Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ახალ ომზე ალაპარაკდნენ - საფრთხე, რომლისთვისაც მზად არ არიან


ბელგიელი ჯარისკაცები ნატოს სამხედრო წვრთნაზე "რკინის მგელი 2022", ლიეტუვა, 2022 წლის 26 ოქტომბერი
ბელგიელი ჯარისკაცები ნატოს სამხედრო წვრთნაზე "რკინის მგელი 2022", ლიეტუვა, 2022 წლის 26 ოქტომბერი

ბოლო ხანებია, ევროპელი მაღალჩინოსნები რუსეთთან შესაძლო ომზე ალაპარაკდნენ.

ჯერ იყო და, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ ამ ათწლეულის ბოლოს, ევროპა შეიძლება ომის საფრთხის წინაშე აღმოჩნდესო.

მოგვიანებით, განგაშის ზარი შემოჰკრეს შვედეთიდან - შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა თანამოქალაქეებს მომზადებისკენ მოუწოდა და გამოთქვა წუხილი, რომ შვედეთის თავდაცვის სისტემის განახლება საკმარისად სწრაფად არ მიმდინარეობს.

ბოლინს მხარი აუბა შვედეთის არმიის მთავარსარდალმა, მიკაელ ბიდენმა. მისი თქმით, ვითარება „ძალიან სერიოზულია“ და შვედები, ქვეყნის ნატოში შესვლის პარალელურად, ინდივიდუალურ დონეზე ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადონ შესაძლო საფრთხისთვის.

(როდის) იქნება ომი?

სამოქალაქო თავდაცვის მინისტრისა და მთავარსარდლის განცხადებებმა შვედები ისე დააფრთხო, რომ ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაიჩივლეს, სანამ მაღალჩინოსნები ასეთ თემებზე ილაპარაკებენ, უნდა დაუფიქრდნენ, ბავშვებს ეს როგორ მიაწოდონო, - თურმე, ამ განცხადებების შემდეგ მათ ცხელ ხაზზე ომის საფრთხით შეშინებული ბავშვები რეკავდნენ. აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა.

თანამოქალაქეების დამშვიდება შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ამჟამინდელმა ლიდერმა, მაგდალენა ანდერსონმა ითავა, ნაწილობრივ მაინც.

მან თქვა, რომ ვითარება კი სერიოზულია, ოღონდ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ომი კარსაა მომდგარიო.

მოგვიანებით, უკვე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ამავე საკითხზე კიდევ ერთ ინტერვიუში ილაპარაკა და თქვა, რომ ამჟამად რუსეთის ევროპაზე თავდასხმა ნაკლებად მოსალოდნელია.

„მაგრამ ჩვენი ექსპერტები ელიან, რომ აქედან 5-8 წელიწადში, სავარაუდოდ, ეს შესაძლებელი გახდება“, - დასძინა ბორის პისტორიუსმა.

სინამდვილეში, მართლაც არ არის მყისიერი საფრთხე, რომ რუსეთი ახლა ნატოს ქვეყნებთან ომის გაჩაღებას ფიქრობდეს - მას უკრაინაში ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს.

მაშ, რატომ ალაპარაკდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები შესაძლო ომზე და მაინცდამაინც ახლა?

Მოკლე პასუხი ასეთია: მიზანი, უპირველეს ყოვლისა. საზოგადოების გამოღვიძებაა. განცხადებებს საერთო ლაიტმოტივი გასდევს - პოტენციური აგრესიის შემთხვევაში, ევროპული ქვეყნების უმეტესობა საკუთარი ძალით თავის დასაცავად მზად არაა.

ეს ახალი ამბავი სულაც არაა - ევროპის თავდაცვისუუნარობის შესახებ წლებია საუბრობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები. თუმცა ვითარების გამძაფრებას ორი მთავარი მიზეზი აქვს - უკრაინაში მიმდინარე ომი და დონალდ ტრამპი.

აღმოსავლეთის ფრონტი უცვლელია

2019 წელს ბრიტანულმა კვლევითმა ცენტრმა, სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტმა, გამოითვალა, რომ ნატოს ევროპელი წევრების აღმოსავლეთ ფრონტის მხოლოდ საკუთარი ძალებით დასაცავად მინიმუმ $288 მილიარდის (€265 მილიარდი) ინვესტიცია დასჭირდებოდათ.

ევროკომისიის 2022 წლის დათვლით კი, ევროკავშირის ქვეყნებმა 2009-2018 წლებში თავდაცვაზე საჭიროზე €160 მილიარდით ნაკლები დახარჯეს.

Როდის ჰქონდა და როგორ დაკარგა ევროპამ თავდაცვის უნარი? ამ კითხვის პასუხის ძიებას მეორე მსოფლიო ომის დასასრულთან მივყავართ. მაშინ აშშ-მ, ნატოს საშუალებით, „რკინის ფარდის“ დასავლეთით დარჩენილი ქვეყნების დაცვა ითავა, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ომით გაპარტახებულ ქვეყნებს სახსრები რეკონსტრუქციისკენ მიემართათ.

თავდაცვისუნარიანობის პრობლემა ცივი ომის დასრულების შემდეგ გამძაფრდა. ოღონდ ევროპელი პოლიტიკოსები მაშინ პირიქით ხედავდნენ - საბჭოთა საფრთხის გაქრობით შეგულიანებულებმა ჩათვალეს, რომ მათ უსაფრთხოებას ბევრი არაფერი ემუქრებოდა, მით უმეტეს ომი. ამას მომდევნო 30 წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების მკვეთრი შემცირება მოჰყვა, პირველ ყოვლისა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

მაგალითად, შვედეთმა ცივი ომის დასრულების შემდეგ 90%-ით შეკვეცა შეიარაღებული ძალები. თანაც, შვედეთს ევროპული ქვეყნების უმეტესობისგან ის განასხვავებს, რომ ნატოს წევრი ჯერ კიდევ არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ს არ გააჩნია მისი დაცვის ვალდებულება.

სწორედ ნატო და ამერიკის იმედად ყოფნა უქმნიდა ევროპელებს პოტენციური საფრთხისგან დაცულობის შეგრძნებას, სანამ 2016 წელს აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპს არ აირჩევდნენ.

2%

„ჩვენ, ევროპელებმა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ“, - ეს სიტყვები 2017 წლის მაისში, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში, გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა.

„დრო, როცა შეგვეძლო, თავი სხვისთვის მიგვენდო, წარსულს ჩაბარდა. ამას ბოლო დღეებში მივხვდი“, - დასძინა მაშინ მერკელმა. წინა დღეებში მას ტრამპთან არაერთხელ მოუხდა შეხვედრა, ჯერ ნატოს სამიტის, შემდეგ კი დიდი შვიდეულის ფარგლებში.

დონალდ ტრამპი არასდროს მალავდა უკმაყოფილებას იმ ფაქტით, რომ ევროპული ქვეყნები საკუთარ თავდაცვაზე საკმარის ფულს არ ხარჯავდნენ და აშშ-ს კმაყოფაზე იყვნენ.

ნატოს 2014 წლის უელსის სამიტზე ალიანსის წევრებმა დადეს პირობა, რომ ისინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მაინც დახარჯავდნენ. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერი პირობაა, რომელსაც სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ამიტომაც, ნატოს ევროპელი წევრები 2%-იან ნიშნულს ზერელედ უყურებდნენ.

2014-დან 2022 წლამდე ნატოს წევრების უმეტესობამ თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა, მაგრამ 2022 წელს ნატოს 29 ევროპული წევრიდან 23 რჩებოდა 2%-იან ნიშნულს ქვემოთ.

„ტრამპის მთავარი წუხილი ის იყო, რომ [თავდაცვაზე] საკმარისს არ ვხარჯავდით. მართალიც იყო“, - თქვა რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.

მაგრამ როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი არა მხოლოდ წუხდა, არამედ პრეზიდენტობისას ევროპელ პარტნიორებს იმითაც ემუქრებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატოს მე-5 მუხლით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, აშშ მათ არ დაიცავდა.

ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ირწმუნება, რომ სწორედ ეს უთხრა დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, 2020 წლის იანვარში გამართული შეხვედრისას.

რამდენიმე დღეში იგივე ირიბად დაადასტურა თავად ტრამპმაც. მისი თქმით, როცა ევროპელ პარტნიორებს მორიგ ჯერზე შესჩივლა თავდაცვის დაბალ ბიუჯეტზე, მათ ჰკითხეს, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ უარს იტყოდა მათ დაცვაზე.

„ვუთხარი, რომ ზუსტად მაგას ნიშნავს“, - გამოაცხადა ტრამპმა მხარდამჭერების წინაშე რამდენიმე დღის წინ.

ევროპაში ბევრმა ამოისუნთქა, როცა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი დამარცხდა. მაგრამ შეიძლება, მათი შვება დროებითი აღმოჩნდეს - დონალდ ტრამპს წლევანდელ არჩევნებში გამარჯვების კარგი შანსი აქვს. როგორც უკანასკნელი გამოკითხვები აჩვენებს, ის ჯო ბაიდენზე წინაა რამდენიმე ისეთ შტატში, რომლის შედეგიც არჩევნების ბედს განსაზღვრავს.

24.02.2022

მერკელის სიტყვას საქმე არ მოჰყოლია. ევროპული სახელმწიფოების თავდაცვის ბიუჯეტი ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის, ბრიტანეთისა და საბერძნეთის გარდა, ყველა სამიზნე ნიშნულზე ნაკლებს ხარჯავდა, რის გამოც თავდაცვისუნარიანობის ხარვეზები არსად გამქრალა.

შემდეგ კი რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა. მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას მიჩვეულ ევროპელებს ომი საკუთარ საზღვრებთან მიუახლოვდა.

რუსულ აგრესიას ერთიმეორის მიყოლებით მოჰყვა ევროპელი ლიდერების განცხადებები თავდაცვის ხარჯების გაზრდის თაობაზე - ევროკომისიის 2022 წლის მაისის შეფასებით, დაანონსებული ზრდის ჯამი €200 მილიარდს აღწევდა.

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ანგელა მერკელის მემკვიდრის, ოლაფ შოლცის გამოსვლა „დიდი შემობრუნების“ შესახებ, სადაც მან გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის €100 მილიარდით გაზრდა დააანონსა.

ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ პოლიტიკაზე და ნატოს წევრობაზე შეიტანეს განაცხადი.

ამ მცდელობების მიუხედავად, დღეს ევროპა იმაზე ნაკლებად თავდაცვისუნარიანია, ვიდრე 2022 წლის თებერვლამდე. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებამ ევროპული მარაგები დააცარიელა - საფრანგეთმა უკრაინას თავისი ჰაუბიცების მესამედი გადასცა, დანიამ კი - თითქმის მთელი თავისი არტილერია.

ამავდროულად, უკრაინის დახმარების საჭიროებამ არსებული პრობლემები სააშკარაოზე გამოიტანა. მაგალითად, როცა გერმანელებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ მათ მხოლოდ რამდენიმე საათის ან დღის სამყოფი ტყვიები ჰქონდათ მარაგში. გარდა ამისა, მათი 300 ცალი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკიდან, მხოლოდ 130 იყო გამართული.

დანაწევრება

არასაკმარის ინვესტიციებთან ერთად, ევროპულ თავდაცვას მეორე დიდი პრობლემაც აქვს.

„ევროპას 25 „პენტაგონი“ ჰყავს, თითოეული საკუთარი, ეროვნული შესყიდვებით“, - წერენ ევროპული თავდაცვის ექსპერტები, მაქს ბერგმანი და სოფია ბეში ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“.

ევროპის თავდაცვისუნარიანობა, ხარჯვის არსებულ დონეზეც, უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, ცალკეულმა სახელმწიფოებმა მეტად რომ ითანამშრომლონ. რადგანაც ევროკავშირის სახელმწიფოების თავდაცვითი შესყიდვების 80% ეროვნულ დონეზე ხდება, ხშირად შესყიდვები ერთმანეთს იმეორებს, ხვრელები კი ამოუვსებელი რჩება.

ყველაზე მსხვილი ევროპული გაერთიანების, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი, მანფრედ ვებერი, გამოსავალს „თავდაცვის ევროპულ სვეტში ხედავს“. მან ახლახან „პოლიტიკოს“ უთხრა, რომ ევროკავშირს სჭირდება სარაკეტო თავდაცვის სისტემა, „კიბერუსაფრთხოების ფარი“ და ბირთვული ქოლგა, რათა დაცული იყოს ატომური საფრთხისგან.

„ევროკავშირი უნდა მოემზადოს სცენარისთვის, როცა აშშ აღარ დაიცავს კონტინენტს რუსეთისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან“, - ამბობს მანფრედ ვებერი.

სხვა საკითხია, აქედან რა გამოვა. მანფრედ ვებერს და სახალხო პარტიას წინ ევროპული არჩევნები აქვთ, რომლის შემდეგაც ბრიუსელში ძალაუფლება ხელახლა გადანაწილდება მომდევნო ოთხი წლით. ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.

XS
SM
MD
LG