Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დედა ენის" დაბრუნება - სახელმძღვანელო თუ კლასგარეშე საკითხავი?


„დედა ენა“, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელებს დაურიგდებათ დამატებითი სასწავლო რესურსია და შეიძლება ითქვას სასაჩუქრე სახელმძღვანელო, რომლის სასწავლო რესურსად გამოყენების ვალდებულება პედაგოგებს არ აქვთ. იგივე თქვა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა 16 ივლისს.

მისი სიტყვებით, გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნება დამატებითი სასწავლო რესურსი და სკოლა თვითონ გააკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს შორის.

„მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც სკოლებში ისწავლება პირველი კლასიდან და ამას ემატება გოგებაშვილის “დედა ენა”, უბრალოდ ეს არის ახალი სასწავლო რესურსის დამატება. სკოლა უკვე თვითონ აკეთებს არჩევანს არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე, მაგრამ ყველაზე მთავარი რაცაა, ეს არის თავისუფალი არჩევანი სკოლების და იმ პედაგოგების, რომლებიც თვითონ წყვეტენ, რომელი სასწავლო რესურსი გამოიყენონ. თუ ამაში პარალელურად კიდევ გამოიყენებენ გოგებაშვილის „დედა ენას“, ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს“,- თქვა მიხეილ ბატიაშვილმა.

რა პროცესი უძღოდა "დედა ენის" სკოლაში შეტანას.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს დაწყებით საფეხურის ყველა სახელმძღვანელოს განათლების სამინისტრომ 5-წლიანი გრიფი მიანიჭა და არც ერთ ცალკე აღებულ სახელმძღვანელოს გრიფი აღარ უნდა მინიჭებოდა, პარლამენტმა შექმნა საკანონმდებლო საფუძველი ერთ კონკრეტული სახელმძღვანელოსთვის საგამონაკლისო წესით გრიფის მისანიჭებლად.

როგორ შეიქმნა გრიფირების საფუძველი?

გასული წლის ნოემბერში პარლამენტში დეპუტატების ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომელიც გულისხმობდა სახელმწიფოს ვალდებულებას, ჩაერთო, ,დედა ენა” სასწავლო პროცესში, როგორც ქართული საანბანე სახელმძღვანელო. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ინიციატივის მიზანი იყო შეექმნა და უზრუნველეყო „დედა ენისთვის“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნის შესაბამისი „სიცოცხლისუნარიანობის, დოკუმენტირების, კვლევის, იდენტიფიცირებისა და პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული პირობები“.

გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს განათლების სამინისტროს უკვე ჰქონდა გრიფირებული "დედა ენის" ადაპტირებული 4 სახელმძღვანელო.

გასული წლის ნოემბერშივე რადიო თავისუფლებასთან საუბარში დეპუტატი მარიამ ჯაში ამბობდა, რომ გოგებაშვილისეულ "დედა ენას" გრიფი „სტანდარტული წესის მიღმა უნდა მიეღო“. რაც მოხდა კიდეც.

იმისთვის, რომ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მიერ პარლამენტის დეპუტატებისთვის მიწოდებულ იდეას ხორცი შეესხა. პარლამენტმა საკონონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა, მხარდაჭერაც მოიპოვა და განათლების სამინისტროს საკანონდებლო დონეზე დაევალა კომისიის შექმნა. კომისიისა, რომელმაც განიხილა, გადაამუშავა და შექმნა გოგებაშვილისეული, ადაპტირებული „დედა ენა“, გრიფირების სტანდარტული წესის გვერდის ავლით მიიღო გრიფი და სკოლებში ის ახალი სასწავლო წლიდან შევა, როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ სახელმძღვანელოს გრიფი გრიფირების სპეციალური წესით მიანიჭა, რასაც გრიფირების წესის შესახებ კანონის მე-13 მუხლი ადგენს: . სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირება სპეციალური წესით გულისხმობს მინისტრის უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილი გრიფირების ეტაპების გავლის გარეშე სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტისათვის გრიფის მინიჭებაზე.“.

განათლების სამინისტროში პირდაპირ არ ამბობებ, მაგრამ მიანიშნებენ, რომ „დედაენის“ საგამონაკლისო წესით გრიფირების აუცილებლობა არ არსებობდა, თუმცა საყოველთაო პოპულიზმის ფონზე, მაშინ როცა საკანონმდებლო საფუძველი პარლამენტმა შექმნა, განათლების სამინისტრო იძულებული გახდა გოგებაშვილისეული „დედა ენისთვის“ გრიფი საგამონაკლისო წესით მიენიჭებინა.

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება

იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება წლებია გოგებაშვილისეული „დედა ენის“ სკოლებში შეტანას ლობირებს. გოგებაშვილისეულმა „დედა ენამ“ განათლების სამინისტროსგან გრიფი 2009 წელს მიიღო, 2011 წლის გრიფირების კონკურსში კი გრიფი ვეღარ მოიპოვა იმ არგუმენტით, რომ მეთოდოლოგია იყო მოძველებული, იგივე არგუმენტი მოისმინა გამოცემის ინიციატორმა, 2018 წლის გრიფირების წინაც. მაშინ, როგორ იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე, გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, სამინისტროსგან მიიღეს რეკომენდაცია ცვლილებები შეეტანათ სახელმძღვანელოში, თუმცა, მისი თქმით ეს ეწინააღმდეგებოდა გოგებაშვილისეული ​"დედა ენის" პრინციპს.

გიორგი გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ერთადერთ მოტივი იყო დედა ენა სკოლებში დაბრუნებულიყო. მისი თქმით, გოგებაშვილის ავტორობით „დედა ენა“ 1925 წლის შემდეგ აღარ გამოცემულა, ამის შემდეგ გოგებაშვილის მიხედვით საანბანე სახელმძღვანელოები გამოიცემოდა და დღეს სკოლებში არსებული არც ერთ სახელმძღვანელოს „დედა ენა“ არ ჰქვია და მის ავტორად იაკობ გოგებაშვილი არ მოიხსენიება.

„დღემდე გოგებაშვილის დედაენის რედაქტირებული ვარიანტი სკოლებს არ მიეწოდება. 2018 წელს გრიფი განათლების სამინისტრომ მიანიჭა 6 სახელმძღვანელოს, მათ 4 ფაქტობრივად გოგებაშვილის საფუძველზე გაკეთდა, თუმცა არც ერთ მათგანს არ ჰქვია “დედა ენა” და არც ერთ მათგანის ავტორად გოგებაშვილი არ აწერია, ეწერებიან ავტორებად სხვები. ისინი ვინც გადაამუშავეს გოგებაშვილი. დღეს კომისიამ გააკეთა წიგნი რომელსაც ჰქვია „დედა ენა“ შედგენილი იაკობ გოგებაშვილის მიერ და გადაამუშავა სამინისტროს კომისიამ“,- ამბობს გიორგი გოგოლაშვილი.

პირველკლასელთათვის დამატებით რესურსად, გოგებაშვილისეული "დედა ენის" 1912 წლის, ანუ იაკობის სიცოცხლეში გამოცემული უკანასკნელი სახელმძღვანელოს ადაპტაცია მოხდა.

გიორგი გოგოლაშვილის თქმით, სახელმძღვანელოს ადაპტაციაზე 12-კაციანი კომისია მუშაობდა (კომისიის თავმჯდომარე: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მოადგოლე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, დავით თოლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, გიორგი გოგოლაშვილი, გიორგი ალიბეგაშვილი, პედაგოგი მარინე გოგავა, მხარტვარი მანანა მორჩილაძე, დეპუტატები მარიამ ჯაში და ზაზა გაუბუნია) და თითოეული სიტყვა სერიოზული განსჯის საგანი ხდებოდა. სახელმძღვანელო თანამედროვე სალიტერატურო ქართულთან მოვიდა შესაბამისობაში, თუმცა საანბანე სიტყვები არ შეცვლილა.

ვინ და რატომ უწევს ოპონირებას გოგებაშვილისეული "დედა ენის" სკოლებში შეტანას

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" დირექტორი, თინათინ მამულაშვილი რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" განმარტავს, რომ კანონპროექტის ოპონირება არ არის განპირობებული იმით, რომ გამომცემლები იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" წინააღმდეგნი არიან:

"ბუნებრივია, არ ვართ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ წინააღმდეგი. იმასაც ვიტყვი, რომ დაახლოებით ოცი წელია თვითონ გამოვცემთ სახელმძღვანელოს, რომელიც გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზეა შექმნილი. მას ბოლო გრიფირების დროს მიენიჭა გრიფი, ანუ სასკოლო სახელმძღვანელოდ აღიარა განათლების სამინისტრომ. „დედა ენის“ კვალზე ჰქვია და არის „დედა ენის“ მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძნებული".

თინათინ მამულაშვილის თქმით გამომცემლები თვლიან, რომ ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 2018/2019 სასწავლო წლისთვის გრიფირების პროცესში, ცდილობს უპირატესი მდგომარეობის მოპოვებას.

"ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ასევე მონაწილეობდა გრიფირების კონკურსში და ვერ თუ არ მიიღო გრიფი, ცდილობს, რომ შემოვლითი გზით დაიკანონოს „დედაენის“ ავტორობა და შეიტანოს სკოლებში სახელმძღვანელო ისე, რომ გრიფირების პროცესს გვერდი აუაროს. წარსული გამოცდილებით ვიცით, რომ ეს ჯგუფი ყოველთვის ასე ლავირებდა ბაზარზე და ცდილობდა არც თუ სამართლიანი კონკურენციის პირობებში მიეღო მონაწილეობა. ჯგუფი პირდაპირ ცდილობს, რომ, რაკი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას" მიენიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი, ამის საშუალებით დაიკანონოს და ერთგვარი მონოპოლიზება გაუკეთოს "დედაენას".

სოციალურ ქსელები „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებისა და ამ დაბრუნების ოპონენტთა შორის დამოკიდებულებას კარგად ასახავს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი მავნებლობას სჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ", - ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს.

„ენა ყოველდღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!“ ,- წერს ლევან ბერძენიშვილი.

ამავე თემაზე პოლემიკა გაიშალა დეპუტატ სოფიო კილაძის ფეისბუკ პოსტის ქვეშაც:

პედაგოგთა და ლიტერატორთა ნაწილი იაკობ გოგებაშვილის ენის სწავლების მეთოდს, მიუხედავად მისი უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური ღირებულებისა, თანამედროვე ენის სწავლების მიდგომებთან ჩამოშორებულად აფასებს.

„არა იმდენად მეთოდური აცდენაა, რამდენადაც თემატური, ლექსიკურ ფრაზეოლოგიური იმიტომ, რომ ის „დედა ენა“ აბსოლუტურად სხვა სოციალური კულტურული გამოწვევისთვის და მიზნობრივი ჯგუფისთვის იქმნებოდა და ახლა სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. მეეჭვება "დედა ენის" რეკონსტრუქციაზე საუბრისას მხედველობაში ჰქონდეთ ის, რომ წიგნი მორგებული უნდა იყოს დღევანდელი და არა საუკუნისწინა ბავშვის ინტერესებს, ყოფას, მის ლექსიკას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლიტერატორმა ქეთო ნინიძემ.

პედაგოგი ინა იმედაშვილი თავის ბლოგში წერს: "სანამ ბავშვებისთვის რამის შეთავაზებას გადავწყვეტდეთ, უნდა დავფიქრდეთ, რა აინტერესებთ თანამედროვე ბავშვებს? რის გაგების და შეცნობის სურვილი აიძულებთ მათ, მოიკრიბონ ათას რამეზე გაფანტული ყურადღება და ჭიანჭველებივით შავი და პატარა ასოების ამოკითხვა დაიწყონ? მათთვის ძალიან საჭირო, აუცილებელ და საყვარელ თამაშს როგორ მოვწყვიტოთ, როგორ დავახარჯინოთ ძვირფასი დრო კითხვაზე? ან როგორ ვასწავლოთ, როგორ მოვაყოლოთ ამბავი ისე, რომ საკუთარი სურვილით და არა ვალდებულების გამო მოყვნენ და ისწავლონ?"

"დედა ენის" "დაბრუნების" ინიციატორის პოზიცია

„მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს კოლეგასთან, მარიამ ჯაშთან ერთად მოვამზადე კანონპროექტი, რომელმაც კანონად ქცევის შემდეგ შექმნა სამართლებრივი გარანტიები „დედა ენის“ ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში - სკოლებში დაბრუნებისთვის“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ვარიანში, სადაც ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ზაზა გაბუნიას სიტყვებით, ასე დასრულდა საკმაოდ რთული პროცესი, რომელსაც „ძალიან დიდი სახალხო მხარდაჭერა, მაგრამ წინააღმდეგობაც ახლდა“.

სახალხო წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ჭიდილის მიუხედავად 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში მისულდაახლოებით 55 ათას პირველკლასელს მერხზე საჩუქარად „დედა ენა“ დახვდება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება განათლების სამინისტროს ტენდერი და რომელი გამომცემლობა დასტამბავს "დედა ენის" იაკობ გოგებაშვილისეული გამოცემის ადაპტირებულ ვერსიას..

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG