Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან


ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში
ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში

ტოდ. დ. რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ანტინარკოტიკულ და სამართალდაცვის საკითხებში 6-8 მარტს სტუმრობდა თბილისს. აქ გამართულ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ე.წ. „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და მის მიმართ აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულება იყო:

რადიო თავისუფლება: თქვენი ვიზიტი ემთხვევა მორიგ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. „უცხოეთის აგენტების“, ქვეყანაში მათი გავლენების რეგულაციის შესახებ კანონპროექტების ინიცირებასთან, რომელიც იწვევს საკმაოდ მძლავრ პროტესტს ქვეყანაში. გუშინ აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც იწყება სიტყვებით: „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან“. მახსოვს არაერთი, საკმაოდ მწვავე კრიზისი საქართველოში, თუმცა არ მინახავს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის ასეთი უარყოფითი შეფასება. როგორც მესმის, ცხადია, კონტექსტს აქვს მნიშვნელობა. როგორ ახსნიდით ასეთ მკვეთრ სახელდებას?

მათ სურთ დაახლოება ევროპასთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობები აშშ-სთან და ზოგადად დასავლეთთან. მათ სურთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მათ ინტერესებს.

ტოდ დ. რობინსონი: ვთვლი, რომ ეს შეკითხვა უმჯობესია დაუსვათ ჩვენს შესანიშნავ ელჩს აქ, ელჩ დეგნანს.

რადიო თავისუფლება: შესაძლოა, ასეა, მაგრამ ის ხომ სახელმწიფოს წარმოადგენს?

ტოდ დ. რობინსონი: ცხადია. რასაკვირველია. თუმცა, ის კონტექსტსაც ფლობს. მან კარგად, ჩემზე უკეთესად იცის ამბის ისტორია, ვიდრე მე. მე კი ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში სრულიად ნათელია რა არის ჩვეულებრივი ქართველების მისწრაფებები და სურვილები. მათ სურთ დაახლოება ევროპასთან, უფრო მჭიდრო ურთიერთობები აშშ-სთან და ზოგადად დასავლეთთან. მათ სურთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მათ ინტერესებს.

ვთვლი, რომ რეაქცია, რომელიც გასულ ღამეს იხილეთ, არავისთვის უნდა იყოს მოულოდნელი, ვინაიდან საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეების ეს სურვილები დიდი ხანია ცნობილია. მათ რაც არ უნდათ, არის: კანონის უზენაესობა, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რაც ხდება რუსეთში, რაც ხდება კრემლში, რაც ხდება პუტინის რეჟიმის პირობებში. მათ სურთ გამჭვირვალობა, მათ სურთ სანდოობა, მათ სურთ მთავრობა, რომელიც მათთვის მუშაობს. ეს კანონპროექტი, რომელიც განიხილება და გავიდა პირველი მოსმენით, არ ემსახურება არც ერთ ამ მიზანს, ჩვეულებრივი ქართველების არც ერთ სურვილს. როცა ასე ხდება, ისინი ხმას იღებენ, როგორც ეს წუხელ მოხდა.

მათ პირადად განვუცხადე: მათი ინტერესი უნდა იყოს ჩვეულებრივი ქართველების ინტერესი და ეს ინტერესი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფება.

რადიო თავისუფლება: რეალურად, საელჩოს გარდა, თქვენც მკაფიოდ განაცხადეთ გუშინ ამავე საკითხზე კომენტირებისას, რომ „ეს კანონი რუსეთის ინტერესს ეფუძნება და არა საქართველოსას“, რომ ის არ არის მართებული საქართველოსთვის და ა.შ.. აგრეთვე განაცხადეთ, რომ გააგრძელებთ მუშაობას „პარტნიორებთან საქართველოს მთავრობაში იმისათვის, რომ უზრუნველყოთ საქმიანობა იმ მიმართულებით, რაც მათი პრიორიტეტია - ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“. გქონდათ შესაძლებლობა ამ ვიზიტის დროს შეხვედროდით საქართველოს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს და გემსჯელათ პრობლემაზე?

ტოდ დ. რობინსონი: ნამდვილად.

რადიო თავისუფლება: შინაარსის გაზიარება თუ შეგიძლიათ?

ტოდ დ. რობინსონი: შევხვდი იუსტიციის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და ეს საკითხი წამოიჭრა ორივე კონტექსტში. ჩემი საჯარო განცხადება იყო იგივე შინაარსის, რაც მე მათ პირადად განვუცხადე: მათი ინტერესი უნდა იყოს ჩვეულებრივი ქართველების ინტერესი და ეს ინტერესი არის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფება. თუკი მათ სურთ ჩვეულებრივი მოქალაქეების სურვილის განხორციელება, სწორედ ამაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებული. ეს უნდა იყოს მათი პრიორიტეტი.

რაც საჯაროდ ვთქვი, ვუთხარი პირადადაც და ვთვლი, რომ ჩემი განცხადებიდან, ელჩ დეგნანის განცხადებიდან და ვაშინგტონში ჩვენი სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებიდან მათთვის საკმაოდ მკაფიოა ჩვენი პოზიცია.

რადიო თავისუფლება: და [რა გიპასუხეს]?..

ტოდ დ. რობინსონი: ალბათ, ისინი იტყვიან, რომ მათი რწმენით, ზუსტად ამას აკეთებენ, მათ შორის ამ კანონითაც და სწორედ ამაში არ ვეთანხმებით და არ ეთანხმებიან ჩვეულებრივი ქართველები.

რადიო თავისუფლება: შეიძლება მეტი ვთქვათ ამ კონკრეტულ საკითხზე დისკუსიისა და კომუნიკაციის პერსპექტივაზე?

ტოდ დ. რობინსონი: ჩვენ არაერთ თემაზე ვისაუბრეთ. ეს არ იყო ერთადერთი. ცხადია, არ ვაპირებ ჩვენი პირისპირ საუბრის დეტალების მოყოლას, მაგრამ ვიტყვი, რომ, რაც საჯაროდ ვთქვი, ვუთხარი პირადადაც და ვთვლი, რომ ჩემი განცხადებიდან, ელჩ დეგნანის განცხადებიდან და ვაშინგტონში ჩვენი სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებიდან მათთვის საკმაოდ მკაფიოა ჩვენი პოზიცია. არის სხვა საკითხები, რომლებზეც ვთვლით, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა, მაგრამ ამ საკითხზე შეუთანხმებლობა გვაქვს.

რადიო თავისუფლება: რა საკითხებია?

ტოდ დ. რობინსონი: ჩვენს პარტნიორებთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას სამართალდაცვასა და უსაფრთხოებაზე. მე აქ ვარ დასასწრებად კონფერენციაზე - „ქალები სამართალდაცვასა და უსაფრთხოებაში“. ძალიან კარგი პარტნიორები გვყავს იუსტიციის სამინისტროში, პოლიციაში. ვატარებთ ტრეინინგს კურიკულუმის შედგენაზე, ვმუშაობთ ტექნიკაზე. შესანიშნავი პარტნიორობა გვაქვს სასაზღვრო პოლიციასთან. ალბათ, გავზრდით მათთან თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე. ასე რომ, საკმარისად არის სფეროები, სადაც ვთვლით, რომ შეგვიძლია ძალიან კარგად თანამშრომლობა. ეს კონკრეტული კანონპროექტი არ შედის ასეთ სფეროებში.

შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ბინზესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის...

რადიო თავისუფლება: საინტერესოა, იყვნენ, თუ არა ქალი პოლიციელები გუშინ იმ სპეციალურ საპოლიციო ძალებში. ვინ იცის?..

მივუბრუნდები აშშ-ის მთავრობის შეფასებებს. თქვენ ახსენეთ ნედ პრაისი. გუშინ მას მოუწია ეპასუხა რამდენიმე შეკითხვისთვის საქართველოს და აქ არსებული ვითარების შესახებ და ერთ-ერთზე პასუხად განაცხადა: „არ ვლაპარაკობ ცალკეულ ინდივიდსა და ჯგუფზე, რომელიც შეიძლება აშშ-ის ან სხვისი სანქციების სამიზნედ იქცეს, თუმცა გაგვაჩნია რიგი ინსტრუმენტებისა ჩვენს მარაგში, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას პასუხი ვაგებინოთ ნებისმიერს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ადამიანის უნივერსალური უფლების განხორციელების ჩახშობისთვის”. შეგვიძლია უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ამ ინსტრუმენტებზე?

ტოდ დ. რობინსონი: ცხადია. შეგვიძლია გამოვიყენოთ სავიზო შეზღუდვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რიგ შემთხვევაში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ბინზესებსა და ინდივიდებზე ფოკუსირებისთვის, რაც მატებს ეფექტს ინსტრუმენტებსა და სანქციებს, რომელთა გამოყენება შეგვიძლია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. ვთვლი, რომ ნედ პრაისი ძალიან მკაფიო იყო - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რაც გაგვაჩნია იმ აქტორების დევნისთვის, რომლებიც არ მუშაობენ ჩვეულებრივი მოქალაქეების დემოკრატიული ინტერესებისთვის. ამას ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში.

ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე.

რადიო თავისუფლება: შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითი, ქვეყანა სადაც რომელიმე ეს ინსტრუმენტი იყო გამოყენებული?

ტოდ დ. რობინსონი: ცხადია. ჩვენ ახლახან დავასახელეთ უკრაინელები, სერბები. გამუდმებით ვასახელებთ სანქცირებულებად რუს აქტორებს. ამ ინსტრუმენტებს ვიყენებთ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, სინალოას კარტელის და ამ კარტელის ინდივიდუალური წევრების წინააღმდეგ. ასე რომ, დიახ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ გლობალურად ცუდი აქტორების, ანტიდემოკრატიული აქტორების, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დამნაშავეებისთვისა და ნებისმიერის დევნისთვის, ვინც არ უწყობს ხელს და/ან ახშობს ჩვეულებრივი მოქალაქეების უფლებებს.

ჩვენ ამ ინსტრუმენტების გამოყენება შეგვიძლია აგრეთვე იმათი სანქცირებისთვის, ვინც გარკვეული თვალსაზრისით გადაკვეთს ხაზს ადამიანის უფლებებზე. ეს არის საშუალება, რომლითაც შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ, თუკი ასეთი ადამიანები ვერ დასანქცირდებიან ან მათ ვერ წარადგენენ მართლმსაჯულების წინაშე თავიანთ ქვეყნებში, ჩვენ შევძლოთ ამის გაკეთება ქვეყნის გარედან.

რადიო თავისუფლება: თქვენს პასუხში ამბობთ „შეგვიძლია გამოვიყენოთ“, „გამოვიყენებთ“ - რომ დავაზუსტოთ: განიხილება თუ არა აშშ-ის მთავრობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ცალკეული გადაწყვეტილებების გამო საქართველოს რომელიმე მოქალაქის სანქცირების საკითხი?

საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის.

ტოდ დ. რობინსონი: ვერ გავუსწრებ სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თუმცა ვიტყვი, რომ ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელთ არის და მათი გამოყენებისას ვეყრდნობით ინფორმაციას, რომელსაც ვღებულობთ ჩვენი საელჩოებიდან მთელ მსოფლიოში. ცხადია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს საელჩოსთან საქართველოში და ჩვენ ვმუშაობთ როგორც უწყებათაშორისი გუნდი - ესენია ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და როცა ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ყველა უწყებასა და დეპარტამენტს ფედერალურ მთავრობაში, რომლებსაც ერთობლივად შეუძლიათ ამ პაკეტების შედგენა.

რადიო თავისუფლება: გადაეცით თუ არა ეგ გზავნილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს პირისპირ კომუნიკაციისას?

ტოდ დ. რობინსონი: ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობაში არავის უნდა გაუკვირდეს, რომ გაგვაჩნია ეს ინსტრუმენტები და მზად ვართ მათი გამოყენებისთვის.

რადიო თავისუფლება: გუშინ პარლამენტის სხდომაზე იმ კანონპროექტის განხილვის ფონზე, მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება პარლამენტის გარშემო. საკმაოდ მალე საგანგებო ტრანსპორტი, ტექნიკა და სპეციალური საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ იმავე ტერიტორიაზე. მალევე გავიგონეთ ხმოვანი გაფრთხილება საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის, რომ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიწყებდნენ გზის გაწმენდას, წესრიგის აღდგენას და ა.შ.. მათ მყისიერად დაიწყეს ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება სრულიად მშვიდობიანი მიტინგის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივნის სტატუსში, თქვენს კომპეტენციაში შედის სამართალდაცვაც. მესმის ვერ შეხვალთ ვითარების დეტალებში, დაგეგმვის ნაწილში და საქართველოში კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ შეგიძლიათ განმარტოთ ზოგადი, საბაზისო წესები, რომლებსაც სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა მისდიონ საპროტესტო აქციის დროს?

ვზრუნავთ, რომ მივწვდეთ უკრაინის გარშემო ქვეყნებს, რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ ამ საშინელი აგრესიის, რუსეთის ძალების ამ მომაკვდინებელი აგრესიის მსხვერპლები, რათა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვდგავართ.

ტოდ დ. რობინსონი: მე არ ვყოფილვარ საპროტესტო აქციაზე და მე ნამდვილად არ ვარ საპოლიციო ღონისძიებების ექსპერტი, თუმცა ვიტყვი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში...

რადიო თავისუფლება: რა მოლოდინი გექნებოდათ, როგორც აშშ-ის მოქალაქეს, სადმე აშშ-ში საპროტესტო აქციაზე რომ ყოფილიყავით?

ტოდ დ. რობინსონი: ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში მექნებოდა მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული უთანხმოება აქვთ თავის მთავრობასთან, მიეცემოდათ მისი გამოხატვის შესაძლებლობა, ვიდრე ამას განახორციელებდნენ არაძალადობრივად და მშვიდობიანად. ეს არის დემოკრატიული მმართველობის საფუძველი და ამიტომაც ნედ პრაისმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ფაქტზე, რომ, ვიდრე საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოხატავენ უთანხმოებას არაძალადობრივი, მშვიდობიანი გზით, მათ უნდა ჰქონდეთ ამისი შესაძლებლობა და უსაფრთხოების რა ძალებიც უნდა იყვნენ ადგილზე წარმოდგენილი, მათ ეს უნდა უზრუნველყონ.

რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა კონკრეტულ პირებზე, რომლებიც პატიმრობაში არიან და რამაც საკმაოდ დიდი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ვგულისხმობ ბატონ სააკაშვილსა და ბატონ გვარამიას. იყო თუ არა წამოჭრილი მათი საკითხი [მთავრობის წარმომადგენლებთან] შეხვედრებზე თუ არ შეხებიხართ?

ტოდ დ. რობინსონი: ეს იყო განსახილველ საკითხებს შორის იმ შეხვედრებზე. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, თუმცა გავიმეორებ, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო საკითხი, რომელსაც უნდა გაეოცებინა ვინმე საქართველოს მთავრობაში. ელჩი დეგნანი მკაფიოდ და მტკიცედ გამოხატავს თვალსაზრისს ამ საკითხზე. ის ჩემი შესანიშნავი კოლეგაა და ამ საკითხში ჩემზე უპირატესია.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება, უფრო ფართო სურათზე გადავალ - რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ცხადია, ეს ომი ცვლის საერთაშორისო კონტექსტს, თუმცა ცვლის თუ არა ის აშშ-ის მიერ ისეთი პარტნიორის აღქმას, როგორიც საქართველოა - როგორც უსაფრთხოების პარტნიორისა რეგიონში?

საქართველო დიდწილად არის სატრანზიტო ქვეყანა ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის სხვა ფორმებისთვისაც.

ტოდ დ. რობინსონი: დიახ და არა. ცხადია, ევროპის შუაგულში ომი შეცვლის ყველაფერს და უკვე შეცვალა ყველაფერი. მხოლოდ ჩემმა ბიურომ გამოყო თითქმის მილიარდი დოლარი უკრაინაში ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად. აგრეთვე ვზრუნავთ, რომ მივწვდეთ უკრაინის გარშემო ქვეყნებს, რომლებიც ასევე შეიძლება იყვნენ ამ საშინელი აგრესიის, რუსეთის ძალების ამ მომაკვდინებელი აგრესიის მსხვერპლები, რათა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვდგავართ. თუკი თავს საფრთხეში გრძნობენ და ჩვენ შეგვიძლია რამის წინასწარ გაკეთება, მათთვის თავდაცვაში დასახმარებლად, მზად ვართ ამისთვის.

რადიო თავისუფლება: ეგ როგორ მუშაობს - რა არის აუცილებელი საქართველოსგან, რომ თანამშრომლობის ეს ნაწილი უფრო ეფექტიანი გახდეს?

ტოდ დ. რობინსონი: უნდა გამოხატონ ინტერესი. უბრალოდ უნდა გვთხოვონ.

რადიო თავისუფლება: აკეთებენ ამას?

ტოდ დ. რობინსონი: უთხოვიათ თუ არა?

რადიო თავისუფლება: დიახ.

ტოდ დ. რობინსონი: ეს მე არ ვიცი. არ ვიცი. თუმცა, რაც ვიცი: აქ გვაქვს შესანიშნავი ოფისი - საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი ოფისი, გვაქვს თავდაცვის ატაშეს ოფისი. ასე რომ, რეგულარული კომუნიკაცია და ჩართულობა გვაქვს საქართველოს მთავრობის მთელ ჯაჭვთან. თავიანთი თხოვნა რომ გაეზიარებინათ, დარწმუნებული ვარ, გამოვეხმაურებოდით.

რადიო თავისუფლება: რაც შეეხება სამართალდაცვისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას...

(მორიგი საპროტესტო მსვლელობის ხმა ისმის ფონად [ქუჩიდან]. ზედიზედ მეორე ინტერვიუს ვწერ ასეთი ხმაურის ფონზე...).

გვსურს ქალებმა იცოდნენ, რომ მათ კაცების მსგავსად, უნდა და შეუძლიათ ისწრაფოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროებში საქმიანობისკენ.

მივუბრუნდები შეკითხვას - როგორ შეიძლება აღიწეროს საქართველო, არ ვიცი, თქვენ როგორ უწოდებთ, მაგრამ ასე ვიტყვი - დანაშაულის მსოფლიო რუკაზე? ვგულისხმობ ორგანიზებულ დანაშაულს: ნარკოტრეფიკინგსა და სხვა სახის ორგანიზებულ დანაშაულს.

ტოდ დ. რობინსონი: ამ თვალსაზრისით, საქართველო დიდწილად არის სატრანზიტო ქვეყანა ნარკოტიკებისა და ტრეფიკინგის სხვა ფორმებისთვისაც - ადამიანების ტრეფიკინგი, სავარაუდოდ ფულის, იარაღის და მსგავსი რაღაცებისთვის. თუმცა, იმის გამო, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს ადგილზე ჩვენს პარტნიორებთან, შეგვიძლია სხვადასხვაგვარად მივუდგეთ საქართველოსთვის დახმარებას, რომ დაიცვას თავისი საზღვრები, თავისი ხალხი, იცოდეს რა და ვინ გადის საქართველოზე. ჩვენ ვასწავლით მათ და ვაძლევთ ინსტრუმენტებს, რომლებიც შესაძლოა მათ გამოადგეთ თავიანთი საქმის შესრულებაში. უნდა ვთქვა, რომ სასაზღვრო პოლიცია და ადგილობრივი პოლიცია ძალიან კარგი პარტნიორები არიან ამ მხრივ.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ აღწეროთ დინამიკა ამ თანამშრომლობისა, შედეგის კუთხით?

ტოდ დ. რობინსონი: დღეს ჩვენი გუნდი ვმსჯელობდით სწორედ ამაზე, რომ იყო ოპერაცია, რომელიც დაიწყო სადღაც ირანში და აშშ-მა მივიღეთ ინფორმაცია კონტრაბანდაზე ირანის ერთი ნაწილიდან, საქართველოს გავლით უკრაინისკენ და ჩვენ მოვახერხეთ გამოგვეყენებინა ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან, საქართველოს ჩათვლით და შედეგად, ამოვიღეთ ეს კონტრაბანდა და მისი გადამტანი ადამიანები დავაკავეთ.

რადიო თავისუფლება: და ერთი შეკითხვაც - ქალებზე პოლიციაში: არსებობს განსზღვრული წილი, რამდენი ქალი უნდა მსახურობდეს სამართალდამცავ უწყებაში და რატომ არის აუცილებელი იქ ქალების ყოფნა?

არ უნდა არსებობდეს არანაირი კარი არც ერთ კარიერაში და არავისთვის, განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მრავალფეროვანია როგორც ეთნიკურად, ისე გენდერულად.

ტოდ დ. რობინსონი: შესანიშნავი შეკითხვაა. პირველზე გიპასუხებთ, რომ არა მგონია, არსებობდეს განსაზღვრული წილი, რაც ამოცანად გვექნებოდა დასახული, მაგრამ გვსურს ქალებმა იცოდნენ, რომ მათ კაცების მსგავსად, უნდა და შეუძლიათ ისწრაფოდნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროებში საქმიანობისკენ. მათ აქვთ ამის უნარები, აქვთ გონიერება და ეს არის კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უნდა იყვნენ ისინი იქ. მრავალწლიანი გამოცდილებისა და პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე, დავადგინეთ, რომ, როცა ქალები მონაწილეობენ სამართალდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში, კარგი რაღაცები ხდება, მაგალითად, დადებითი ცვლილებები ხდება საპატიმრო ადგილებში. იგივე შეიძლება ითქვას საგამოძიებო, საპროკურორო და სასამართლო სფეროებზე.

ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, გქონდეს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ასახავს ქვეყნის მრავალფეროვნებას და მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობაც. ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არის მთელს მსოფლიოში სამართალდაცვასა და უსაფრთხოებაში ქალების წვლილის აღნიშვნა. 20 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფებოდა თბილისში იმისათვის, რომ შექმნან ქალი სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ქალი აქტორების გლობალური ქსელი. ქალებს აქვთ განსაკუთრებული საკითხები, რომლებსაც უნდა გაუმკლავდნენ, ერთ-ერთი ასეთია დისკრიმინაცია, რომელზე სამსჯელოდაც საკუთარი ქსელი ექნებათ, რაც, ვფიქრობთ მართლაც მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

რადიო თავისუფლება: ისეთ დემოკრატიაში, როგორიც საქართველოა, სჭირდება თუ არა წახალისება ქალების მონაწილეობას ამ სისტემაში?

ტოდ დ. რობინსონი: ნამდვილად. ვთვლი, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი კარი არც ერთ კარიერაში და არავისთვის, განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც მრავალფეროვანია როგორც ეთნიკურად, ისე გენდერულად და ვთვლით, რომ თუკი სამართალდაცვასა და უსაფრთხოებაში აისახება ეს მრავალფეროვნება, უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მისი მოქალაქეებისთვის და მისცემს მეტ შესაძლებლობას ქალებს.

რადიო თავისუფლება: გეთანხმებით.

პს ინტერვიუ ჩაწერილია 8 მარტს, ვიდრე "ქართული ოცნება" მის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG