Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი აშშ-ს სთავაზობს, ღაზაში არაბული ქვეყნების სამხედროები განთავსდნენ - მედია


ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეს ინიციატივა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან დახურულ შეხვედრაზე წამოაყენა
ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეს ინიციატივა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან დახურულ შეხვედრაზე წამოაყენა

გამოცემა Axios-ი თავის წყაროებზე - ისრაელის ორ მაღალი თანამდებობის პირზე - დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ახალი ინიციატივა წამოაყენა.

ინიციატივა, გამოცემის წყაროების ცნობითვე, გულისხმობს ღაზის სექტორში მრავალეროვანი სამხედრო ძალის განთავსებას - ძალისა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისრაელისადმი კეთილად განწყობილი არაბული ქვეყნების მიერ.

„ასეთი ნაბიჯი ანკლავში შექმნის სახელისუფლებო უწყებას, რომელიც არ იქნება ჰამასი, და რომელიც მოაგვარებს ისრაელის მზარდ პრობლემას აშშ-სთან, რაც ეხება ღაზაში ჰუმანიტარულ ვითარებას“, - ციტირებს გამოცემა მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც მათ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

ისრაელი საერთაშორისო წნეხის ქვეშაა - მას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ცეცხლი პალესტინელთა წინააღმდეგ, და გააუმჯობესოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. გაერო აცახდებს, რომ ღაზა შიმშილობის ზღვარზეა.

გამოცემა განმარტავს, რომ ისრაელს მიაჩნია, მრავალეროვნული ძალა, რომელსაც არაბული ქვეყნების სამხედროები დააკომპლექტებენ, იქნება ალტერნატივა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასისა, რომელიც ღაზას აკონტროლებს.

წყაროების ცნობით, მინისტრმა გალანტმა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან - სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, - შეხვედრისას აშშ-ს ამ იდეის მხარდაჭერა სთხოვა, თუმცა ამერიკელი სამხედროების განთავსება არ უთხოვია.

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი პალესტინელთა ტერიტორიაზე, ისრაელი სამხრეთ ღაზის დაბომბვას აგრძელებს.

ისრაელური ძალები უტევენ ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰს, რომელიც ღაზის უკანასკნელი ურბანული ცენტრია, რომლის წინააღმდეგაც ისრაელის სახმელეთო ჯარებს ჯერ არ განუხორციელებიათ იერიში.

ისრაელმა ღაზაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჰამასის მეომრების ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის შეჭრის შედეგად დაიღუპა 1200 ადამიანი, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს.

ისრაელის არმიის იერიშს ღაზის სექტორში 32 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სექტორში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა.

XS
SM
MD
LG