Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გააბრაზა კარასინი?


ორი განცხადება, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლილი რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა, პოლიტიკის ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთის მხრიდან წამოსული მორიგი სიტყვიერი მუქარაა, რომელიც ნაწილობრივი ეკონომიკური ემბარგოს გარდა ჯერ უფრო შორს მიმავალი მუქარის ელემენტებს არ შეიცავს.

რა მოხდა ჟენევაში

„შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მას შემდეგ რაც უშედეგოდ დასრულდა ჟენევაში 2-3 ივლისს მიმდინარე მოლაპარაკებათა მორიგი 48-ე რაუნდი.

რაუნდი ჩაიშალა, მას შემდეგ, როგორც კი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი დადგა, მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა დელეგაციამ მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დატოვეს.

ჟენევაში მიმდინარე რთული რაუნდის ფონი იყო თბილისში 20-21 ივნისს მიმდინარე მოვლენები. საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც მოჰყვა საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჯდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

სწორედ, ის რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ეს მოვლენები და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასება ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დასრულების შემდეგ საყურადღებო გზავნილად აღიქვა პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილმა.

რა თქვა კარასინმა

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები - ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა...მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისზეც ამან იმოქმედა. მეზობელი სახელმწიფოების ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური არ უნდა აძლევდეს თავს ასეთი გამოთქმების უფლებას. ამას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და სიტყვები შევარჩიოთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თბილისში მიმდინარე მოვლენები, „შეუმჩნეველი“ რომ არ დარჩა ეს ცხადყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ 8 ივლისიდან შეწყდეს პირდაპირი ავიამიმოსვლა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, რამაც ტურისტების შემოსვლა უნდა შეამციროს საქართველოში.

გავიხსენოთ, რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა 21 ივნისს მინსკში ვიზიტის დასრულების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა შეაფასა თბილისში მიმდინარე პროცესი და თქვა, რომ „აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა - გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი“.

თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კარასინი, რომელიც რუსეთის პოლიტიკის გამხმოვანებელია გაკვირვებული უფროა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო ვიდრე გაბრაზებული. ეს გაკვირვება გამოწვეულიამოლოდინების გაცრუებით, რასაც სალომე ზურაბიშვილი თავისი მრავალწლიანი რიტორიკით აღძრავდა რუსეთის ფედერაციაში.

„ჩემი აზრით მისთვისაც [გრიგორი კარასინისთვის] მოულოდნელი განცხადება გააკეთა. არ იფიქრა ბევრი რას ამბობდა“,- ამბობს პოლიტიკის ექსპერტი კონსტანტინე შუბითიძე. სალომე ზურაბიშვილის 21 ივნისის განცხადების შეფასებისას, ვინაიდან მისი მოსაზრებით ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების რიტორიკის ფონზე, რომელიც საერთოდ არ შეიცავდა ანტისაოკუპაციო შინაარსს, სალომე ზურაბიშვილს განცხადება ერთადერთი იყო შედარებით მკვეთი შინაარსის გამო. თუმცა, ისიც არ ეწერება თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებების თანმიმდევრობაში.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერით გახდა, ახლა ამ განცხადებით ხელისუფლების პოლიტიკისგან განყენებულ ფიგურად ვერ გამოჩნდება. „მას ამის რესურსი არ აქვს“. კარასინისთვის კი მისი განცხადება იმდენად იყო თვალში საცემი რამდენადაც მისი წინამორბედი პრორუსული შინაარსის განცხადებებისგან განსხვავდებოდა, მისგან „არტირუსულ პოზიციას არავინ ელის“. გაფრთხილებაც სწორედ ამას უკავშირდება.

20-21 ივნისის მოვლენები კარასინის განცხადებაში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად კი ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულმა მოვლენებმა. ამ განცხადების ფონზე გრიგორი კარასინის გამოხმაურებას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივა ომია, მუქარის მორიგ გზავნილად მიიჩნევენ თბილისში. კარასინის თქმით: „ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

„განცხადება, რომ ომია ჟენევის მოლაპარაკების ალტერნატივა ეს არის გადაჭარბებული რუსული რიტორიკა, რაც დაშინებას ემსახურება და ქართულ საზოგადოებაში აფეთქებული ანტირუსული მუხტის ჩახშობას“,- ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტიკის ექსპერტი კონსტანტინე შუბითიძე.

ის არაფერ განსაკუთრებულს არ მოელის, მათ შორის არ ჩანს, რომ რაიმე სახის განსაკუთრებული აგრესია მოჰყვება ამას რუსეთიდან.

„მათ აქვთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, სადაც რესურსების ნაკლებობის გამო პრობლემები აქვთ და დასახულ მიზანს ბოლომდე ვერ აღწევენ, სანქციების ფონზე დაძაბული ურთიერთობები დასავლეთთან. ამიტომ საქართველოსთან დამატებით კონფლიქტი, არ მგონია. მათ ინტერესებში შედიოდეს“.

ყველაზე უარესი სცენარის წარმოდგენის შემთხვევაში, კონსტანტინე შუბითიძე ამბობს „მათ, რომ სერიოზული განზრახვა ჰქონდეთ მაშინ ჯერ წინასწარ მინიმუმ სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ემბარგოს აამოქმედებდნენ. ეს უფრო იმედგაცრუებით გამოწვეული გაფრთხილების მცდელობაა, ვიდრე სხვა რამ“, - აცხადებს ის.

„კარასინის გაბრაზება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი სვლა ნატოში და ევროკავშირში ინტერგრაციისკენ არის სწორი და უპირობო“,- ამბობს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე.

მისი სიტყვებით ჟენევის ფორმატი არასოდეს დასმულა ქართული მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთთან პირისპირ მარტო არ ვდგავართ და ამ ფორმატის საბოტაჟს თავად რუსეთი ახდენს, მერე „უკან გვიბრუნებს თავისი პროპაგანდისტული განცხადებით თითქოს დისვერსიას ვუწყობთ“.

გიორგი მუჩაიძე 20 ივნისის მოვლენეს უბრუნდება და ამბობს, რომ მართლდადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლით რუსეთს საქართველოში ჩაეშალა ჰიბრიდული ომის რაუნდი, გამოჩნდა, რომ ახალი თაობა არ აზროვნებს ისე , როგორ „ქართული ოცნება“, რომლისაც ეშინია რუსეთი არ გააღიზიანოს.

„ახლა რუსეთი აჩვენებს, რომ ის გაბრაზებულია და თავისი გზავნილებით დამატებით დათმობას ითხოვს საქართველოს მთავრობისგან, რომ აიძულოს ისევ დაუბრუნდეს ძველ გზას, ემუქრება ბაზრის ხელახლა დაკეტვით“ - ამბობს მუჩაიძე.

„ძველ გზაში“, გიორგი მუჩაიძე, რუსეთისადმი ლოიალობის შენარჩუნებას გულისხმობს.

ხელისუფლების გამოხმაურება

„მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს, საერთაშორისო ფორმატების გამოყენება მაქსიმალურად კონსტრუქციულად მოხდეს“, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ის იმედოვნებს, რომ თანამდებობის პირების მზაობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო ფორმატები ორი ქვეყნის ურთიერთობას პრაგმატულ და მშვიდობიან ჩარჩოში დააბრუნებს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG