Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს - რას ამბობენ სოხუმსა და ცხინვალში?


ნიკოლ ფაშინიანმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დე ფაქტო მთავრობები გაანაწყენა
ნიკოლ ფაშინიანმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დე ფაქტო მთავრობები გაანაწყენა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ნათქვამს, რომ სომხეთი „ერთმნიშვნელოვნად და სრულად“ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მწვავედ შეხვდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სოხუმელმა ლიდერებმა ფაშინიანს შეახსენეს, რომ „აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“.

დე ფაქტო ლიდერების კრიტიკა მისდევს რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიაში დადგენილ ხაზს, რომლის თანახმადაც, სომხეთის ხელისუფლება „დასავლეთის გავლენით“ ოპერირებს, საკუთარი ხალხის უფლებებს ვერ იცავს და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დაცლა თავისივე „დამსახურებაა“.

მარტივად აგიხსნით:

  • რას ამბობენ ახლა აფხაზეთსა და ცხინვალში, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებები მთიან ყარაბაღს მოკავშირედ აღიქვამდნენ?
  • რატომ დაუჭირა ფაშინიანმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ხაზი და რას ნიშნავს ეს?

„საკუთარ ხალხს უღალატა“

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შაბათს, 25 ნოემბერს, ფაშინიანი საკუთარი ერის ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხალხს არ აინტერესებს მისი აზრი“.

მან ხაზი გაავლო სომეხ ხალხსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის და განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ სომეხ ხალხს, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ გვაინტერესებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრი, რომელმაც მთიანი ყარაბაღი მძიმე მდგომარეობაში დატოვა“.

ალან გაგლოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი
ალან გაგლოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

გაგლოევმა თქვა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა „უღალატა საკუთარ ხალხს, რომლებიც დახმარებას სომხეთისგან ელოდნენ, ვერ იპოვა საკუთარ თავში გამბედაობა, ეღიარებინა არცახის დამოუკიდებლობა და ჩვენ არ გვაინტერესებს ასეთი პოლიტიკოსების აზრი“.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დღეს სამხრეთი ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აღიარებულია რუსეთის ფედერაციის და რიგი სხვა ქვეყნების მიერ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“.

„აფხაზეთში 42 000 სომეხი ცხოვრობს“

კიდევ უფრო მკაცრი იყო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა შეახსენა:

„აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს სომეხ ხალხს, რომელთაგანაც ზოგიერთმა წარსული ტრაგიკული მოვლენებისგან ხსნა სწორედ აფხაზეთში ჰპოვა. დღეს აფხაზეთში სომხური თემი წარმოდგენილია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას სახელმწიფო მხარს უჭერს, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები თავისუფლად ფუნქციონირებს“.

ნიკოლ ფაშინიანს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ოთხმა წევრმაც შეახსენა, რომ „აფხაზეთში 42 ათასი სომეხი ცხოვრობს“.

დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა, აშოტ მინოსიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა, ერიკ რშტუნიმ და ლევონ გალუსტიანმა საერთო განცხადებაში „ცინიკური“ უწოდეს ფაშინიანის ნათქვამს:

„ცინიკურია არა იმიტომ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არავითარი კავშირი არ აქვს სუვერენულ საქართველოსთან, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ერევანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ არცახი სომხეთია და არ დაუშვებს აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე შეჭრას. სამწუხაროდ, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ სომხეთის ხელისუფლება ექვემდებარება კონიუნქტურას და ადვილად ცვლის პოზიციებს, მათ შორის ყველა სომხისთვის ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიცაა არცახის სახელმწიფოს არსებობა“.

ბჟანიას განცხადებით, „აფხაზეთში სომხებს აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის დაშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გასახლების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ“.

ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი
ასლან ბჟანია, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ბჟანია კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ „ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის შედეგი იყო თავად სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

იმავეს ამბობს ოთხი დე ფაქტო პარლამენტარი 26 ნოემბრის საერთო განცხადებაში: „მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან არცახის რესპუბლიკის გაქრობის ფაქტი მთლიანად ოფიციალური ერევნის "დამსახურებაა", რომელმაც ყველაფერი გააკეთა სუვერენული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მშენებლობის იდეის შესაჩერებლად“.

  • ეს განცხადებები იმეორებს რუსეთის ხელისუფლების ნარატივს, რომლის თანახმადაც, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები „სომხეთის ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარების შედეგია“.
  • მოსკოვში ასე პასუხობენ ერევნის ბრალდებას ყარაბაღში ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვისა და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

26 ნოემბერს განცხადებაში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებული კიდევ ერთი გზავნილი გაიმეორა: სომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „დასავლეთის გავლენით“ აკეთებს ასეთ განცხადებებსო.

„მოვუწოდებთ სომხეთის ხელმძღვანელობას, შეეშვას ასეთ რიტორიკას“, - თქვა მან.

ირიბი აღიარება?

ასლან ბჟანიამ, როდესაც საქართველოსა და სომხეთს აკრიტიკებდა, წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთი და საქართველო, „აფხაზეთისგან განსხვავებით“, საკუთარ ტერიტორიებს სრულად ვერ აკონტროლებენ, - რითაც, თავის მხრივ, კრიტიკა დაიმსახურა ოპოზიციისგან.

„ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, "ერთიანობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატია" [ეს სიტყვები ფაშინიანმა გამოიყენა] ყველაზე შესაფერისი მახასიათებელია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, რომელიც აკონტროლებს მთელ თავის ტერიტორიას, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებულია რუსეთის ფედერაციისა და რიგი ქვეყნების მიერ“, - წერია ბჟანიას განცხადებაში, რასაც მოსდევს წინადადება:

„ვერც სომხეთი და ვერც საქართველო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს, ყველა აღნიშნულ მახასიათებელს ვერ აკმაყოფილებენ“.

ეს აფხაზურ საზოგადოებაშიც შენიშნეს.

აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“, რომელიც საქართველოსადმი რადიკალური და გამორჩეულად აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, ტელეგრამის არხზე გააზიარა აფხაზურ არხებზე გავრცელებული უკმაყოფილება.

„ველით განმარტებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან“, - განაცხადა „არუაამ“ და აღნიშნა, რომ საქართველო თავის ტერიტორიებად თვლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ბჟანიამ კი თავის განცხადებაში ახსენა, რომ საქართველო თავის გარკვეულ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, რითაც ფაქტობრივად საქართველოს ნაწილად აღიარა ისინიო.

ფაშინიანის სიტყვა: რა იყო ახალი?

პარასკევს, 24 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მრავალსაათიან პრესკონფერენციაზე, პირდაპირ ეთერში, ქართველმა სომეხმა, ანდრანიკ კარსლიანმა ჰკითხა, მზად არის თუ არა სომხეთი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.

პასუხად სომხეთის პრემიერმა გაიხსენა რეზოლუციები, რომლებსაც საქართველო მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე.

ეს რეზოლუციები ადასტურებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გაეროში ამ საკითხის კენჭისყრაში სომხეთის მონაწილეობა 2019 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებულია და ამის გამო საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ საჯაროდ უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გამოხატული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და განაცხადა:

„ჩვენი პოზიცია ასეთია: ერთმნიშვნელოვნად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“.

2019 წლამდე სომხეთი ხმას აძლევდა გაეროს ამ რეზოლუციების წინააღმდეგ, ხოლო 2019 წლიდან ოფიციალური ერევანი კენჭისყრაში აღარ მონაწილეობს.

მიზეზი, რის გამოც სომხეთი წლების განმავლობაში არ უჭერდა მხარს მსგავს რეზოლუციებს, მთიანი ყარაბაღის საკითხი და რუსეთთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო.

ყარაბაღის საკითხი - ადრე და ახლა

ყარაბაღი, რომელიც საერთაშორისო სამართლის თანახმად აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა, ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული ეთნიკურად სომხურ ძალებს. დე ფაქტო „არცახის რესპუბლიკის“ საყრდენი სწორედ ერევანი იყო, - მოსკოვთან ერთად.

ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად მოვიდა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრიორიტეტად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა გამოაცხადა.

თუმცა თავდაპირველად ყარაბაღთან დაკავშირებით ისეთივე რიტორიკა ჰქონდა, როგორც წინა მთავრობებს. 2019 წელს, როდესაც ის მთიან ყარაბაღში ქალაქ შუშას/შუშს ეწვია, განაცხადა, რომ „ყარაბაღი სომხეთია და წერტილი“.

იმ გამოსვლისას სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი შეკრებილ ადგილობრივებთან ერთად სკანდირებდა: „მიაცუმ!“. ეს სიტყვა გაერთიანებას ნიშნავს და არის ნაციონალისტური სლოგანი, რომელიც 1980-იანი წლებიდან გახდა პოპულარული სომეხთა შორის. ფაშინიანის ამ გამოსვლამ განარისხა აზერბაიჯანი.

ფაშინიანის შუშაში/შუშში ვიზიტიდან ერთ წელიწადში, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ვრცელ ნაწილზე, მათ შორის ქალაქ შუშაზე/შუშზე და ყარაბაღის გარშემო შვიდ ოკუპირებულ რაიონზე.

„რაო, ფაშინიან?!.. ყარაბაღი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, - მიმართა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნიკოლ ფაშინიანს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომს მოჰყვა გაწელილი მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, უკრაინის ომის ფონზე რუსეთის როლის შესუსტება და მისი ურთიერთობების გაფუჭება სომხეთთან, ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტის ბლოკადა და სასაზღვრო შეტაკებები.

2023 წლის მაისში, დასავლურ დედაქალაქებში მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის ფონზე, პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, ოფიციალურად აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, თუკი ბაქო იმავეს გააკეთებს და სანაცვლოდ პირობას დადებს, რომ დაცული იქნება ადგილობრივი სომხების უფლებები, რასაც საერთაშორისო მექანიზმების ზედამხედველობა უზრუნველყოფს.

დაძაბულობამ კულმინაციას 2023 წლის სექტემბერში მიაღწია, როდესაც აზერბაიჯანმა ერთდღიანი შეტევის შემდეგ გამოაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „არცახის რესპუბლიკის დაშლის“ შესახებ ბრძანებას.

ყარაბაღი ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან დაიცალა - იძულებით გადაადგილება 100 000-ზე მეტ სომეხს მოუწია.

ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები, - რომლის ცენტრალური საკითხი „დერეფნები“ და საზღვრების დელიმიტაციაა, - ჩიხშია შესული.

მორიგი სიგნალი რუსეთსა და დასავლეთს

სომხეთი, როგორც ფაშინიანმაც აღნიშნა, მისი პრემიერობის დაწყებიდან მალევე წინა მთავრობებისგან განსხვავებულად ეპყრობოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

მაგრამ ფაშინიანის 24 ნოემბრის განცხადება მაინც ახალი ელემენტია სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში და რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას აირეკლავს.

2022 წლის 22 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე, როდესაც მოსკოვმა დონბასის „აღიარების“ გადაწყვეტილება მიიღო, სოხუმი, ცხინვალი და სტეფანაკერტი - დე ფაქტო დედაქალაქები - სიხარულით შეხვდნენ. ამჟამად მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა აღარ არსებობს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, - და, მასთან ერთად, დამოუკიდებლობის და დემოკრატიის მხარდაჭერით, - ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, - ნიკოლ ფაშინიანი სიგნალს უგზავნის:

  1. რუსეთს - რომ ერევანი მოსკოვის გარშემო შეკრულ კლუბში აქტიური მოთამაშე და მისი პოლიტიკური მოკავშირე აღარაა, - მიუხედავად ეკონომიკური დამოკიდებულებისა;
  2. დასავლელ პარტნიორებს - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, - რომ სომხეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, საზღვრების ურღვეობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სურვილს, იყოს დასავლური პოლიტიკური სივრცის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნაწილი;
  3. საქართველოს - რომ ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობებით კიდევ უფრო შეუწყოს ხელი სავაჭრო-ეკონომიკურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, - რადგან საქართველო, სანქციებით დასუსტებული ირანის გარდა, ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც სომხეთს საზღვრები გახსნილი აქვს.
XS
SM
MD
LG