Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახელმწიფოს ღალატი" - უკრაინა აგრძელებს რუსეთის აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლას


ფოტო არქივიდან: ვიქტორ მედვედჩუკი თანამოაზრეებთან ერთად. კიევი, 12 ოქტომბერი, 2021წ.
ფოტო არქივიდან: ვიქტორ მედვედჩუკი თანამოაზრეებთან ერთად. კიევი, 12 ოქტომბერი, 2021წ.

ბოლო ორი დღეში უკრაინაში სახელმწიფო ღალატის მუხლით „ვერხოვნა რადის“ ორ დეპუტატს, ვადიმ რაბინოვიჩს და ალექსანდრ პონომარიოვს წაუყენეს ბრალი.

ისინი იმ აკრძალული პარტიის („ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“) წევრები არიან, რომლის ლიდერი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წელს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მუხლით და მოგვიანებით, მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

ვადიმ რაბინოვიჩს, „ვერხოვნა რადის“ ყოფილ დეპუტატს, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება, 26 ივლისს უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სახელმწიფო ღალატის ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

ალექსანდრ პონომარიოვი კი მოქმედი პარლამენტარია. მას წინა დღით, 25 ივლისს, კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ 21 სექტემბრამდე მიუსაჯა საგამოძიებო იზოლატორში წინასწარი პატიმრობა.

უკრაინელი დეპუტატი რუსული პასპორტით და მისი კავშირები „ეფესბესთან“

უკრაინელ დეპუტატ ალექსანდრ პონომარიოვის საქმიანობით უკრაინის სპეცსამსახურები ერთი წლის წინ დაინტერესდნენ. მაშინ ჯერ კიდევ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი კანონმდებლის ტელეფონში, სპეცსამსახურის გამომძიებლებმა ბერდიანსკში ყოფნის დროს რუსეთის უშიშროების „ეფესბეს“ თანამშრომლებთან მისი მიმოწერა აღმოაჩინეს.

რუსეთის ერთ-ერთ სპეცაგენტთან (კოდური სახელით „ბოგუნი“) კონტაქტების შესახებ 24 ივლისს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტმა „სქემებმაც“ გამოაქვეყნა შესაბამისი გამოძიება და სქრინშოთები.

როგორც ირკვევა, 2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ტელეგრამის ე.წ. ჩათში უკრაინელ დეპუტატს კავშირი ჰქონია რუსეთის „ეფესბეს“ ორ თანამშრომელთან - კოდური სახელებით „ბოგუნი“ და „ლისი“; მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ყირიმსა და ბერდიანსკში შეხვედრების შესახებ, ანგარიშს აბარებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული თავისი საწარმოების მუშაობაზე.

უფრო ადრე, როდესაც „სქემები“ დაინტერესდნენ პონომარიოვის ამ კავშირებით, მან გამომძიებელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნის დროს „ბოგუნი“ და „ლისი“ ცდილობდნენ მის დაყოლიებას სათანამშრომლოდ, მაგრამ მან უარით გაისტუმრა.

მაგრამ სამართალდამცველების მიერ პონომარიოვის ერთ-ერთი ტელეფონში აღმოჩენილი მიმოწერით პონომარიოვი სხვადასხვა დროს თავად სთავაზობდა „ბოგუნს“ და „ლისს“ შეხვედრებს თავისი იმ ჰოლდინგის საქმიანობის გარშემო სასაუბროდ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკურორტო ბიზნესით და რუსეთში გარკვეული ტვირთის ტრანსპორტირებით იყო დაკავებული.

25 ივლისს, პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ტატიანა ოსტაპჩუკმა დააკმაყოფილა უკრაინის მთავარი საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის შუამდგომლობა და უკრაინელ დეპუტატ ალექსანდრ პონომარიოვს 60 დღით, 2023 წლის 21 სექტემბრამდე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა. ამასთან, პონომარიოვს უარი ეთქვა გირაოზე და იგი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პონომარიოვმა სასამართლო დარბაზში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შეთითხნილ, თითიდან გამოწოვილ პოლიტიკურ შეკვეთად მიიჩნევს“.

უკრაინის უშიშროების სამსახურსა და საგამოძიებო სამმართველოში კი აცხადებენ, რომ უკრაინელ დეპუტატზე საკმარისზე მეტი სამხილი აქვთ.

უკრაინელმა ძალოვნებმა დაადგინეს, რომ დეპუტატი, რომელიც მოქმედ რუსულ პასპორტს 2007 წლიდან ფლობს, ომის დასაწყისიდან გადავიდა მტრის მხარეზე და ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე თავისი საწარმოების შესანარჩუნებლად, თანამშრომლობა დაიწყო აგრესორთან.

რაბინოვიჩის საქმე - რუსეთის სასარგებლო პროპაგანდისტული საქმიანობა

ალექსანდრ პონომარიოვის მსგავსად, უკრაინაში აკრძალული პრორუსული პარტიის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“ წევრია უკრაინის ვერხოვნა რადის ყოფილი დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი, რომელსაც წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში 15 წლით პატიმრობა ემუქრება ქონების კონფისკაციით.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ვერსიით, ვადიმ რაბინოვიჩი უკრაინის მოსახლეობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებში „ანტიუკრაინული პროპაგანდისტული ინფორმაციის“ გავრცელებით იყო დაკავებული

„ვადიმ რაბინოვიჩი თავის მრავალრიცხოვან გამოსვლებსა და ინტერვიუებში აკეთებდა საჯარო მანიპულაციურ განცხადებებს, რომლებმაც ზიანი მიაყენეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობას, სახელმწიფო, ეკონომიკურ და ინფორმაციულ უსაფრთხოებას. მისი პროპაგანდისტული საქმიანობა დაეხმარა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სამხედრო და პოლიტიკური მიზნების მიღწევაში და რუსეთის ფედერაციას იდეოლოგიური დახმარება გაუწია უკრაინის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელებაში“, - წერია უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში.

უწყებამ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად (უკრაინის სს კოდექსის მე-11 მუხლი) ცნო ვადიმ რაბინოვიჩი, რომელიც უკრაინაში არ იმყოფება.

რუსეთის ინტერვენციის შემდეგ უკრაინაში აიკრძალა პრორუსული „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისათვის“, ხოლო გასული წლის მაისში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ვერხოვნა რადაში შეწყდა ამავე ფრაქციის საქმიანობა.

ამ პარტიის ლიდერი, ვლადიმირ პუტინის „ნათლიმამად“ წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი დაკავშირებულია ქვანახშირის კონტრაბანდასთან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან. უკრაინის გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოსკოვთან მედვედჩუკის კონტაქტებმა 2014-2015 წლებში ძირი გამოუთხარა ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. 2022 წლის სექტემბერში მედვედჩუკი რუსეთის მიერ მარიუპოლის საბრძოლო მოქმედებებისას ტყვედ აყვანილ „აზოვის“ პოლკის მებრძოლებში გაცვალეს.

„ავგიას თავლის“ გაწმენდა დიდხანს გასტანს

რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე უკრაინელი მოხელეების სიმრავლემ ომის დასაწყისში მძლავრად იჩინა თავი. გასული წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის მუშაობა და 19 ივლისს თანამდებობიდან გადააყენა სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაზე საუბრის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა და უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს.

ბაკანოვის ნაცვლად ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა გენერალი ვასილ მალიუკი, რომლის ხელმძღვანელობით უკრაინაში გახშირდა ოპერაციები აგენტურის აღმოჩენის მიზნით.

„ჩემი აზრით, ახლა აღინიშნება უკრაინის სპეცსამსახურების აქტივიზაციის პროცესი, რომელიც მიმართულია რუსეთის როგორც ძველი, ისე ახალი „გავლენის აგენტების“ გამოვლენისკენ. სამწუხაროდ, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. და დღეში თითო აგენტიც რომ გამოავლინონ, პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა ექსპერტმა ევჰენ მაგდამ, მას შემდეგ, რაც ერთი დღის ინტერვალით უკრაინაში ერთ ყოფილ და ერთ მოქმედ დეპუტატს წაუყენეს სახელმწიფო ღალატის ბრალდება.

„რაბინოვიჩი, როგორც პონომარიოვი, ერთობ საყურადღებო პერსონაჟები არიან. მით უფრო, რომ პონომარიოვი რეალურად თანამშრომლობდა რუს ოკუპანტებთან ზაპოროჟიეს ტერიტორიაზე. რაც შეეხება რაბინოვიჩს, ის დიდი ხანია აღარ იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე. ისევე როგორც ევგენი მურაევი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. ანუ ჯერჯერობით საუბარი შეიძლება მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის აგენტურამ უკრაინის ხელისუფლების სისტემაში მართლაც ძალიან ძლიერ შეაღწია. და მისი გადაკეთება და სწრაფად გადაჭრა, საკმაოდ რთულია. ამასთან, შეიძლება პოზიტიურად შევაფასოთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ცდილობენ, გარკვეულწილად, დაამყარონ წესრიგი და იპოვონ ახალი სვლები, რათა დაუბრუნონ სამართლიანობის რწმენა უკრაინის მოსახლეობას. მაგრამ ამ „ავგიას თავლის“ გაწმენდა კიდევ დიდხანს გასტანს“ - ამბობს მაგდა.

გასული წლის ივნისში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს რუსეთის საჯაშუშო ქსელი, მასში ჩართული იყო უკრაინელი კანონმდებელი ანდრი დერკაჩი, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს სანქციები ჰქონდა დაწესებული და რომელსაც აშშ-მა ადრე ბრალად დასდო, რომ რუსეთის ჯაშუში იყო.

უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ 25 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, დერკაჩმა შექმნა დაცვის კერძო ფირმების ქსელი, რომელიც დახმარებას უწევდა რუსეთის ქვედანაყოფებს 24 თებერვალს რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის პერიოდში. ის ადრე უარყოფდა ბრალდებებს და აცხადებდა, რომ დევნიან კორუფციის გამო. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ წევრი, ქალაქ სევერსკის საკრებულოს დეპუტატი დააკავა.

SBU-ს ანგარიშის თანახმად, „გასული წლის ოქტომბრიდან ის აგროვებდა სადაზვერვო ცნობებს ბახმუტის რაიონის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების დანაყოფების განლაგების შესახებ. იგი ასევე გადასცემდა ადგილობრივი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და ენერგოგენერაციის საწარმოების კოორდინატებს“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადაზვერვო ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებისთვის გამოიყენეს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს და დააკავეს სახელმწიფო სტრუქტურებში მრავალი წლის მანძილზე ჩანერგილი რუსეთის არაერთი აგენტი, რომლებიც რუსეთს სადაზვერვო ინფორმაციის უწყვეტი ნაკადით ამარაგებდნენ.

დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანგარიშში, მოსკოვის აგენტურა მიჩნეულია იმ „შიდა საფრთხედ“, რომელმაც „შეზღუდა უკრაინის ხელისუფლების შესაძლებლობა, უფრო მოემზადებინა ქვეყანა 2022 წლის ომისთვის“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG