Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ფლოტის ხელახალი დაბადება - როდის ჩაებმებიან უკრაინული გემები საზღვაო ბრძოლებში?


თურქეთის დახმარებით აგებული კორვეტი "ჰეტმანი ივან მაზეპა" ჯერ კიდევ ელოდება უკრაინის ნავსადგურში ღუზის ჩაშვებას
თურქეთის დახმარებით აგებული კორვეტი "ჰეტმანი ივან მაზეპა" ჯერ კიდევ ელოდება უკრაინის ნავსადგურში ღუზის ჩაშვებას

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებაში არ აქვს მსხვილი სამხედრო ხომალდები, უკრაინამ შორი მანძილის რაკეტებითა და ანტისახომალდო დრონებით უკვე შეძლო და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მესამედი ან დააზიანა, ან ჩაძირა.

ახლა კიევი საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის აღდგენას და განვითარებას ცდილობს, რომელიც რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისას გაუნადგურდა.

ცნობილია, რომ უკრაინელი მეზღვაურები იძულებულნი გახდნენ ნიკოლაევში ჩაეძირათ ქვეყნის ფლაგმანი ხომალდი „ჰეტმან საგაიდაჩნი“, რათა ის რუსეთს არ ჩავარდნოდა ხელში.

უკრანის სამხედრო ფლოტისთვის ახალი ხომალდები ქვეყნის ფარგლებს გარეთ შენდება და უცნობია, თუ როდის მიიღებენ ისინი მონაწილეობას, ან რა როლს შეასრულებენ რუსეთ-უკრაინის ომში. არსებობს საფრთხე, რომ კიევისთვის განკუთვნილი ხომალდები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლისთანავე რუსეთის ძვირფას სამიზნედ იქცნენ.

"ამიტომ უმჯობესია, რომ ისინი ჯერჯერობით იქ, თურქეთში იყვნენ", - ფიქრობს ოლეგ ჩუბუკი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სპიკერი.

რატომ კორვეტი? რატომ ჰეტმანი მაზეპა?

2022 წლის ოქტომბერში, თურქმა გემთმშენებლებმა დაასრულეს და სტამბოლის ყურეში საზეიმოდ ჩაუშვეს წყალში უკრაინის საზღვაო ძალებისთვის აშენებული გემი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლ კაზაკთა მეთაურის, ჰეტმან ივან მაზეპას სახელი ეწოდა.

რუსეთთან ომში ჩაფლული ქვეყნის პრეზიდენტს ამ ისტორიულ პიროვნებაზე ყურადღება შემთხვევით არ შეუჩერებია.

1687 წელს ივან მაზეპას მფლობელობაში შემავალი „საჰეტმანო“ რუსეთის მოკავშირე იყო. მაგრამ 1708 წელს, მაზეპამ პეტრე დიდის წინააღმდეგ შვედეთთან შეკრა სამხედრო კავშირი, რითაც საშინლად განარისხა რუსეთი, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოღვაწე დღემდე მოღალატედ არის შერაცხილი.

Ada-კლასის უკრაინული კორვეტი "ჰეტმანი ივან მაზეპა" წყალში ჩაშვების დროს. სტამბოლი, 2022 წლის 2 ოქტომბერი
Ada-კლასის უკრაინული კორვეტი "ჰეტმანი ივან მაზეპა" წყალში ჩაშვების დროს. სტამბოლი, 2022 წლის 2 ოქტომბერი

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ არჩევანი შემთხვევით არც თურქული ADA-კლასის კორვეტზე შეჩერებულა.

ასეთი ხომალდის აგების დროს გამოიყენება ისეთი ტექნოლოგია, რაც მათ აღმოჩენას საკმაოდ ართულებს. ხოლო თავად კორვეტები დაბალი ხილვადობის პირობებში იოლად მანევრირებენ და ეფექტიანად შეუძლიათ წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და განადგურება.

„მას შეუძლია წყალქვეშა ნავების პოვნა, იგი აღჭურვილია სპეციალური შვეულმფრენით, გააჩნია ჰიდროაკუსტიკა, აუცილებელი ელექტრონული სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ წყალქვეშა ხმაურის კლასიფიკაცია. ანუ კორვეტი არის ხომალდი, რომელმაც იცის, თუ სად იმყოფება წყალქვეშა ნავი და როგორ უნდა გაანადგუროს ის წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო რაკეტებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმირ ზაბოლოცკიმ, ჟურნალ Defense Express-ის სამხედრო მიმომხილველმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და თურქულ საინჟინრო ფირმა STM-ს შორის ორი კორვეტის მიწოდების შესახებ გარიგება 2020 წელს გაფორმდა და კიევს 256 მილიონი დოლარი დაუჯდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორვეტ "ჰეტმან ივან მაზეპას" ეკიპაჟის წევრებთან ერთად. 2024 წლის 8 მარტი, სტამბოლი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორვეტ "ჰეტმან ივან მაზეპას" ეკიპაჟის წევრებთან ერთად. 2024 წლის 8 მარტი, სტამბოლი

ამჟამად უკრაინისთვის განკუთვნილი ADA-კლასის კორვეტი "ჰეტმანი ივან მაზეპა" და მისი ეკიპაჟი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გადის სწავლებას და უკრაინისაკენ გასამგზავრებლად ხელსაყრელ დროს ელოდება.

„ჩემი ვარაუდით, ომი დასრულდება იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს კორვეტები ექსპლუატაციაში შევლენ"

სტამბოლის ვერფში - ხომალდებისა და გემების ასაშენებელ და სარემონტო საწარმოში - მეორე კორვეტს „ჰეტმან ივან ვიგოვსკის“ აშენებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 8 მარტს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, სტამბოლის ამ ვერფსაც ესტუმრა.
მეორე კორვეტსაც პირადად ზელენსკიმ შეურჩია სახელი. ჰეტმანი ივან ვიგოვსკი, ივან მაზეპას მსგავსად, მე-17 საუკუნეში იბრძოდა იმისათვის, რომ უკრაინა გასულიყო მოსკოვის ორბიტისგან.

უკრაინული კორვეტების სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია და სიგანე თითქმის 15 მეტრი. ორივე გემი აღჭურვილი იქნება ამერიკული Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსით, ასევე საზენიტო რაკეტებით, მძიმე ტყვიამფრქვევებით, საარტილერიო დანადგარებით და რაკეტების/ტორპედოების გამშვები დანადგარებით.

იმაში, რომ თურქეთი დათქმულ ვადებში ააშენებს მეორე კორვეტსაც, უკრაინაში ეჭვი არავის ეპარება.

მაგრამ ბევრს აინტერესებს, თუ რა როლს ითამაშებენ ეს მძიმედ შეიარაღებული გემები რუსეთთან ომში, ან შეძლებენ თუ არა კორვეტები ბოსფორის სრუტის თავისუფლად გავლას და საომარ ზონაში მოხვედრას.

1936 წლის მონტრეს კონვენციით, რომელიც ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამოქალაქო და სამხედრო ხომალდების გავლას არეგულირებს, თურქეთი ვალდებულია ჩაკეტოს სტრატეგიული საზღვაო გასასვლელები მეომარი ქვეყნების სამხედრო ხომალდებისთვის.

იმ შემთხვევაშიც, თუ სტამბოლი დათანხმდება უკრაინის თხოვნას და გაატარებს სრუტეში უკრაინისთვის განკუთვნილ კორვეტებს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხომალდები უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლამდე, უმალვე რუსეთის სამიზნე გახდებიან.

„ჩემი ვარაუდით, ომი დასრულდება იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს კორვეტები ექსპლუატაციაში შევლენ. რუსები დაელოდებიან მათ შესვლას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და იმ მომენტიდანვე დაიწყებენ მათზე ნადირობას, როდესაც ისინი უკრაინისაკენ აიღებენ გეზს“, - ამბობს ოლეგ ჩუბუკი, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი სპიკერი.

კორვეტ "ვლადიმირ დიდის" ერთ-ერთი კონსტრუქციის მშენებლობა 2012 წელს ნიკოლაევში
კორვეტ "ვლადიმირ დიდის" ერთ-ერთი კონსტრუქციის მშენებლობა 2012 წელს ნიკოლაევში

დიდი ბრიტანეთი ასევე დაჰპირდა უკრაინას ორ გამნაღმველ ხომალდს, მაგრამ იმის გამო, რომ 1936 წლის კონვენციით იკრძალება ბოსფორის სრუტით მეომარი მხარეების სამხედრო ხომალდების გასვლა, ლონდონის დაპირებული გამნაღმველებიც, თურქული კორვეტის მსგავსად, ჯერ არ ჩასულან უკრაინაში.

2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფაქტობრივად გაყინულია უკრაინის უმსხვილესი გემთმშენებელი ინდუსტრია. თავად ქვეყნის საზღვაო ძალებმა კი ომის პირველ წელს უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს. მათ შორის უკრაინელი მეზღვაურები იძულებულნი გახდნენ ნიკოლაევში ჩაეძირათ ქვეყნის ფლაგმანი ხომალდი „ჰეტმანი საგაიდაჩნი“, რათა ის რუსეთს არ ჩავარდნოდა ხელში.

ნიკოლაევში ამჟამად შეჩერებულია ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული, უკრაინული მსუბუქი ფრეგატის "ვლადიმირ დიდის" მშენებლობა, ვინაიდან სამხრეთ საპორტო ქალაქი ხშირად ხდება რუსეთის იერიშების სამიზნე. მაგრამ როდესაც დასრულდება მისი მშენებლობა, ფრეგატი „ვლადიმირ დიდი“, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვაო ძალების ახალი ფლაგმანი ხომალდი გახდება.

XS
SM
MD
LG