Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკეთ ვიცხოვრებთ თუ არა წელს - მსოფლიო ბანკის პროგნოზი


მსოფლიო ბანკი: წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება - ფოტოილუსტრაცია
მსოფლიო ბანკი: წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება - ფოტოილუსტრაცია

მსოფლიო ბანკი ანგარიშში წერს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ელის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ისე სწრაფად აღარ გაიზრდება, როგორც ბოლო ორი წელიწადი. ბანკი ბოლო ანგარიშში წერს, რომ 2024 წელს საქართველოს 4.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებასთან ერთად შენელდება ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებიც:

“ასევე შემცირდება სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტემპი. ამიტომ ყოველთვის სასურველია ეკონომიკური ზრდა მაღალი იყოს. 2024 წელს მთავრობა 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებს და აქედანაც ჩანს, რომ არ ელოდებიან თუნდაც ისეთი ეკონომიკური ზრდა იყოს, როგორიც 2023 წელს”.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 24.6 მილიარდი დოლარი იყო, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6672 დოლარამდე გაიზარდა. 2023 წლის მონაცემები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა 11 თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 6.9% იყო. ბოლო ორი წელი საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ამას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდა, მათ შორის, პანდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის აღდგენა და რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც რუსეთიდან სხვადასხვა გზით შემოსული თანხა გაიზარდა.

„ომის ეფექტის“ მოტანილი სარგებელი

ეკონომიკა იმ მოცულობით რომ აღარ იზრდება, როგორც წინა წლებში, რუსეთიდან ჩამოსული მიგრანტების და მათ მიერ საქართველოში დახარჯული თუ გადმოგზავნილი თანხის კლებითაც არის გამოწვეული. „ომის ეფექტი“ ქვეყნის ეკონომიკაზე მილევადია. არადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან რეკორდული ორ მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რის გამოც 2022 წელს ფულადმა გზავნილებმა ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია. იგივე მოხდა ტურიზმის შემთხვევაშიც და აქაც რუსეთის მოქალაქეების დახარჯულმა ფულმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს რეკორდულ შემოსავალში. უკრაინის ომის შემდეგ, გაზრდილია „შუა დერეფნის“ მარშრუტით ჩინეთიდან აზერბაიჯანის და შემდეგ საქართველოს გავლით ევროპაში გატარებული ტვირთის მოცულობა. ასევე გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი, ამან თავის მხრივ მთლიანი ექსპორტის რეკორდული ზრდა გამოიწვია.

ქვეყანაში ჩამოსულმა მიგრანტებმა უძრავი ქონების ბაზარიც შეცვალეს - გაიზარდა როგორც გასაყიდი, ისე გასაქირავებელი საცხოვრებლის ფასი. ამას თან ერთვოდა სამომხმარებლო ფასების ზრდა, იგივე ინფლაცია. შარშან ინფლაცია კი შემცირდა, მაგრამ გაძვირებული პროდუქტი უფრო მეტად აღარ გაძვირდა, მაგრამ არც გაიაფებულა.

მიგრანტების გავლენა მუდმივად რომ არ გაგრძელდებოდა, ამას მსოფლიო ბანკი 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც წერდა: “რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაზრდილი ფულადი ნაკადები 2023 წლის მეორე ნახევრიდან შემცირდება, კლება 2024 წელსაც გაგრძელდება”.

მართლაც ასე მოხდა და შარშან მაისიდან რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შემცირდა. ქვეყანაში ასევე შემცირდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაც და ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებიც ადასტურებს: შარშან საქართველო რუსეთის უფრო მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა.

“ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პერიოდი რომ დასრულდა, ეს 2023 წლის მონაცემებიდანაც ჩანს”, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

Georgia -- Beso Namchavadze. TI Georgia . Tbilisi, 12Jul2019
Georgia -- Beso Namchavadze. TI Georgia . Tbilisi, 12Jul2019

ომის გავლენა სრულად მიილია?

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ეკონომისტი ამბობს - არა.

“საქართველოს მთავრობა რომ ამბობს, 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო, ამაში „ომის ეფექტი” კვლავ იგულისხმება. თუმცა იმდენი აღარ იქნება, რაც 2022 წელს იყო, როცა ლამის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ნახევარი ამაზე მოდიოდა. ეს ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა 3 ან 4% ზრდის პროგნოზი გვქონოდა, ანუ ომის გავლენა მაინც რჩება. ყველაფერი ეს ორ ცუდ რამეს აჩვენებს: პირველი ის, რომ რუსეთთან ზედმეტად დაკავშირებული ვართ და მისი ეკონომიკის საჭიროება გვიდგას. მეორეა, რომ სხვა ისეთს ვერაფერს ვაკეთებთ. ქვეყანაში არაფერი კეთდება ისეთი, რითიც მივაღწევდით თუნდაც 5-6%-იან ზრდას”, - ამბობს ნამჩავაძე.

კვლევით ინსტიტუტ Gnomon Wise-ის მკვლევრის ეგნატე შამუგიას თქმით, საქართველოდან წასული რუსი მიგრანტების გავლენა ეკონომიკაზე 2023 წელსაც საგრძნობი გახდა, ეკონომიკური ზრდა შენელდა.

“აქ ჩამოსულ ადამიანებს ფინანსური რესურსი შემოყვათ…და თუ ვამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაზარდეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი, მათი გასვლა შეანელებს ზრდას. ჩვენ ეს ეფექტი ვნახეთ უკვე 2023 წლის ბოლოს. ქართული რეალობისთვის საშუალოზე მდიდარი ადამიანები იყვნენ და უფრო მეტს მოიხმარდნენ. ამ ადამიანების სულ მცირე მესამედი გავიდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დარჩენილი რუსების მსყიდველუნარიანობა გაუარესდა, რადგან რუბლი ლართან მიმართებით გაუფასურებულია. მიგრანტების შემოსავლები ხომ რუბლთანაა დაკავშირებული, ახლა კი გაუფასურებულია ეს ვალუტა ლართან მიმართებით. პირობითად, თუ 2022 წლის დასაწყისში 100 რუბლით შეეძლოთ 5.2 ლარის ყიდვა, 2023 წლის ბოლოს ამ ფასად 3 ლარის ყიდვაა შესაძლებელი.

ომის შემდეგ მხოლოდ საქართველო არ იყო გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდით, იგივე ვითარება იყო სომხეთშიც. უბრალოდ ამ ორ ქვეყანას შორის განსხვავება ის არის, რომ აქ პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს მათი გონივრული პოლიტიკის შედეგი იყო, რაც ტყუილია. სომხეთში კი ამბობდნენ, რომ რუსეთიდან მიღებული მიგრანტების შედეგი იყო”, - ამბობს შამუგია.

Georgia - Egnate Shamugia.
Georgia - Egnate Shamugia.

5%-იანი ეკონომიკური ზრდა ბევრია თუ ცოტა?

„ძალიან დაბალია“ საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის, ამბობს ეგნატე შამუგია და ხსნის:

“აი, მაგალითად, თუ შარშან თვეში საშუალოდ 1000 ლარი მქონდა და ამ თანხით საჭმელს ვჭამდი, კალათბურთს ვთამაშობდი და ა.შ., წელს თუ მექნება 1050 ლარი, ამით ჩემი მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება?!. მარტივად ამას ნიშნავს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა”, - ამბობს ის.

ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ინფლაცია. ინფლაცია იგივე ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირებაა. ამიტომ დაბალი ინფლაციის შენარჩუნება, რაც რეალურად ფასების სტაბილურობას გულისხმობს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა. ინფლაციის დაბალ დონედ ცენტრალური ბანკი 3%-ს მიიჩნევს.

ბოლო წლებში ინფლაციის ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა. თუმცა ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ფასების დონე ამ ნიშნულის მახლობლად უნდა დარჩეს. მსოფლიო ბანკი კი საქართველოში წელს 2.5%-იან ინფლაციას ელოდება. მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია წელს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ეცდება ხელისუფლებაში დარჩენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG