Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თელავში ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არის რამე გასაკეთებელი?...“ - სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს


ქეთევან შეყრილაძე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებულ სახურავზე, თელავში
ქეთევან შეყრილაძე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებულ სახურავზე, თელავში

თელავში სტიქიის შედეგად სახურავგადახდილ კორპუსებში მცხოვრები ათობით ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. წინასაახალწლოდ, 28 დეკემბერს, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში სახურავი 230 შენობას გადახადა.

მათ შორის მრავალსართულიან კორპუსებს კავკასიონის ქუჩაზე. თითქმის ერთი თვეა, ეს შენობები სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების მოთხოვნით, იანვრის დასაწყისში მერიის სამსახურებმა საერთო საცხოვრებლებს ტენტი გადააფარეს, თუმცა ქარმა დროებითი გადახურვა გადაფარებიდან მალევე მოგლიჯა. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ წვიმა და თოვლი საცხოვრებლებს ყოველდღე ანადგურებს. ზიანდება ჭერი, იატაკი, კედლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაზარალებულთა შორისაა ქეთევან შეყრილაძე. ის სახურავგადახდილ კორპუსში ბოლო, მეხუთე სართულზე ცხოვრობს.

„წყალი რომ ჩამოდიოდა, სამაშველო ჯგუფიც გამოვიძახეთ. ავიდნენ სახურავზე. რა გააკეთეს, არ ვიცი, წყალი ისევ ჩამოდის. როგორ შეიძლება ასე?! ერთი თვეა კორპუსს სახურავი არ აქვს. იმასაც არ გვეუბნებიან, საერთოდ გაკეთდება თუ არა. მე არ მესმის, თელავში ახლა ამაზე მნიშვნელოვანი რა არის გასაკეთებელი, რომ ყურადღებას არ გვაქცევენ...“ - კითხულობს დაზარალებული ქეთევან შეყრილაძე.

საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული სახურავით
საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული სახურავით

სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა დააზარალა მისი მეზობელი ნათელა მაგომედოვაც.

„სადაც წყალი არ ჩამოდის, საწოლს იქ გადავდგამთ ხოლმე, აბა, რა გავაკეთოთ? როცა წვიმს, სულ ამ დღეში ვართ. მერიიდან იყვნენ მოსულები და მხოლოდ ის გვითხრეს, ტენდერის გამოცხადებას უნდა დაელოდოთო. როდის გამოცხადდება, არ უთქვამთ“.

ხელისუფლებას სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს ადგილობრივი ოპოზიციაც. საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბადურ რევაზიშვილი ამბობს, რომ იმ სახლებში, სადაც წყალი ჩამოდის, ცხოვრება შეუძლებელია.

რატომ ვერ მოხერხდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში გადახდილი სახურავების აღდგენა?

თელავის მერიაში კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ.

საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული სახურავით
საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებული სახურავით

მერი ლევან ანდრიაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ხარჯთაღრიცხვა მომზადდა და ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამარჯვებული კომპანია შეასრულებს სამუშაოებს. მერი ვერ აკონკრეტებს, რა ვადაში გადაიხურება გადახდილი სახურავები.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თელავის მერიამ დაახლოებით 19 000 ლარი გადაიხადა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში.

სახურავების აღსადგენად კი 3 580 500 ლარია საჭირო, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თელავში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ თუ გადახდილ სახურავებს დროულად არ აღადგენენ, შესაძლოა მერიასთან საპროტესტო აქციები გამართონ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG