Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტში სანახავი კინემატოგრაფიული სიგიჟე


ბრიტანელი რეჟისორის კენ რასელის 1975 წელს გადაღებული ფილმი, როკოპერა, ტომი (Tommy, 1975)
ბრიტანელი რეჟისორის კენ რასელის 1975 წელს გადაღებული ფილმი, როკოპერა, ტომი (Tommy, 1975)

მარტი კინოს მოყვარულებისთვის როჯერ დოლტრის იუბილეთი დაიწყო - ინგლისელ მუსიკოსს, როკჯგუფ Who-ს დამაარსებელს 80 წელი შეუსრულდა.

„ტომი“ (1975, დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი კენ რასელი)

„რატომ კინოს მოყვარულთათვის?“ - იკითხავენ ალბათ ისინი, ვისაც არ ახსოვს ან, უბრალოდ, არ უნახავს როჯერ დოლტრი გასული საუკუნის 70-იანი წლების ორ მუსიკალურ შედევრში, კენ რასელის ფილმებში „ტომი“ და „ლისტომანია“. დღეს, როცა ბიოგრაფიულ ფილმებზე მოდამ მთელი ჰოლივუდი წალეკა, როცა ერთიმეორის მიყოლებით გამოდის არცთუ ისე ხარისხიანი ბიოპიკები (განსაკუთრებით მუსიკოსებზე), ვფიქრობ, დროა ის გენიოსი გავიხსენოთ, ვისაც ეყო გაბედულობა, კერპებისთვის ძეგლი კი არ დაედგა, არამედ კვარცხლბეკიდან ჩამოეგდო და, შესაბამისად, ადამიანობა დაებრუნებინა მათთვის.

ასეთი იყო ბრიტანელი რეჟისორი კენ რასელი. მე თუ მკითხავ, იმის ფუძემდებელი, რასაც ჩვენ „მუსიკალურ კლიპს“ ვუწოდებთ - კაცი, იდეალური სმენით და იდეალური თვალით, განუმეორებელი ინგლისური იუმორით და ფანტაზიით. სწორედ კენ რასელმა დაინახა Who-ს სოლისტში, ამ ვერცხლისწყალივით ბიჭში, მის ხმაში, მის პლასტიკაში, მის ხმაურიან სტილში, პროვოკაციის სიყვარულში თავისი მუზა, ის, რასაც აქამდე გამუდმებით ეძებდა.

1975 წელი ბედნიერი აღმოჩნდა დოლტრის ბიოგრაფიაში. ამ წელს გამოდის მისი მეორე სტუდიური ალბომი Ride a Rock Horse , ყველაზე წარმატებული მუსიკოსის კარიერაში. და ამ წელსვე, ზედიზედ შედგება კინოპრემიერები ჯერ ფილმისა „ტომი“, შემდეგ კი „ლისტომანიისა“. და თუკი ფერენც ლისტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია ცოტა არ იყოს სცოდავს სწორხაზოვნებით (ფილმი აგებულია ლისტის და ვაგნერის დაპირისპირებაზე), ხოლო ლისტის წარმოდგენა „სუპერვარსკვლავად“ მეტისმეტად სცილდება ისტორიულ სინამდვილეს, „ტომი“ (ერთ-ერთი პირველი როკოპერა კინოს ისტორიაში), შეიძლება ითქვას, ეპოქის მუსიკალური პორტრეტია.

საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე კენ რასელმა აღიარა, რომ ვერ იტანს როკმუსიკას, მაგრამ The Who-ს როკოპერამ (ალბომი 1969 წელს გამოვიდა) მოხიბლა შინაარსით და იდეით. „მესიის თემისთვის დიდი ხანია ვეძებდი სიუჟეტსო“, - განაცხადა კენ რასელმა. ვფიქრობ, ფილმზე მუშაობის დროს როკმუსიკისადმი მისი დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვლებოდა, რადგანაც არა მარტო როჯერ დოლტრი მოუხდა კენ რასელის სტილისტიკას… თავად მუსიკამ მისცა მას საშუალება, გადაეღო კინო-ჰალუცინაცია.

თუკი The Who-ს ალბომი გიყვართ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მუსიკა კენ რასელის ფილმში მნიშვნელოვნადაა ადაპტირებული. კენ რასელის ნამუშევარი არ არის მუსიკალური „პირველწყაროს“ მექანიკური ინტერპრეტაცია კინოს ენაზე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთი ჟანრის ფილმებში. მუსიკის ცოცხალი შესრულების, იმპროვიზაციის შთაბეჭდილება „ტომის“ ფინალამდე შენარჩუნებულია. თანაც, კენ რასელმა ფილმს „ბონუსიც“ დაურთო, მოიწვია იმ პერიოდის ვარსკვლავები - ტინა ტერნერი, ერიკ კლაპტონი, ელტონ ჯონი, ჯეკ ნიკოლსონი, რითაც კიდევ უფრო გააძლიერა მუსიკალურ-ვიზუალური სიჭრელე, დამახასიათებელი მისი კინოსთვის.

როკმუსიკაზე კი თქვა, არ მიყვარსო, მაგრამ კენ რასელი კლასიკურ მუსიკასაც თითქოს მელომანების და ინტელექტუალების გასაღიზიანებლად ამუშავებდა. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ოპერაშიც მოსინჯა ძალები და დადგა ბოიტოს ოპერა „მეფისტოფელი“, რომელშიც სხვათა შორის პაატა ბურჭულაძე მღეროდა. რასელმა კლასიკური ოპერის მოქმედება სამზარეულოში გადაიტანა, მტვერსასრუტებით და სარეცხი მანქანებით. სხვაგვარად არ შეეძლო - კიტჩი მისი სტიქია იყო. პოპკულტურის სახეებით რასელი ქმნიდა ფსიქოდელიურ სანახაობას, რომელშიც ფეტიშებად ქცეული მოხმარების საგნები კარგავდნენ თავიანთ ფუნქციას, ხოლო პოპკულტურის მიერ გაკერპებული პერსონაჟები ემსგავსებოდნენ ჯვარცმულ მესიას, სასაცილოს და ტრაგიკულს ერთდროულად.

ტომი, როჯერ დოლტრის შესრულებით, კენ რასელის ფილმში ყრუვდება, მუნჯდება, ბრმავდება და ბოლოს... მესიად იქცევა. მას ჰყავს დეპრესიული და შეშლილი დედა (ენ მარგარეტი) და ველური მამინაცვალი (ოლივერ რიდი). ძალადობის სამყაროდან თავის დაღწევა შესაძლებელი ხდება „ჯადოსნური ექიმის“ დახმარებით, თუმცა პოპვარსკვლავად ქცეულ ტომის ცხოვრებაში ახალი განსაცდელი ელის - მან უნდა გაამართლოს როლი, რომელიც ხალხმა მიანიჭა - გადაიქცეს ახალი ეპოქის იესო ქრისტედ.

სტუდიურ ალბომს და კენ რასელის ფილმს ერთმანეთისგან ექვსი წელი აშორებს. შეიძლება ეს არაა დიდი დრო, მაგრამ ჰიპების მოძრაობისთვის მთელი ეპოქის დასაწყისი და დასასრულია. თუკი სტუდიური ალბომის გამოშვება ამ მოძრაობის განსაკუთრებულ პოპულარობას დაემთხვა, კენ რასელის ფილმის პრემიერამ ახალგაზრდული ილუზიების მსხვრევის, ინფანტილური იმედების გაწბილების ფონზე ჩაიარა. „ტომი“ გადაიქცა ახალგაზრდული სუბკულტურის სევდიან ისტორიად, რომელშიც ჟანრები არეულია, თხრობა გადაფარული რეაქტიული სახეებით და „ატრაქციონებით“, სარეკლამო რგოლების ენით, ხოლო ადამიანი თავად ემსგავსება მომხმარებლური საზოგადოების ფეტიშს, რომელიც შეიძლება კარგად გამოიყენო და მერე მოისროლო, როგორც გატეხილი სათამაშო.

„ჩაიკოვსკით დავიწყე. იგი პირველი კომპოზიტორი იყო, ვის შესახებაც ფილმი გადავიღე. ნერვიული შეტევა მქონდა და რადიოს ვუსმენდი, სადაც საოცარი მუსიკა გაისმა. აღმოჩნდა, რომ ჩაიკოვსკის უკრავდნენ. ამის მერე კლასიკურ მუსიკას გამოსახულების გარეშე ვერ ვუსმენ, იმიტომ რომ გამოსახულება ისტორიას გიყვება... ნებისმიერი მუსიკა, რომელსაც ვუსმენ, რაღაც გამოსახულებას მთავაზობს და ის არის ჩემი შთაგონების წყარო“, - იგონებდა კენ რასელი მუსიკოსებზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმებზე საუბრისას.

„ტომის“ წარმატების შემდეგ კენ რასელი გუსტავ მალერის ბიოგრაფიას შეეთამაშა. 80-იანებში კი სიამოვნებით დათანხმდა სწორედ კლიპის ესთეტიკით გადაეღო „ტურანდოტის“ ცნობილი არია „ნესუნ დორმა“. ეს პატარა შედევრი მისი ესთეტიკის დაგვირგვინება იყო.

რაც შეეხება „ტომის“, ფილმი იუტუბზე შეგიძლიათ ნახოთ სრულად:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG