Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაისურით ვარ, ჩანთა და აპარატურა ბორტზე დამატოვებინეს“ - რას ჰყვებიან მობრუნებული თვითმფრინავის მგზავრები


14 თებერვალს, ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან, აეროპორტში იმიტომ დაბრუნდა, რომ ავიაკომპანიას ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ აცნობეს - ბორტზე 148 მგზავრი იყო - მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტიც.

12.45 წუთზე ქუთაისის აეროპორტიდან ბარსელონისკენ მიმავალმა მგზავრებმა შემოწმება დაუბრკოლებლად გაიარეს - პასპორტის კონტროლი, ჩხრეკა, საბუთების შემოწმება და თვითმფრინავში ავიდნენ. კაპიტანმა გამოაცხადა, რომ 4 საათი და 40 წუთი დასჭირდებოდა ბარსელონამდე ფრენას და საჰაერო ხომალდი, რომელიც სანახევროდ იყო სავსე, ჰაერში დროულად აფრინდა.

„გამიხარდა კიდეც, რადგან ნახევრად ცარიელი იყო თვითმფრინავი და თავისუფლად ვიქნებოდი“, - გვიყვება რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ფოტოგრაფი დათო ქორიძე.

აფრენიდან დაახლოებით 8 წუთში („საათს რომ დავხედე, 12:53 სთ იყო), კაპიტანმა ჯერ ინგლისურად და მერე ქართულად გამოაცხადა, რომ ტექნიკური შემოწმების მიზნით უკან ბრუნდებოდნენ და მგზავრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.
flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, ბორტი შავი ზღვის თავზე იყო, როცა მიმართულების შეცვლა მოუწია.

თავიდან ყველა მშვიდად იყო, მაგრამ მერე დაძაბულობა მაინც გაჩნდა.

„ზოგი პირჯვარს იწერდა, თუმცა პანიკა არ ამტყდარა“.

როგორც კი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა, ბორტგამცილებლებმა გამოაცხადეს, რომ მგზავრებს სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ თვითმფრინავი ისე, რომ ხელბარგი არ აეღოთ.

ამ განცხადებამ ხალხი ცოტა გააკვირვა და შიშიც მაშინ გაჩნდა - თუ ეს მხოლოდ ტექნიკური შემოწმება იყო, ბარგს რატომ გვატოვებინებდნენ?

ზოგიერთმა მგზავრმა ზურგჩანთას მაინც წაავლო ხელი, რასაც სტიუარდესების მკაცრი გაფრთხილება მოჰყვა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ელოდნენ ტრაპს, თუმცა ამასობაში ბორტგამცილებელმა საავარიო გასასვლელი გახსნა.

„მანდ მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა, თუმცა ბომბის არსებობა თავში არ მოგვსვლია“, - გვიყვება დათო ქორიძე.

ფანჯრებიდან დაინახეს, რომ სახანძრო და პოლიცია უახლოვდებოდათ. მალე თვითმფრინავიდან ყველა მგზავრი ჩავიდა, ავტობუსში ჩასხეს და დაახლოებით 200 მეტრით მოაშორეს იქაურობას. მგზავრები ამბობდნენ, რომ ვიღაცამ კვამლის სუნი იგრძნო, ვიღაცა ამბობდა, რომ თითქოს ბენზინის სუნი იდგა.

Wizz Air-ის თვითმფრინავის სალონი ევაკუაციის დროს. 14 თებერვალი, 2024 წ.
Wizz Air-ის თვითმფრინავის სალონი ევაკუაციის დროს. 14 თებერვალი, 2024 წ.

„მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია“, - ამბობს დათო ქორიძე.

მალე Wizz Air-ის შეტყობინებაც მიიღეს, რომ 2 საათზე გაფრინდებოდნენ. შემდეგ გაფრენის დრო ორჯერ შეიცვალა - ბოლო მესიჯის მიხედვით, ქუთაისიდან ბარსელონისკენ რეისი საღამოს 7 საათზე უნდა გაფრინდეს.

მგზავრები მშვიდად მანამ იყვნენ, სანამ ქუთაისის აეროპორტის განცხადება არ გავრცელდა, რომ შესაძლოა, ბორტზე ბომბი ყოფილიყო.

„ამ ამბავმა ყველა ააღელვა. ქალები ტიროდნენ“.

ამის შემდეგ ყველანი ისევ გაჩხრიკეს.

„მე მაისურით ვარ გამოსული. პასპორტი და ფული ავიღე მხოლოდ. ქურთუკი, ჩანთა, აპარატურა ყველაფერი თვითმფრინავშია“, - ამბობს დათო ქორიძე.

ქუთაისი-ბარსელონის უკან დაბრუნებული რეისის მგზავრები ელოდებიან შემდგომ მითითებას
ქუთაისი-ბარსელონის უკან დაბრუნებული რეისის მგზავრები ელოდებიან შემდგომ მითითებას

ჯერჯერობით ყველა მოლოდინის რეჟიმშია. როდის შესრულდება რეისი - ჯერ არავინ იცის და მგზავრები განახლებულ ცნობებს აეროპორტში ელოდებიან.

დათო ქორიძე ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე სხვა მგზავრსაც გაესაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი, ქეთუთა ხალვაში ამბობს, რომ მაინც აპირებს ბარსელონაში გაფრენას, რადგან ეს მოგზაურობა მას და მის მეგობრებს დიდი ხანია ჰქონდათ დაგეგმილი.

ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით და განმარტა, რომ უკან დაბრუნების მიზეზი გახდა ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია „ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისი-ბარსელონის რეისის უკან დაბრუნებული თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც მგზავრების ევაკუაცია მოხდა
ქუთაისი-ბარსელონის რეისის უკან დაბრუნებული თვითმფრინავი მას შემდეგ, რაც მგზავრების ევაკუაცია მოხდა

ჯერჯერობით უცნობია, როდის შესრულდება ქუთაისი- ბარსელონის რეისი.

მომხდარის შესახებ დამატებითი განმარტება არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაუკეთებია და არც შსს-ს.

აეროპორტის ცხელ ხაზზე დაყრდნობით, მომხდარის გამო, დაგვიანებით გაფრინდება თვითმფინავები ქუთაისის აეროპორტიდან გერმანიაში - ჰამბურგსა და მემინგემში.

ბოლო ინფორმაციით, ქუთაისიდან ბარსელონის მიმართულებით რეისის შესრულება იგეგმება თითქმის 6 საათის დაგვიანებით, 19:00 საათზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG