - ამბობს ნინი გვილია.

რეკლამაზე ადმინისტრაციული რესურსი იხარჯებოდა?

„მეტას“ ანგარიშში არ არის (და ვერც იქნებოდა) დაზუსტებული, თუ საიდან დაიხარჯა აღნიშნული 33 540 აშშ დოლარი რეკლამებზე - ეს იყო უშუალოდ მთავრობის სტრატკომის სახელმწიფო დაფინანსება, თუ პარტიული დაფინანსება.

„თუმცა, ცხადია, რომ საჯარო მოხელეები არიან ჩართულნი ამ პროცესში; რომ დღის განმავლობაში, ნაცვლად საჯარო მოვალეობების შესრულებისა და ნეიტრალურობისა, ემსახურებიან მმართველის პარტიის ინტერესებს, მის სასარგებლოდ არიან მედიის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიებში ჩართულნი“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, ეს ამბავი აჩვენებს, რომ „მმართველი პარტია პოლარიზაციას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს, რაც ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს“.

თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF-ის) აღმასრულებელი დირექტორი
თამარ კინწურაშვილი, „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF-ის) აღმასრულებელი დირექტორი

გურამ იმნაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საქართველოში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საკითხებს სისტემურად შეისწავლის.

„საზოგადოებაზე დეზინფორმაციით მანიპულირება არის დღეს დემოკრატიის და თანასწორობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე და ამ საკითხებს აუცილებლად ჭირდება პოლიტიკურ დღის წესრიგში სწორად შეტანა. ისიც გვახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ ყალბი გვერდების გამოვლენისას, ჩანდა რომ ხელისუფლებასთან ერთად, ამ მექანიზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაც იყენებდა. ამიტომ არის აქედანვე საჭირო, რომ ყველა ოპოზიციურმა ძალამ მკაფიოდ თქვას ასეთ მანიპულაციებზე უარი“, - წერს იგი ფეისბუკზე.

XS
SM
MD
LG