Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარჯანიშვილი - უფლებადამცველი


კვირა, 14 ოქტომბერი

ფეხბურთი

ამ დღიურს დავწერ მარტივი სიტყვებით, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, რადგან ხშირად ყველას გვაკლია სიმარტივე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კვირის დილა იწყება, როგორც ყოველთვის, ადრე გაღვიძებით და ეს ყოველთვის ასეა დასვენების დღეებში. წინა საღამოს მოველაპარაკე მშობლებს, რომ დილით გავუვლიდი და ერთად ვისადილებდით. 10 საათზე ვიყავი ჩემი მშობლების სახლში, სადაც, ჩემდა გასაკვირად, დედამ მოამზადა ბევრი გემრიელი კერძი. გამიკვირდა, რადგან დედაჩემი დაკავებულია თავისი საქმით და იშვიათად რჩება დრო, რომ რამე მოამზადოს... საუზმისას ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე... პოლიტიკაზე, რაც ხდება დღეს ჩვენ ირგვლივ და ჩვენს სანაცნობო წრეში. ეს ყველაფერი გაგრძელდა 12 საათამდე. შემდეგ დედამ მომიდუღა ჩაი, რომელიც ძალიან მინდოდა, მაგრამ, როგორც მჩვევია, არ დავლიე.

მშობლებთან სახლში, თითქმის უკვე ერთი წელია, არ დავრჩენილვარ, მაგრამ ჩემს ოთახში ჩემი ლოგინი გაშლილი დამხვდა, რამაც ძალიან გამახარა. ოთახში შესვლისას ნოსტალგია დამეუფლა, რადგან, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ აქ. ისევ ისე კიდია კარზე „Do not disturbe“ და „Shake it baby“. თურმე ძალიან მომნატრებია ჩემი ოთახი. შესვლისას ისევ დამხვდა მერლინ მონროს სურათი კედელზე. თითქმის არ შეცვლილა, უბრალოდ, მზეზე ოდნავ გახუნებულა. გამახსენდა: როცა მშობლები ბინას არემონტებდნენ, მე არ დაველოდე ოთახის გარემონტებას და ჩემი ძალებით გავაკეთე რემონტი. გამახსენდა, როგორი ამაყი ვიყავი, როცა შევქმენი ჩემი კუთხე საკუთარი ხელებით; როგორ მეხმარებოდა დედ-მამა და, რაც მთავარია, ოთახის დიზაინი ჩემი დის მოფიქრებული იყო. ოთახში ჭარბობს წითელი ფერი. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, „წითელი ფერი ხომ გამაღიზიანებელი ფერიაო“, მაგრამ მე არასდროს არ მაღიზიანებდა... გადავწყვიტე ცოტა ხანს დავრჩენილიყავი ჩემს ოთახში და დავწექი ლოგინზე. ჩამოკიდებულ სარკეში ისევ ისე ჩანდა მერლინ მონროს ღიმილი. მერლინი სკოლის დროიდან ამ წლის დასაწყისამდე სულ ასე მიღიმოდა დილაობით.

დაახლოებით, 15 საათზე გავედი მშობლების სახლიდან არაფორმალურ შეხვედრაზე. გავჩერდი იქ, დაახლოებით, 2 საათი, მერე გავეშურე ჩემი დის სახლისკენ, სადაც ბოლო ხანებში ვცხოვრობ. ამ დღეს ჩემს დისშვილ ალექსანდრეს ჰქონდა ფეხბურთის თამაში. ჩემი და ვერ ასწრებდა მის წაყვანას და იქიდან გამომდინარე, რომ მამამისი არის მეზღვაური, ხშირად მიწევს დისშვილების წაყვანა სკოლაში, ბაღში, ფეხბურთზე და ა.შ.... მივედით ფეხბურთზე და დავინახე, რომ მისი თანაგუნდელები მოდიოდნენ მშობლებთან ერთად. თამაში დაიწყო. ალექსანდრე თამაშობდა დაცვაში და, რა თქმა უნდა, ვუკარნახებდი, საით უნდა გაქცეულიყო. ნუ, როგორც ყოველთვის ხდება ფეხბურთის დროს, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული იმით, რომ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. უბრალოდ, იმ მომენტში მე ვიყავი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ძალიან გამიხარდა, როცა მწვრთნელმა შეაქო და არ დამავიწყდება მისი ოდნავ მორცხვი, მაგრამ, იმავდროულად, ამაყი სახე, როცა ეს გაიგო.

გიორგი მარჯანიშვილი - უფლებადამცველი
please wait

No media source currently available

0:00 0:20:00 0:00

სახლში მისვლისას გავედი ჩემი მეგობრების სანახავად „ფაბრიკაში“. მათ ახლდათ სტუმრები ისრაელიდან და საბერძნეთიდან. ფრიად სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ და მარტივად შევედით კომუნიკაციაში. მალე ყველამ გადავინაცვლეთ რესტორანში და სტუმრებს ვაცნობდით ქართული სუფრის ტრადიციებს. მოკლედ, კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიხალისეთ.

სახლში დაბრუნებისას ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ცოტა დროს ვუთმობთ ერთმანეთს იმის გამო, რომ ყველას ჩვენი-ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენ-ჩვენი სამსახური, გატაცება და ა.შ... ხანდახან გვავიწყდება ერთმანეთის მოკითხვა, მშობლებთან დარეკვა, მათთან საუბარი... მაგრამ როცა ხედავ, როგორ მიჰყავთ მშობლებს ბავშვები ფეხბურთზე, როგორ გულშემატკივრობენ მათ, როგორ ამხნევებენ თავიანთ შვილებს, რწმუნდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გაქვს მიზეზი, მომავლისთვის იბრძოლო.

ორშაბათი, 15 ოქტომბერი

ცარიელი მაგიდა ოფისში

ორშაბათი ყოველთვის რთული დღეა შაბათ-კვირის მერე - ისეთი დღეა, როცა გიწევს დაუბრუნდე შენს ყოველდღიურ საქმიანობას, ესაუბრო შენს თანამშრომლებს და ერთი კვირის სამოქმედო გეგმა შეასრულო. მაგრამ ეს ორშაბათი ყველაზე უჩვეულო ორშაბათი იყო ჩემთვის.

30 სექტემბერს ჩვენმა ორგანიზაციამ განიცადა დიდი დანაკარგი და დიდი დარტყმა. დილის ხუთი საათისთვის დიუმას ქუჩაზე ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა მოკლეს ვიტალი საფაროვი. ვიტალი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი, 5 წელი ერთად ვმუშაობდით, კარიერული ზრდაც ერთად დავიწყეთ და 5 წელი თითქმის სულ ერთად ვიყავით.

15 დღეა გასული, რაც ის უკვე ცოცხალი არ არის. ჩვენი ოფისიც დაცარიელდა და აღარ ისმის ის ჟრიამული. ყველა თავისებურად განიცდის ამ ამბავს... მაგრამ ის მაგიდა ცარიელი დგას და მისი ბევრი პირადი ნივთი ისევ აწყვია ამ მაგიდაზე. ვერავინ ბედავს ამ ნივთების გადარჩევას... ოფისში შესვლისას ჩემთვის ძნელი იყო ამ მაგიდის ყურება და კიდევ უფრო ძნელი მისი გატანა...

ეს ის ორშაბათი იყო, როცა მე საერთოდ არანაირი სურვილი არ მქონდა მუშაობისა და რაიმე საკითხების გადაწყვეტის, სადმე დარეკვის, შეხვედრაზე წასვლის. მივხვდი, რომ ამ მაგიდას დაიკავებდა ახალი თანამშრომელი, რომელიც ჯერ კიდევ არ აგვიყვანია. ცოტა რომ გადავრთულიყავი და სხვა რამეზე მეფიქრა, გადავწყვიტე ჩემი კომპიუტერი გამეწმინდა. საბოლოო შედეგი იყო გამაოგნებელი პირადად ჩემთვის: კომპიუტერის ეკრანზე დარჩა მარტო ორი საქაღალდე, რომელშიც ყველაფერი კარგად იყო დალაგებული. ამ ყველაფერს მე დავუთმე ნახევარი დღე და რა დასამალია, თვითონაც გამიკვირდა, რომ ეს გავაკეთე. გამეცინა კიდევაც და ჩემს თავს ვკითხე: „ნუთუ ეს შენ გააკეთე?“.

ორშაბათ დღის მეორე ნახევარი ისევ უსაქმურად გავაგრძელე. ვერ ვაიძულებდი ჩემს თავს, მემუშავა... მხოლოდ ტელეფონის ზარებს ვპასუხობდი და სოციალურ ქსელში ვესაუბრებოდი მეგობრებს, მაგრამ, ამავე დროს, არ შემეძლო ოფისიდან წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ვიტალი იქ აღარ არის, ოფისი მაინც რჩება ჩემთვის კომფორტის ზონად.

მე მგონი, ჩემი პირველი ორშაბათი იყო, როცა არაფერი გამიკეთებია. ორი სიტყვით რომ ითქვას, ეს იყო „უსაქმური ორშაბათი“.

დღის ბოლოს ვერ შევეგუე ცარიელ მაგიდას და გადავწყვიტე გადმომეტანა ჩემი მაგიდის ადგილას.

სამშაბათი, 16 ოქტომბერი

სამშაბათი დღეც გათენდა. წუხელ გვიან დავიძინე. ბევრ რამეზე ვფიქრობდი. ეს აზრები არ მასვენებდა და ძილს მიშლიდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, დილით ადრე გავიღვიძე. ნელა, აუჩქარებლად დავიწყე მზადება სამსახურში წასასვლელად. გზად ჩემი სკუტერით დისშვილი მივიყვანე ბაღში, დავტოვე და სანამ კლასში შევიდოდა, ტრადიციულად დავემშვიდობე - ხელს ვურტყამთ ხოლმე ერთმანეთს.

ოფისში მივედი 9:50-ზე. დავდე ჩემი კომპიუტერი მაგიდაზე, გადავკიდე ქურთუკი სკამზე და გავედი გარეთ მოსაწევად. ასე იწყება ჩემი ყოველი სამუშაო დღე. თან პირველი ღერი სიგარეტი ყოველთვის გემრიელია და საკმაოდ დიდხანს ვეწევი. მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირად მოხდა, რადგან შუა მოწევისას გადავწყვიტე დღესვე გადმომეტანა ვიტალის მაგიდა ჩემი მაგიდის ადგილას. სწრაფად ჩავაქრე ნახევრამდე მოწეული სიგარეტი და შევვარდი ოფისში.

დავჯექი მის მაგიდასთან და დავიწყე მისი ნივთების გადმოლაგება. მანამდე ვერავინ ბედავდა მისი ნივთებისთვის ხელის შეხებას, რადგან ყველას უმძიმდა ეს. სანამ დავიწყებდი გადმოლაგებას, ერთი ღრმად ჩავისუნთქე.

დავიწყე გადალაგება. მგონი, პირველად ვალაგებდი ადამიანის პირად ნივთებს მისი უჯრებიდან, რაც დიდად არ მიხაროდა, რადგან არ მიყვარს სხვა ადამიანის ნივთების აღება, გადალაგება, გადმოლაგება... მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ნივთების გადალაგებისას ხშირად ვიცინოდი და ვაცინებდი თანამშრომლებს, რადგან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: მაგალითად, ჩინური მუსიკალური ბურთები ნერვების დასაწყნარებლად (რად უნდოდა, არ ვიცი. არასდროს იყენებდა ასეთ რაღაცებს); ვიპოვე ბევრი, ბევრი „ბეიჯი“ სხვადასხვა კონფერენციიდან; ბევრ მათგანზე ერთად ვიყავით და გამახსენდა, რამდენ ენერგიას ვხარჯავდით, რომ კონფერენციებზე ანდა ტრენინგებზე დავმახსოვრებოდით ყველას. ყოველთვის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ვიყავით ყურადღების ცენტრში და ეს კარგად გამოგვდიოდა. ბევრს უკვირდა, როგორ ვუგებდით ერთმანეთს თითქმის ულაპარაკოდ ან ნახევარი სიტყვიდან.

12:00-ზე მაგიდა უკვე ჩემი მაგიდის ადგილას იდგა და ის უკვე აღარ იყო ცარიელი. სამშაბათი დღის დანარჩენი 6 საათი გავატარე თავჩაღუნული მუშაობით, რადგან ორშაბათს არაფერი მიკეთებია და ორი დღის საქმე უნდა მომესწრო 6 საათში.

სიმართლე გითხრათ, მაინც ვერ მოვასწარი ყველაფრის გაკეთება ამ 6 საათში, მაგრამ საქმეების უმეტესობა, რაც უნდა გამეკეთებინა ორშაბათ-სამშაბათს, დღეს გავაკეთე. დღის ბოლოს გამახსენდა, რომ არაფერი მიჭამია და 7 საათზე გავედი ოფისიდან და გავეშურე ჩემი სკუტერით სახლისკენ. სახლში მისვლისას გავიმზადე საჭმელი, მივირთვი, ვიჭორავე ჩემს დასთან, ძილის წინ ცოტა ვაწვალე დისშვილები, გავედი აივანზე, რომელსაც აქვს ხედი მამადავითსა და ფუნიკულიორზე, მოვუკიდე სიგარეტს. ვუსმენდი მანქანების ხმაურს და ვუყურებდი მთაწმინდას... სიგარეტიც მოიწია ძილის წინ და უკვე მზად ვიყავი შემდეგი დღისთვის.

ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი

ფაშისტური საქართველო

სამუშაო დღე სტანდარტულად დაიწყო, პირველი ღერი სიგარეტით...

დღეს, 11:30-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართებოდა აქცია „თავისუფლება გიორგი ჭელიძეს“. ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შემაშფოთა და გამაბრაზა.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიაჩნდეს ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი საზოგადოებას ქვეყნის ყველაზე დიდ პატრიოტად?! ან რატომ უნდა ჰყავდეს ამდენი მხარდამჭერი და 15 ადვოკატი?! მაგრამ ამას ცოტახანს თავი დავანებოთ. აქ უარესი რამ ხდება: სასამართლო დარბაზში გიორგი ჭელიძე თავის მიმდევრებს ესალმება. ეს ჩემში სიბრაზესა და რისხვას იწვევს....

საქართველოს „თავისუფლების ქარტიაში“ კარგად არის აღწერილი როგორი სიმბოლიკის გამოყენება იკრძალება. იკრძალება კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოების მიზნით. სამწუხაროა, რომ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა სასამართლო დარბაზში, არანაირი რეაგირება არ ყოფილა მოსამართლის, შსს-სა და საზოგადოების მხრიდან. ნუთუ ასეთი უსუსურია ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თავად უგულებელყოფს კანონებს? ნუთუ ხალხია ასეთი გულგრილი და სურთ იცხოვრონ ფაშისტურ საქართველოში? ნუთუ ისინი არ ფიქრობენ თავიანთ მომავალზე, შვილებისა და ქვეყნის კეთილდღეობაზე და ცხოვრობენ მხოლოდ ერთი დღით?.. ნუთუ ვერ ხედავენ იმას, რომ ამ ჯგუფებში არიან ახალგაზრდები, რომელთა ასაკი 15 წლიდან იწყება და ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი?! ნუთუ მართლა ასეთი ინერტული ერი ვართ?! არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს საზოგადოებაში... მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია.

დღის მეორე ნახევარში მქონდა შეხვედრა და სიუჟეტის გადაღება ვიტალის მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე საყურებელია, როცა დედა ინტერვიუს დროს ცდილობს არ იტიროს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ამავდროულად, აღფრთოვანებული ვარ მარინას სიძლიერით და ბრძოლისუნარიანობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მოკლულ შვილზე წინ აყენებს სხვა ოჯახებს და საზოგადოების წევრებს. დღეს მარინა არის სიმბოლო დედისა, რომელიც ზრუნავს სხვა ოჯახებზე, რათა მსგავსი სისასტიკე არ განმეორდეს. ასეთ სიძლიერეს მე ყოველდღიურად ვხედავდი ვიტალის თვალებში და მის ქმედებებში, ვხედავდი რაოდენ უანგარო იყო მისი სიკეთე ადამიანების მიმართ და რა ძლიერი სურვილი ყველას დახმარებოდა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

დღევანდელმა დღემაც ჩაიარა ფიქრებში მომავალზე, თუ რა გველის წინ და, საერთოდ, გვექნება კი მომავალი?!

ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი

უბრალოდ, ხუთშაბათი

დღე ჟურნალისტის ზარით დაიწყო. მას აინტერესებდა გამოძიების დეტალები და უნდოდა ჩაეწერა კომენტარი ვიტალი საფაროვის მკვლელობის შესახებ.

ოფისში მისულმა, გავაგრძელე მუშაობა. ვამზადებდი ანგარიშს და ვატარებდი გასაუბრებას ახალი თანამშრომლის შესარჩევად. გასაუბრებისას ვაკვირდებოთი პოტენციურ ახალ თანამშრომლებს, მათ ქცევას, ხელის მოძრაობებსაც კი. ვცდილობდი მეპოვა მათში ვიტალის ენერგია და მიდგომა საქმის მიმართ. ეს ძალიან მიშლიდა მათ საღად შეფასებაში ხელს. ვხვდებოდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი მეტისმეტად კრიტიკული მათ მიმართ, რადგან ვიცოდი, არ ჰქონდათ ვიტალისოდენი გამოცდილება. გასაუბრების შედეგად შევარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თავს მაინც იმედგაცრუებულად ვგრძნობდი.

დღის მეორე ნახევარში ლანჩზე გავედი და უკან, ოფისში, აღარ დავბრუნებულვარ, რადგან იქ მაინც სიცარიელე იგრძნობოდა. დისტანციურად გადავწყვიტე მუშაობა ჩაის სახლში, ოპერასთან. ვუყურებდი ოპერას, სადღაც აჩქარებით მიმავალ ხალხს, თბილისის ტაქსის მძღოლებს, რომლებიც რუსთაველზე არ ერიდებოდნენ ხმამაღალ სიგნალებს.

ვიტალის გარდაცვალების შემდეგ კისრად ვიღე პასუხისმგებლობა, გვერდში დავდგომოდი მის მეგობრებს, რადგან ისინიც განიცდიან ამ ტრაგიკულ შემთხვევას. მივწერე ყველას, ვისაც ვიცნობდი და ვინც მყავდა ფეისბუქის მეგობრებში. ვიყავი უშუალო და ვცდილობდი ნაკლებად მესაუბრა გამოძიებაზე, რომ არ განმეახლებინა მათი ტკივილი. ვცდილობდი გამემხიარულებინა ისინი, როგორც ვიტალი აკეთებდა. ის მუდამ პოზიტიურად იყო განწყობილი და არ მოსწონდა, როცა მის ირგვლივ მოწყენილობა სუფევდა. მაშინაც კი, როცა არ გინდოდა გულის გადაშლა, იმდენს გელაპარაკებოდა, რომ ბოლოს მაინც გულს გადაუშლიდი და კარგ რჩევებსაც მიიღებდი მისგან, მაგრამ, ამავდროულად, ერთი-ორი გახუმრების გარეშეც არ შეეძლო, როგორი სერიოზული საუბარიც უნდა ყოფილიყო.

სახლში დაბრუნებისას გადავწყვიტე ადრე დამეძინა, მაგრამ მომხდარზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები. ამ ყველაფერზე ფიქრისას სხვადასხა ემოცია მეუფლება. ერთი მხრივ, მამძიმებს ის, რომ ჩემი უახლოესი ადამიანი და ოჯახის წევრი დავკარგე, მეორე მხრივ კი, მაძლიერებს იმის შეგნება, რომ ხმალამოღებულს მიწევს ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის ვიტალის გარეშე, რომელიც შეეწირა სწორედ იმას, რასაც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა.

ეს მაძლევს ხვალინდელი დღის მოტივაციას და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.

პარასკევი, 19 ოქტომბერი

„ენჯეოშნიკური“ რუტინა

9-ზე გავიღვიძე და უკვე წარმოვიდგინე, როგორი დღე მელის. ეს იყო ანგარიშის ჩაბარების დღე.

ყველამ, ვისაც ჰქონია შეხება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იცის, რა არის ანგარიშის ჩაბარების დღე. აგვისტო-სექტემბრის თვეებში ჩვენ ვახორციელებდით პროექტ „აქტიური მოქალაქის სკოლას“. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში. სკოლის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების ჩართვა საარჩევნო პროცესებში და მათში სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივება.

მთელი კვირის მანძილზე ჩვენი გუნდი ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდა. მისი ფინალური ვერსია მზად იყო 14 საათზე, მაგრამ ყველაზე რთული რამ წინ მელოდა... მომიწია 244 ფურცლის დანომრვა და ყველა ფურცელზე ხელის მოწერა. არასდროს მომიწერია ხელი 244 ფურცელზე ერთბაშად. ამაზეც, დაახლოებით, ერთი საათი დავხარჯე. ჩავაბარე ანგარიში და დავბრუნდი ოფისში. 5 საათზე მქონდა ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც გადაიდო. ეს დრო გამოვიყენე და დავასრულე ყველაფერი, რაც ჩანიშნული მქონდა მთელი კვირისთვის.

ეს დღე აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ ჩემს უახლოეს მეგობარსა და კოლეგას ჰქონდა დაბადების დღე. დილით, სანამ სამსახურში მივიდოდი, ვუყიდე საჩუქარი და ასე დავხვდი ოფისში. ამავე დღეს ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეც იყო და მეგობრების ყოველწლიური შეკრების დღეც. ვგროვდებით ჩვენი მეგობრის სახლში, ვწვავთ მწვადებს და მივირთმევთ შარშანდელ, ჩვენ მიერ დაწურულ ღვინოს.

ჩვენმა დაწურულმა ღვინომ მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან კარგი გამოდგა. ეს იყო ხაშმის საფერავი და ფრიად სასიამოვნო ბუკეტი ჰონდა, რომელშიც იგრძნობოდა ბროწეულის გემო. ტრადიციულად, ამ შეხვედრაზე მე ვწვავ ხოლმე მწვადებს. როგორც ყოველთვის, ახლაც უგემრიელესი გამოვიდა და ისევ მეგობრების ქება დავიმსახურე. ეს საღამო კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენი მეგობრის დაბადების დღე - 20 ოქტომბერი - დგებოდა. 12:00-ზე შემოვიტანეთ ტორტი, მივულოცეთ და ნელ-ნელა დავიწყეთ სახლებში წასვლა. შინ ისევ გავედი აივანზე, ვუყურებდი მამადავითს და ვეწეოდი სიგარეტს. ეს ღამეც წინა 6 ღამის მსგავსი იყო. ისევ იგივე ფიქრები და იგივე განცდები...

შაბათი, 20 ოქტომბერი

დღიურის ბოლო დღე

მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე არის და შემეძლო ცოტა მეტი დამეძინა, გავიღვიძე დილის 8 საათზე. ჩავრთე ფილმი იმ იმედით, რომ დამეძინებოდა, მაგრამ ამაოდ.

კვირას ვარშავაში მივფრინავ მივლინებით და ნელ-ნელა ვემზადები. კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს პროგრამას და ამინდს. მოვამზადე პასპორტი, მაგრამ ჩემოდნის ჩალაგება არ დამიწყია. ყოველთვის მიხარია მივლინებაში წასვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. შესაძლოა, ეს წასვლა საჭიროც იყოს ჩემთვის, რადგან შევიცვლი გარემოს და 1 კვირა ვერ ვნახავ თბილისს, ქალაქს, რომელშიც „ყველაფერი მოსულა“, როგორც ამბობდა ნიკო გომელაური.

სახლში მარტო ვარ და ეს რაღაცნაირად ამძაფრებდა ჩემს განცდებს და დამაფიქრებდა ყველაფერზე, რაც 30 სექტემბრიდან დაიწყო. გადავწყვიტე სადმე გავსულიყავი და ხალხში გავრეულიყავი. „ფაბრიკაში“ წავედი. დავჯექი ეზოში, რადგან დღეს კარგი ამინდია. შევუკვეთე ყავა. ნელა მივირთმევდი და ვაკვირდებოდი ხალხს. ზოგადად, მიყვარს ხალხზე დაკვირვება: როგორ იქცევიან, რა ემოციები აქვთ და ვცდილობ ამ ყველაფრის გაანალიზებას. და, აი, ახლაც მიხაროდა, რომ ვხედავდი მოღიმარ ახალგაზრდებს, ერთმანეთში მოსაუბრეთ. ეს რატომღაც მომავლის იმედით მავსებდა და აღმიძრავდა ფიქრს, რომ საჭიროა უფრო მეტად ვუფრთხილდებოდეთ ერთმანეთს და გვერდში ვედგეთ, რომ არ უნდა ველოდეთ უბედურებას, იმისათვის რომ ნამდვილი ღირებულებების დასაცავად გავაქტიურდეთ. მგონი, შაბათის ასე გატარება კარგი განტვირთვა აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ ერთი კვირის მანძილზე გავიაზრე, რომ ბევრს აქვს შიში, სიმართლის თქმის შიში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ფობიის დამარცხება შესაძლებელია. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ შიშების დასაძლევად. დღეს ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ, სადაც მოქალაქეების ერთმანეთის გვერდში დგომა დაეხმარება საქართველოს, ხელიდან დაუსხლტეს სიძულვილსა და ზიზღს. ჩემი აზრით, სწორედ თითოეული მოქალაქის ვალია, სიძულვილს ღრმად არ გაადგმევინოს ფესვები საზოგადოებაში.

ეს დღიურის ბოლო დღეა. მოხარული ვარ, რომ ჩემი ერთი კვირის აღწერის შესაძლებლობა მომეცა. ეს კარგად დამეხმარა აზრების დალაგებაში. იმედს ვიტოვებ, რომ გველის დაცული და ჯანსაღი მომავალი, როცა არავის აღარ გვექნება საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიში.

ამ დღიურს დავამთავრებ ასე: Sex Human Rights and Rock’n Roll

გიორგი მარჯანიშვილი - უფლებადამცველი
please wait

No media source currently available

0:00 0:18:02 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG