Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რას მოასწავებს პანდემია დემოკრატიისა და ევროკავშირისთვის?


ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ევროპის ბევრმა ქვეყანამ შეზღუდვის სხვადასხვა ზომა შემოიღო. ზოგიერთი სახელმწიფო - მაგალითადб ჰოლანდია და ფინეთი - კვლავ ყოველდღიურ რეკომენდაციებსა და მოქალაქეთა მოხალისეობრივ მოქმედებას ეყრდნობა, მათი იძულების ნაცვლად. ევროპის მედია მსჯელობს, რა უფრო ეფექტიანია და რა გამოარჩევს დემოკრატიას დიქტატორული სისტემისგან საგანგებო ვითარების პირობებში. ამავე დროს, ვირუსმა თითქოს მთელი ევროპული პროექტი გააჩერა - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ხურავენ საზღვრებს, მოქალაქეებს უზღუდავენ თავისუფლებებს. ჟურნალისტების ნაწილი შიშობს, რომ ამ ვითარებით კიდევ უფრო მეტად მოითბობენ ხელს პოპულისტი პოლიტიკოსები, თუმცა მედიაში ნაკლებად პესიმისტური ხმებიც ისმის.

ჰოლანდიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის NRC Handelsblad-ი 24 მარტს აქვეყნებს თავისი კომენტატორის, ტომ-იან მეუსის, წერილს, რომელშიც ის ჰოლანდიას ასახელებს ჩინეთისგან რადიკალურად განსხვავებულ მისაბაძ მაგალითად: ჩვენი პოლიტიკოსები სტიმულატორები არიან. მათ სურთ კარგ ქცევას გაუწიონ სტიმულირება და არასწორ ქცევას ებრძოლონ. ... მთელ მსოფლიოში კორონის კრიზისი მთავრობების ხელმძღვანელებს ალიბის უქმნის ავტორიტარული მმართველობის განხორციელებისა და რეპრესიებისთვის, ჩინეთის მოდელზე დარყდნობით. ... ჰოლანდია არის კორონავირუსის კრიზისის ანტიჩინეთი. და რატომაც არ უნდა იყოს? თუკი ამ პატარა ქვეყანას, თავისი მკაცრი სამუშაო ეთიკით და შრომის მაღალი პროდუქტიულობით, შეუძლია მსოფლიოს აჩვენოს, რომ კრიზისთან ბრძოლა დიქტატორული საშუალებების გარეშეც შესაძლებელია, ეს ნამდვილად არ არის მინუსი დღევანდელ დღეს“.

გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოსო, ასკვნის ფინეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Helsingin Sanomat-ი 24 მარტს: სამინისტროების განცხადება, რომ შეიძლება ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს, შეგვიძლია აღვიქვათ მოწოდებად მოქალაქეების მიმართ. მთავარი მესიჯი ისაა, რომ ფინელებს შეუძლიათ თავად და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ნაკლებად იმოძრაონ გარეთ. თუ ეს არ მოხდება და სხვა ზომებიც არ იმუშავებს, მაშინ, შესაძლოა, შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. ... საგანგებო მდგომარეობის დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესი კონცენტრირებული უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალაუფლებამ ერთ ხელში უნდა მოიყაროს თავი. ვირუსის გავრცელების აღკვეთის ძალა ძალიან დეცენტრალიზებულია. ეს ძალა ნებისმიერი ფინელის ხელშია. გადამწყვეტი იქნება თქვენი ნაბიჯები, თუკი მათ მანამდე გადადგამთ, სანამ ამას თქვენს ნაცვლად მთავრობა თუ პოლიტიკოსები გააკეთებენ“.

ესპანეთში მოქმედი მემარცხენე ორიენტაციის ინტერნეტგამოცემა eldiario.es 23 მარტს იმის შესახებ აქვეყნებს წერილს, თუ რატომ არ მიაჩნია პეკინი მისაბაძ მაგალითად კორონავირუსთან ბრძოლაში: განუწყვეტლივ ნუ იმეორებთ იმას, რომ ჩინეთის სუპერმკაცრი სისტემა ყველაზე ეფექტიანია Covid-19-ის გასაჩერებლად. იმით დავიწყოთ, რომ რეჟიმს, რომელიც ადამიანებს სამუშაო კვირის დროს ალკოჰოლის მიღების ან ქუჩის უწესოდ გადაჭრისთვის სჯის, დაავიწყდა აეკრძალა ბაზრები, სადაც ეგზოტიკურ ცოცხალ ცხოველებს ყიდდნენ - გრიპის A ტიპის ვირუსისა და SARS-ის მათი გამოცდილების მიუხედავად. ... ტოტალიტარიზმის ეფექტიანობა, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს, არასოდესაა მიმართული მოქალაქეთა დაცვაზე. მას რეჟიმის გადარჩენა აინტერესებს“.

სლოვენიაში გამომავალი ნეიტრალური პოლიტიკური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა Večer აქვეყნებს პიარტექნოლოგიების ექსპერტის, ბარტოლო ლამპრეტის, წერილს, რომელშიც ის მედიისა და მოქალაქეების სიფხიზლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს: წარმოდგენა აღარ გვაქვს, სხვა რა ხდება ირგვლივ, რადგან ახალი ამბები თითქმის სრულად გადაფარული აქვს ახალ კორონავირუსს. მაგრამ ამაში მხოლოდ ჩვენს მედიას ვერ დავადანაშაულებთ: ეს მთელ ევროკავშირში ასე ხდება. მთელი მედია ინფორმაციას ერთი და იმავე სამი საინფორმაციო სააგენტოსგან იღებს. დემოკრატია იზღუდება, მოსახლეობა ღატაკდება და მკაცრი ნეოლიბერალიზმი იკიდებს ფეხს. ამის გამო, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია დავრჩეთ მშვიდები, ვიფიქროთ რაციონალურად და არ დავუჯეროთ ყველა პოსტს, რომელიც სოციალურ ქსელებში შეგვხვდება. ... მედია დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახლა, როცა ჩვენი ფიქრები პანდემიის თემითაა მოცული, მისი მოვალეობა, პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულად დატოვოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Spectator-ი 22 მარტის ნომერში ევროკავშირის ეგზისტენციალურ კრიზისად მიიჩნევს ისეთი ფუნდამენტური პრინციპების გაუქმებას, როგორიცაა ღია საზღვრები, გადაადგილების თავისუფლება და სტაბილურობის ხელშეკრულება: „ეპიდემიის მიერ ევროპული პროექტისთვის მოტანილი ზიანის კიდევ ერთი მაგალითია ევროპული სოლიდარობის რღვევა. ეს კონცეფცია თავიდანვე არ ყოფილა სრულყოფილი და ახლა, კრიზისის პირობებში, ეს სოლიდარობა ცალკეული სახელმწიფოების რეფლექსების ქვეშ ექცევა. ... აშკარაა, რომ ამ კრიზისში ევროპის სისუსტე ევროპის გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს შემატებს საარჩევნო ძალას. იტალიის მატეო სალვინიმაც და საფრანგეთის მარინ ლე პენმაც გასულ კვირაში მწვავედ გააკრიტიკეს ბრიუსელი, რადგან ის უარს აცხადებდა ვირუსის შესაჩერებლად შენგენის შეთანხმების მოხსნაზე. ... ამ პოლიტიკოსებისთვის საჩუქარია ევროპის ბევრი ფუნდამენტური პრინციპის იძულებითი გაუქმება. ბრიუსელს გაუჭირდება ამ ჯინის ისევ ბოთლში მოთავსება“.

პოლონეთში გამომავალი კათოლიკური ორიენტაციის Tygodnik Powszechny 23 მარტის ნომერში არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პანდემია ევროპულ პროექტს დაშლის: „თუკი ამჟამინდელი კრიზისიდან ევროკავშირის მომავლის შესახებ ერთი დასკვნა მაინც შეგვიძლია გამოვიტანოთ, ის შემდეგია: ევროპაში გვესაჭიროება ახალი პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს, ერთი მხრივ, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროკავშირის ინსტიტუტებისგან და, მეორე მხრივ, ეროვნული ინსტიტუტებისგან. თუ ნავარაუდევი ეკონომიკური კოლაფსი მართლაც მოხდება, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრჩებით იმედგაცრუებულნი იმით, რომ ევროკავშირის შესახებ ჩვენი ნარატივი არ ემთხვევა რეალურად არსებულ ევროკავშირს. მაგრამ დისონანსის ეს განცდა მაინც ყოველთვის უფრო მცირე იქნება, ვიდრე ის, რასაც ჩინელები ან რუსები გრძნობენ, როცა თავ-თავიანთ ეროვნულ ნარატივებს უსმენენ ხოლმე“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG