Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ასახლებდნენ რუსეთში ქართველ უფლისწულებს


1803 წლის 19 აპრილს, დედოფალმა მარიამმა საძინებელში შევარდნილ რუს გენერალს ხანჯალი ჩაარტყა - ფოტოილუსტრაცია
1803 წლის 19 აპრილს, დედოფალმა მარიამმა საძინებელში შევარდნილ რუს გენერალს ხანჯალი ჩაარტყა - ფოტოილუსტრაცია

1803 წლის 19 აპრილს თბილისში, დარეჯანის სასახლეში საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამმა საძინებელში შევარდნილ რუს გენერალს ხანჯალი ჩაარტყა და ადგილზევე გაათავა.

ორიოდე წლით ადრე მეფის რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მეფის ოჯახის წევრების გადასახლებას მიჰყო ხელი, ქართველებს მხოლოდ ერთი მონარქი უნდა ჰყოლოდათ - რუსეთის იმპერატორი.

ქართლ-კახეთის ბოლო მეფე გიორგი მეთორმეტე 1800 წელს, 53 წლისა გარდაიცვალა, მეფე ავადმყოფობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ბაგრატიონების მემატიანე პლატონ იოსელიანი წერს, რომ ბოლოს აბანოშიც კი ტახტრევნით მიჰყავდათო.

გიორგი XII
გიორგი XII

მეფის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, 1810 წელს გაუქმდა იმერეთის სამეფოც.

„როდესაც სიონში ქართლ-კახეთის სამეფოს გაქმების შესახებ ბრძანება გამოაცხადეს, ქართველი თავადაზნაურობის ნაწილმა რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი არ დადო. მათ ალყა გაარღვიეს (სიონი რუსული ჯარით იყო გარშემორტყმული), კახეთში წავიდნენ და იქ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების აღდგენა მოითხოვეს, კერძოდ იმის, რომ ქართლ-კახეთის სამეფო საშინაო საკითხებში დამოუკიდებელი ყოფილიყო“, - ჰყვება ისტორიკოსი ნიკო ჯავახიშვილი.

ციციშვილი და ციციანოვი

Ნიკო ჯავახიშვილი ამბობს, რომ ერეკლე მეორეს სამი ცოლისგან 28 შვილი ჰყავდა, გიორგი მეთორმეტეს ორი ქორწინებიდან - 23. მართალია, იმ დროისთვის, ბევრი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ტახტის პრეტენდენტი საკმარისზე მეტი რჩებოდა.

ერეკლე II
ერეკლე II

პროტესტი კარგა ხანი არ წყდებოდა. აჯანყებებს ხშირად ბატონიშვილები ედგნენ სათავეში. ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ამის გამო ალექსანდრე პირველმა გენერალ პავლე ციციანოვს, რომელიც გარუსებული ქართველი იყო, ტახტის მემკვიდრეების თავიდან მოშორება დაავალა.

„ციციანოვი ალექსანდრე პირველს წერდა, ეს ასპიტების მოდგმა თუ არ მოვიშორეთ, ისე ვითარება არ ჩაწყნარდებაო. სწორედ მან დაიწყო გადასახლებების სერია. არა მხოლოდ ქართლ-კახეთის, იმერელი ბატონიშვილებიც გადაასახლეს. ერთადერთი, ვინც თავს უშველა და ირანში გაიქცა, ალექსანდრე იყო, ერეკლე მეორეს ვაჟი, - ამბობს დიმიტრი შველიძე, - გადაასახლეს დარეჯან დედოფალიც, ერეკლე მეორის მეუღლე. ის იმპერატორს სწერდა, ერთი მოხუცი ქალი ვარ, დამტოვეო, მაგრამ... გადასახლებისას თბილისიდან გასული, სოფლებში რომ ჩერდებოდნენ, ავადმყოფობას იმიზეზებდა, რომ წასვლის პროცესი გაეჯანჯლებინა“.

გიორგი მეთორმეტის მეუღლეს მარიამ ციციშვილს რამდენჯერმე შეუთვალეს, საქართველოდან წასულიყო. დედოფალი უარზე იყო. 1803 წლის 19 აპრილს გენერალი პავლე ლაზარევი მას სასახლეში მიადგა.

„აქაც სხვადასხვა ცნობებია. ერთი ვერსიით, დედოფალი საწოლზე იჯდა და ბავშვებს, ჯიბრაელ და თამარ ბატონიშვილებს უვლიდა. მეორე ცნობით, იწვა. ძალიან ადრე, დილის 6-7 საათი იყო. ხელი რომ მოკიდა ლაზარევმა და წამოყენება სცადა, დედოფალმა შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გენერალს ხანჯალი ჩასცა. საბნის ქვეშ ან ტანსაცმელში ჰქონდა დამალული. გენერალი კარებამდე მივიდა, იქ ჩაიკეცა და მოკვდა.

მეორე ვერსიით, ოთახში ასევე იმყოფებოდა ან მერე შევიდა თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი და გენერალიც სწორედ მან მოკლა, რის შემდეგაც აივნიდან გადახტა და ახალციხეში გაიქცა.

ისტორიული წყაროები უფრო პირველ ვერსიას ემხრობიან“, - ამბობს დიმიტრი შველიძე.

მარიამ ციციშვილი მაინც გადაასახლეს, რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა. დასაჯეს თუ არა ლაზარევის მკვლელობისთვის, ეს უკვე ცნობილი არ არის. მოგვიანებით ის იმპერატორმა შეიწყალა და ნება დართო ქალაქში ეცხოვრა. გარდაცვალების შემდეგ დედოფლის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით სვეტიცხოველში დაკრძალეს.

ნიკო ჯავახიშვილი წერს, რომ გაცილებით ადრე, 1806 წელს ბაქოს აღებისას ღალატით მოკლეს გენერალი ციციანოვი. Მისი თავი კი აზერბაიჯანის ბეგლარბეგს აბას-მირზას გაუგზავნეს.

დავითი, რომელიც მეფე უნდა გამხდარიყო

მაქსიმა „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“ საქართველოს შემთხვევაში არ გამართლდა. გიორგი მეთორმეტის სიკვდილის შემდეგ, ქართლ-კახეთის ტახტზე, წესით, მისი უფროსი შვილი დავითი უნდა ასულიყო.

„დედაქალაქის საზოგადოება შეიკრიბა და შესთავაზა კიდეც მეფობა, თუმცა მან ვერ გაბედა. ის რომ მაშინვე ეკურთხებინათ მეფედ, რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება უფრო გაუჭირდებოდა და ეს პროცესი დროში გაიწელებოდა, - ამბობს დიმიტრი შველიძე, - დავითი განათლებული ახალგაზრდა იყო, ფრანგი განმანათლებლის მოტრფიალე. პლატონ იოსელიანი იხსენებს, რომ კაბინეტში ვოლტერის სურათი ეკიდა, რომელიც ერთხელ გიორგი მეთორმეტემ ჩამოუგდო და და ფეხით გაუთელა. მეფეს ვოლტერი მწვალებლად მიაჩნდა“.

დავითი, სხვა ბატონიშვილების მსგავსად, რუსეთში გადაასახლეს. გადასახლებულები უცხო მიწაზე ცუდად არ ცხოვრობდნენ. მათ სათანადო პატივით ეპყრობოდნენ, ჰქონდათ ხელფასები და პენსიები, სასახლეები, მსახურებიც ჰყავდათ. ბევრი სამხედრო სამსახურში შევიდა და გენერალიც გახდა. ერთადერთი აკრძალვა ჰქონდათ - სამშობლოში დაბრუნება არ შეეძლოთ.

გრიგოლ I

საქართველოში პროტესტი არ ცხრებოდა. 1812 წელს კახეთში დიდი აჯანყება დაიწყო. აჯანყებულებმა მეფედ და წინამძღოლად, საქართველოში სასწაულად შემორჩენილი ბატონიშვილი - გრიგოლი მიიწვიეს.

გრიგოლ ბაგრატიონი, ერეკლეს შვილთაშვილი და გიორგი მეთორმეტის შვილიშვილი იყო, იოანე ბატონიშვილის ვაჟი. დედა წერეთლის ქალი ჰყავდა და თავს იმერეთს აფარებდა.

ნიკო ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში საქართველოს ბოლო მეფე სწორედ გრიგოლ პირველია და არა გიორგი მეთორმეტე, რადგან აჯანყებულებმა ის მეფედ აღიარეს. ფილიპ პაულიჩი, რომელიც რუსეთის იმპერატორმა 1811 წელს საქართველოს „მთავარსარდლად“ დანიშნა, რუსეთის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ რუმიანცევს წერს, კახელებმა გრიგორი მეფედ გამოაცხადესო.

„ლეგიტიმიზმის კანონებიდან გამომდინარე, გრიგოლი ისედაც იყო ტახტის მემკვიდრე. ამ დროს უფლისწული დავითი გადასახლებაშია, დავითს შვილი არ ჰყავს. რიგით მეორე მემკვიდრე იოანე ბატონიშვილიც გადასახლებულია და გრიგოლი კი მისი ერთადერთი ვაჟია.

ის ორ კვირაზე მეტი მეფობდა. თბილისზეც აპირებდა თავდასხმას, მაგრამ ამასობაში რუსებს მაშველი ძალა ჩამოუვიდათ. ერთი დღეც რომ ყოფილიყო, მაინც კანონიერი მეფეა“, - ამბობს ნიკო ჯავახიშვილი.

საბოლოოდ გრიგოლი რუსეთში მაინც გადაასახლეს. თბილისიდან მგზავრობაში გრიგოლს თარჯიმნად თავადი მელიტონ ბარათაშვილი ახლდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა. რუსეთში გრიგოლთან დარჩენის უფლება იმპერიამ არ დართო.

ნიკო ჯავახიშვილი წერს, რომ საქართველოს დატოვების შემდეგ, გრიგოლი ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ის ქართული კოლონიის წევრი გახდა. იგი ჩამოყალიბდა, როგორც მწერალი და მწიგნობარი, რომელიც მშობლიურთან ერთად ფლობდა: რუსულ, ფრანგულ, არაბულ, სპარსულ და სომხურ ენებს.

გარდაიცვალა 1830 წლის 22 სექტემბერს, 41 წლისა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში. იქვეა დაკრძალული გრიგოლის მამაც - იოანე ბატონიშვილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG