Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწარე სიმართლე არჩევნების შემდეგ ორივე მხარისთვის


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაახლოებით 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ სტატიაში არჩევნების შედეგების ანალიზზე არ შევჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა ახლა განსახილველად. მინდა ყურადღება უფრო მეტად იმ ტაბუდადებულ თემებზე გავამახვილო, რომელთა შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არავინ საუბრობს. ინგლისურ ენაში არსებობს ამ სიტუაციის შესაფერისი გამოთქმა - „სპილო ოთახში“ (“elephant in the room”), რომელიც აღნიშნავს ისეთ აშკარა პრობლემას, რომელზე ლაპარაკიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, გართულებულია. არჩევნების შემდგომი პერიოდი, ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი დროა ასეთ თემაზე სასაუბროდ.

პირველ რიგში, დავიწყებ იმ პრობლემებით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწუხებს:

გრიგოლ ვაშაძემ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურდა ე.წ. „პოლიტპატიმრების“ შეწყალება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასი და ა.შ. ერთი სიტყვით, მას სურდა არა მხოლოდ უკვე მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება, არამედ იმათიც, ვისაც პოტენციურად ელოდებოდა სასჯელი. ასეთებს შორის ზემოთჩამოთვლილების გარდა არიან ცნობილი და გავლენიანი ფიგურები: დათა ახალაია, მეგის ქარდავა, სოსო თოფურიძე, ზურაბ ადეიშვილი და სხვ. დათა ახალაიას ახლახან, 29 ოქტომბერს (პირველი ტურის მეორე დღესვე), მიუსაჯეს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის საქმეზე. ამ ადამიანებისთვის „პოლიტპატიმრების“ დაძახება, რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. შესაძლოა ქართული პროკურატურის მიმართ კითხვები მართლაც არსებობს (და საყოველთაო არაკომპეტენტურობის და ოლიგარქიული მმართველობის ფონზე, გასაკვირი არც არის), მაგრამ ასევე არსებობს უამრავი კითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დანაშაულებების შესახებაც. ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა ამხელა უპირატესობით გაიმარჯვა, ნაწილობრივ სწორედ იმის დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ადამიანების საქმეების ობიექტურად გამოძიებას კი არ ითხოვს, არამედ მათ სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს;

„ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ იმას არ აღიარებს, რომ ზემოთჩამოთვლილ პირებს შესაძლოა მძიმე დანაშაულებებში მიუძღოდეთ ბრალი, არამედ საერთოდაც თვლის, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა, ხალხის კეთილდღეობისთვის გაკეთდა, მაშინაც კი, თუკი კანონი დაირღვა და ამას ვინმეს სიცოცხლე შეეწირა. საკითხავია, ასეთი ცივსისხლიანი ლოგიკით რანაირად სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოდესმე წარმატების მოპოვება, თან იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის ნახევარზე ბევრად მეტს ეს ძალა ეზიზღება?

„ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დიდწილად დაფუძნებულია ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგზე. ეს ერთი ადამიანი არის სწორედ ის, ვისი დანაშაულებების შესახებაც უამრავი კითხვა არსებობს. რანაირად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე ეს ადამიანი და თუ დამნაშავეა, აგოს პასუხი თავისი დანაშაულებებისთვის, თუკი ამ ძალას, რომელსაც მოსახლეობის 40% უჭერს მხარს, ის ერთპიროვნულ ბელადად მიაჩნია? (და რა მოხდება, მაგალითად, მაშინ, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა საქართველოში და ჩასვამენ ციხეში? რა მოხდება მაშინ, თუ მისი მხარდამჭერები შეეცდებიან ციხიდან მის ძალით გამოხსნას? რა გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაში?)

ერთი სიტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის გამოუვალი დილემის წინაშე: ის ან გარდაქმნის თავის თავს (რა შემთხვევაშიც, ალბათ დაიშლება), ან ადრე თუ გვიან წარმოუდგენელ ქაოსში გახვევს ქვეყანას. ამ ფონზე, ცეცხლზე ნავთს ასხამს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ხალხს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. უფრო მეტიც, იგი ასევე აცხადებს, რომ სურს დაბრუნდეს საქართველოში, რადაც უნდა დაუჯდეს ეს. აშკარაა, რომ სააკაშვილი გამიზნულად ცდილობს ისედაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მოსახლეობის, კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებას.

ზუსტად ანალოგიური ეგზისტენციალური დილემების წინაშე დგას „ქართული ოცნებაც“. ის კითხვები, რომლებიც მისი მმართველობის შესახებ არსებობს, იმაზე მიუთითებს, რომ მან ან უნდა გარდაქმნას თავისი თავი (რა შემთხვევაშიც, ალბათ დაიშლება), ან ქვეყანა წარმოუდგენელ ქაოსში გაეხვევა (მით უფრო, რომ სააკაშვილის დაბრუნების რეალური საფრთხე არსებობს):

დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია (სასამართლომ ვერ დაადგინა, ვინ მიაყენა სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა). მასობრივი გამოსვლების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მოუწია დაეპატიმრებინა ყოფილი პროკურორი და ამ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მამა, მირზა სუბელიანი. არის ეჭვი, რომ სუბელიანს შესაძლოა ჰქონდეს კომპრომატები „ქართულ ოცნებაზე“ და ჰყავდეს თანამზრახველები, რომლებსაც შესაძლოა მთავრობა ბოლომდე ვერც აკონტროლებდეს. თუკი ამ ერთი პროკურორის დაკავებას მასობრივი პროტესტი დასჭირდა და დღემდე სათუოა, მოახერხებს თუ არა ის მთავრობის დაშანტაჟებას, საერთოდ რანაირად აპირებს „ქართული ოცნება“ ამ დანაშაულის გახსნას? თუ საჭირო გახდება სხვა პროკურორების პასუხისგებაში მიცემა, აქვს კი „ქართულ ოცნებას“ ამისი პოლიტიკური ნება ან ელემენტარულად, ფიზიკური რესურსი? შეუძლია ამ ძალას აკონტროლოს საკუთარი ძალოვანი უწყებები?

იმავე ტიპის კითხვები ჩნდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზეც. ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორ,, ლაშა თორდიას შორის დაპირისპირების საქმეზე დღემდე არ აქვს სასამართლოს განაჩენი გამოტანილი. თორდია მხოლოდ ახლახან ცნეს დაზარალებულად. ფარცხალაძე პროკურატურაში დაკითხვაზეც მხოლოდ პირველი ტურის შემდეგ დაიბარეს. იმავე ფარცხალაძეზე ასევე არსებობს ეჭვი, რომ ის დღემდე აკონტროლებს მთელ პროკურატურას. არ ვიცით სიმართლე არც იმაზე, თუ რა მოხდა მასა და სპორტის ყოფილ მინისტრს, ლევან ყიფიანს შორის და არის თუ არა ყიფიანი დღემდე შანტაჟის ქვეშ. ერთი სიტყვით, ამ საქმეებზე თითქმის არაფერი ვიცით, იმის მიუხედავად, რომ უამრავი ეჭვი გვიჩნდება. რაც ყველაზე მთავარია, შესაძლოა სიმართლე ვერც ვერასდროს გავიგოთ იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ფარცხალაძე ღიად დაიცვა;

ასეთივე, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქი ბრალდებები არსებობს „ქართული ოცნების“ სხვა წევრების მიმართ. მაგალითად, როგორც წინა ბლოგში დავწერე, თეა წულუკიანის/იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ ორჯერ მოიგო საქმე ამ სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა თამაზ ახობაძემ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება; არსებობს უამრავი ეჭვი კორუფციისა და ნეპოტიზმის შესახებ მთავრობის ზედა და ქვედა ეშელონების მიმართ. ნაწილობრივ ივანიშვილიც კი აღიარებს იმას, რომ აქამდე ამ გუნდში ერთგულების ნიშნით ხდებოდა ადამიანების დაწინაურება და არა პროფესიონალიზმის ნიშნით („ერთგულების ნიშნით გუნდში დაწინაურება და ადგილების დაკავება ვეღარ მოხდება, მხოლოდ პროფესიონალიზმი განაპირობებს კადრების ცვლას”, განაცხადა 20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა). ამ საყოველთაო ნეპოტიზმის, კლანურობის და არაპროფესიონალიზმის პირობებში, საერთოდ, რანაირად უნდა განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას სიკეთეს მოუტანს?

ნათელია, ორივე მთავარი პოლიტიკური ძალა ეგზისტენციალური დილემების წინაშე დგას. არც ერთი არ ცდილობს, თვალი გაუსწოროს იმას, თუ რამდენად სერიოზულია ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს. ეს ჰგავს ისეთ სიტუაციას, როდესაც პაციენტს ასმევენ ტკივილგამაყუჩებლებს იმის ნაცვლად, რომ მისი ტკივილების გამომწვევ მიზეზებს უმკურნალონ. ამ მიზეზების პროგრესირების შემთხვევაში, ყველამ ვიცით, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მკურნალობის ასეთმა მეთოდმა. სამწუხაროდ, თუ ქვეყანაში რადიკალური გარდაქმნები არ მოხდება (და, ვთქვათ, შედარებით ჯანმრთელი მესამე ძალა არ გამოჩნდება), აუცილებლად აღმოვჩნდებით სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე და შეიძლება სუვერენიტეტიც დავკარგოთ (ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ბუნებრივია, სათავისოდ გამოიყენებს საქართველოში არსებულ ნებისმიერი სახის არეულობას). ამიტომ ამ ეტაპზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რანაირად არის შესაძლებელი მშვიდობიანი და სამართლიანი თანაარსებობა და ამ უმაღლესი მიზნისთვის ყველამ გავიღოთ ჩვენი წილი მსხვერპლი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG