Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 დათქმიდან 7 არ შესრულდა - პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, მიიჩნევენ არასამთავრობოები


ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან 2 ნაწილობრივ შესრულდა, 7 შეუსრულებელია.
ევროკავშირის 9 ნაბიჯიდან 2 ნაწილობრივ შესრულდა, 7 შეუსრულებელია.

9 დათქმა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის გასაღებია. ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები კი მინიმალურ პროგრესს აჩვენებს. პრობლემების სათავეში მოექცა „აგენტების კანონი“, რომელიც 9 დათქმიდან მინიმუმ ორს ეწინააღმდეგება.

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ხუთი თვის თავზე, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა სახელწოდებით „სტატუსმეტრი“ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება 9 ნაბიჯის შესასრულებლად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს, მთავრობის რეფორმები კი ფასადურია.

„სტატუსმეტრის“ თანახმად, 9-დან 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; უმნიშვნელო პროგრესია ორი მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრასა და კორუფციასთან ბრძოლას გულისხმობს.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით მომზადებული ანგარიში პირველი დოკუმენტია, რომელიც აანალიზებს, სადაა ქვეყანა ევრორეკომენდაციების შესრულების გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.

შუალედური კვლევა გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდს მოიცავს. აპრილში ინიციირებული „აგენტების კანონი“ ანგარიშში ვერ მოხვდა, თუმცა კვლევის პრეზენტაციაზე მთავარი თემა იყო.

12 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი დაესწრო
12 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი დაესწრო

„ეს კანონპროექტი, არათუ რუსულია თავისი შინაარსით და სულისკვეთებით, არამედ, შესაძლოა, პირდაპირ რუსეთის დავალებაცაა... ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არა მხოლოდ 9 ნაბიჯს აყენებს კითხვის ქვეშ, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციასაც“, - თქვა „ღია საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა“ ქეთი ხუციშვილმა.

„აგენტების კანონი“ 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ ორს: დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეწინააღმდეგება. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ მომდევნო ანგარიშებში ეს კანონი კიდევ უფრო დააზიანებს ისედაც უმნიშვნელო პროგრესს. გააუარესებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მინიმალურად გაუმჯობესებულ მაჩვენებელსაც.

სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი
სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი

„საგარეო პოლიტიკის თანხვედრაზე რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებულად მივიჩნიეთ, რადგან [შარშანდელი] ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში ეს თანხვედრა 43%-დან 57%-მდე გაიზარდა. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ამ თანხვედრაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კანონის მიხედვით ევროკავშირი მტრადაა გამოცხადებული“, - განმარტავს სერგი კაპანაძე.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ზოგი კი სრულიად ახალია.

ახალ დათქმებს შორისაა:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა.
  • საქართველოს მიერ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება.

რა (არ) შეასრულა ხელისუფლებამ?

ნაბიჯი #1 - დეზინფორმაციასთან ბრძოლა

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

ანგარიშში წერია, რომ დეზინფორმაციისგან გამიჯვნისა და დაპირისპირების ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები თავად უწყობენ ხელს ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელებას.

ისინი დონორ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შიდა საქმეებში ჩარევაში, რადიკალური ჯგუფებისა და პროპაგანდის დაფინანსებასა და ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

მაგალითად მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულმა ელჩებმა საზოგადოებას „სამარცხვინო ტყუილი აკადრეს“, როდესაც 2023 წელს ე.წ. აგენტების კანონი „გააპროტესტებინეს“:

„ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ მტკიცებას, რომ დასავლეთში არსებული „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი ოპონენტები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, „გლობალური ომის პარტიის“ წევრები და „უცხო ძალების აგენტები“ არიან, რომელთაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა და საქართველოს ომში ჩართვა სურთ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს მმართველი პარტიის წევრების შეტევა დასავლურ ფონდებსა და მათ მიერ დაფინანსებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

ევრორეკომენდაციებთან შეუთავსებელია ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც „ტრადიციულ და რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირებით კოლექტიური დასავლეთის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“.

მიმდინარე წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის 83 დეპუტატის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

ნაბიჯი #2 - ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა

ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2024 წლის 1 იანვრიდან 20 მარტამდე გაზარდა ევროკავშირის საერთო პოზიციებთან შეერთების მაჩვენებელი (57%).

„საქართველო შეუერთდა ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა იმ განცხადებას, რომელიც ეხებოდა აზიის, ოკეანეთის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის თუ აფრიკის ქვეყნებში ადამიანის უფლებების, ან საკონსტიტუციო მართლწესრიგის დარღვევის მნიშვნელოვან ფაქტებს. ამ განცხადებების ნაწილი აწესებს შემზღუდველ ზომებს ქვეყნების, ან კონკრეტული პირების მიმართ. ასეთ ზომებთან შეერთებას საქართველო წინა წლებში თავს არიდებდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშის ავტორებისთვის გამოწვევაა, რომ საქართველო არ რეაგირებს რუსეთის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე, არ ავლენს სოლიდარობას ასოცირებული ტრიოს პარტნიორების მიმართ და არ უერთდება უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერ ევროკავშირის განცხადებებს.

საპირისპიროს ამტკიცებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, გასული წლის სექტემბერში გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე იმჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, „ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად“.

ნაბიჯი #3 - პოლარიზაციის დაძლევა

პოლარიზაციის დაძლევის რეკომენდაცია, ანგარიშის მიხედვით, ისევ შესასრულებელია.

ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მწვავე რიტორიკა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ შემცირებულა; პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მეტად პოლარიზებული გახდა; 9 ნაბიჯის შესრულების პროცესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილ სამუშაო ფორმატში არ მონაწილეობს ყველა პოლიტიკური პარტია და ჩართული არ არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მიზანმიმართულად აცხადებენ, რათა პროცესი დააზიანონ.

ნაბიჯი #4 - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ევროკავშირის მოთხოვნაა, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს, და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დადგენილი ბარიერი 5%-ია, რაც მონიტორინგის ავტორების აზრით, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მაღალი ბარიერია და შესაძლოა პრობლემები შექმნას ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის კუთხით. ყურადღებაა გამახვილებული ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზეც.

„ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები კვლავ ტოვებს ცესკოს პროფესიული შემადგენლობის ერთპარტიულად, მმართველი ძალის მიერ არჩევის შესაძლებლობას“, - ნათქვამია კვლევაში.

ნაბიჯი #5 - საპარლამენტო ზედამხედველობა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობა

ევროკავშირის რეკომენდაციაა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. გააძლიეროს ისეთი საკვანძო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია.

მონიტორინგის მონაწილე ორგანიზაციები ასკვნიან, რომ ეს რეკომენდაცია შეუსრულებელია, რადგან გასაუმჯობესებელია საპარლამენტო კონტროლის ისეთი მექანიზმები, როგორებიცაა: მინისტრის საათი, ინტერპელაცია, თემატური მოკვლევა და თემატური მომხსენებელი;

კვლავ შეზღუდულია ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართულობა, როგორც საპარლამენტო, ისე საკომიტეტო მექანიზმების გამოყენებაში. სრულად არაა დაკომპლექტებული საპარლამენტო ნდობის ჯგუფი. ამ დრომდე არ არის გამოძიებული 2021 წელს, სავარაუდოდ, სუსიდან დიდი ოდენობით ფაილების გაჟონვა, რომელსაც საზოგადოება ე.წ. კრებსების საქმის სახელით იცნობს.

ცესკოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები კვლავ ტოვებს ცესკოს პროფესიული შემადგენლობის ერთპარტიულად, მმართველი ძალის მიერ არჩევის შესაძლებლობას.

არასამთავრობო ორგანიზაციები კითხვის ქვეშ აყენებენ ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობასაც.

ნაბიჯი #6 - მართლმსაჯულების რეფორმა

მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარულ მექანიზმზეა გამახვილებული.

ვეტინგს, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე ხელისუფლებაში მოწინააღმდეგეები ჰყავს, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ თქვა, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას არ შეამოწმებს.

შეუსრულებელია რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად სპეციალური სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ხელისუფლებას არ გააჩნია სასამართლო რეფორმის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კვლავ პრობლემად რჩება მოსამართლეთა ინდივიდუალური თავისუფლება, სასამართლო სისტემაში გადატვირთულობის პრობლემა და იუსტიციის საბჭოს ხელში არსებული „ჭარბი ძალაუფლება“.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფლობს ფართო, დაუბალანსებელ ძალაუფლებას და ითავსებს მრავალ სხვადასხვა ფუნქციას. საბჭოს შემადგენლობაში არიან ის მოსამართლე წევრებიც, რომლებიც იმავდროულად იკავებენ სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობას სასამართლოში“, - წერენ კვლევის ავტორები.

ნაბიჯი #7 - ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ზრდა

ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად. ეს ბიურო, რომელიც ამ რეკომენდაციების მიხედვით დამოუკიდებლობის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდეს, პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და არ გააჩნია გამოძიების დაწყების უფლებამოსილება.

ამას გარდა, საქართველოს მთავრობა კვლავაც არ ბრუნდება OECD-ის ანტიკორუფციულ ქსელში, სადაც საქმიანობა ოფიციალურად 2023 წელს შეწყვიტა. უცნობია, რატომ არ ცვლის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას.

ნაბიჯი #8 - დეოლიგარქიზაცია

თავდაპირველად, დეოლიგარქიზაციის გეგმა პერსონალურ მიდგომას ემყარებოდა. ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის შემდეგ ეს გეგმა შეიცვალა და ხელისუფლებამ სისტემური მიდგომა აირჩია. სამოქმედო გეგმა, დამტკიცების შემდგომ, აღარ განახლებულა.

9 ნაბიჯის შესრულების ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ რეკომენდაცია შესასრულებელია, რადგან ეს გეგმა არ მოიცავს ან არასრულად/არასწორად მოიცავს საკვანძო სისტემურ რეფორმებს.

„ამ გეგმის განახლება და განვითარება პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას“, - წერია ანგარიშში.

ნაბიჯი #9 - ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

მეცხრე რეკომენდაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, მათ შორის, მიიღოს ადამიანის უფლებების სტრატეგია და დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამას გარდა, ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ პროცესებსა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

კვლევაში ყველაზე ბევრი ამ თემაზე წერია, თუმცა პრეზენტაციაზე ყველაზე ცოტა ილაპარაკეს. ერთი არგუმენტით - ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ „რუსული კანონის დღის წესრიგში არსებობამ უფლებრივ საკითხებზე სიღრმისეული მსჯელობის შესაძლებლობას ხაზი გადაუსვა“.

„ეს კანონი რუსულია იმიტომ, რომ მისი რეალური მიზანი ადამიანების მორალური განადგურებაა. ეს არის ჩვენზე, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, შუბლზე მობჯენილი იარაღი იმის იძულებისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ხელი მოვაწეროთ და იძულებით ვაღიაროთ, რომ თითქოს ჩვენ ვართ საქართველოს მოღალატეები“, - განაცხადა კვლევის პრეზენტაციაზე GDI-ის დირექტორმა, ედუარდ მარიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას 9 ნაბიჯიდან ორზე მეტი აქვს შესრულებული. მას არ დაუზუსტებია, რამდენ რეკომენდაციას მიიჩნევს შესრულებულად მმართველი პარტია.

„კარგია, რომ ორი მაინც დაგვიფასეს, სხვებთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ, არა მხოლოდ ორი, არამედ მეტია შესრულებული. პროგრესზე მიუთითებენ, მაგრამ არასაკმარისად“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეს გაერთიანება 9 ნაბიჯამდე 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსაც აკვირდებოდა. მიპატიჟების მიუხედავად, მათ პრეზენტაციებს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი არასდროს დასწრებია. ამჯერად ელჩმა გამონაკლისი დაუშვა. ის ანგარიშის პრეზენტაციასაც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.

9 ნაბიჯის შესახებ არასამთავრობოების ანგარიშის მოსასმენად „ქართული ოცნებაც“ იყო მიწვეული, თუმცა მმართველი პარტიიდან პრეზენტაციაზე არავინ მისულა.

ევროკავშირის ელჩის არასამთავრობოების პრეზენტაციაზე მისვლა მკაფიო გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ ევროკავშირი ქართული სამოქალაქო საზოგადოების გვერდით დგას, შესაბამისად, წინააღმდეგია კანონის, რომელიც ამ საზოგადოების დასუსტებას და „უცხოური ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციას ისახავს მიზნად.

პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „აგენტების კანონი“ „როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან“ და ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება მისი დადებითად შეფასება.

ევროკავშირის ელჩმა გამოთქვა გულწრფელი იმედი, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზაციის, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭირო გზა“.

„ეს კანონი არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული“, - თქვა ელჩმა და თავის კრიტიკულ გამოსვლაში 9 ნაბიჯის შესრულების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„დიდი პარადოქსია, როდესაც კარი ფართოდაა გაღებული და თბილისიდან შერეული სიგნალები მოდის. თქვენ იცით, რომ წარსულში კარი დაკეტილი იყო და ქართველები პირველები აკაკუნებდნენ ამ კარზე მისი გაღების თხოვნით. ზოგჯერ, როგორც ჩემი ქვეყნის დიპლომატს და შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელს, მრცხვენოდა, რომ კარი დახურული იყო, რომ შიგნით ვერ ვთანხმდებოდით კარის გახსნაზე.

ახლა კარი ფართოდაა ღია და რა გვაქვს ჩვენ? - ყოყმანი, მეორეხარისხოვანი აზრები, განსხვავებული იდეები. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ ამის დრო ახლაა, დრო იწურება, რადგან სხვები წინ მიიწევენ და მე გულწრფელად მინდა გირჩიოთ, არ გაფლანგოთ დრო“, - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ „სტატუსმეტრის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირის ელჩის ცნობით, ევროკომისიის გაფართოების მორიგი ანგარიში 5 თვეში გამოქვეყნდება. ამ დოკუმენტით უნდა შეფასდეს ქვეყნის პროგრესი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ და გადაწყდეს, გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებები, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველოსთვისაც. პროგრესის საზომი საქართველოს შემთხვევაში 9 დათქმის შესრულება იქნება.

არასამთავრობოების კოალიცია 9 ნაბიჯის შესრულების რიგით მეორე ანგარიშს ოთხ თვეში გამოაქვეყნებს.

„სტატუსმეტრის“ ავტორი ორგანიზაციები არიან:

  1. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
  2. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  3. რონდელის ფონდი (GFSIS);
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  6. სასამართლოს გუშაგი;
  7. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  9. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  11. საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI);
  12. საფარი.

ეს ორგანიზაციები 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს 4 სხვადასხვა ვერდიქტით აფასებენ, ესენია:

  • შესრულდა;
  • მეტწილად შესრულდა;
  • ნაწილობრივ შესრულდა;
  • შესასრულებელია.
XS
SM
MD
LG