Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში სამ წელიწადში უკვე მეექვსე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა


დროებითი მინისტრთა კაბინეტის ფიცის დადებამდე, პრეზიდენტი რუმენ რადევი და ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ეროვნულ ასამბლეაში მივიდნენ, 2024 წლის 9 აპრილი.
დროებითი მინისტრთა კაბინეტის ფიცის დადებამდე, პრეზიდენტი რუმენ რადევი და ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვა ეროვნულ ასამბლეაში მივიდნენ, 2024 წლის 9 აპრილი.

ბულგარეთში, სადაც სერიოზული განხეთქილების გამო ვერცერთი საპარლამენტო პარტია ვეღარ ახერხებს კოალიციური მთავრობის ფორმირებას, ქვეყნის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, დიმიტარ გლავჩევს მიანიჭა ტექნიკური მთავრობის ფორმირების მანდატი, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს დანიშნა.

ამასთან, პარლამენტი არ შეწყვეტს საქმიანობას
და ტექნიკურ (დროებით) მთავრობასთან ერთად შეინარჩუნებს ძალაუფლებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც ამჯერად ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

„შევეცდები ექსპერტები ჩავრთო მთავრობის იმ შემადგენლობაში, რომელსაც მე წარმოვადგენ, რათა შევინარჩუნოთ მემკვიდრეობითობა და მივიღოთ პოლიტიკურად დაბალანსებული მთავრობა. დროებითი მთავრობის მთავარი ამოცანა კი პატიოსანი არჩევნების გამართვა იქნება“, - განაცხადა გლავჩევმა 9 აპრილს პარლამენტში გამართულ ინაუგურაციაზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევი და ვიცე-პრეზიდენტი ილიანა იოტოვაც ესწრებოდნენ.

მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ არსებული პოლიტიკურ ძალთა ბალანსისა და მკვეთრი დაპირისპირების პირობებში, რაც ტექნიკური მთავრობის მინისტრთა ზოგიერთი კანდიდატურის დასახელებამ გამოიწვია, - ბულგარეთში პოლიტიკური არასტაბილურობა ვადამდელი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

არ არის ასეთი პარტია

ნატოსა და ევროკავშირის წევრ ბულგარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიქმნა ისეთი უჩვეულო ვითარება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში არ მოიძებნება არცერთი პარტია, რომელსაც შეეძლოს ან სურდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება.

შესაბამისი მანდატი ქვეყნის პრეზიდენტ რუმენ რადევს სულ ბოლოს უკან დაუბრუნა პოპულისტურმა პარტიამ „არის ასეთი ხალხი“, რომელმაც მარტის ბოლოს თქვა უარი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კოალიციური შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვეს მემარჯვენე-ცენტრისტულმა „გერბმა“ („მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“) და გაერთიანებამ „დემოკრატიული ბულგარეთი/ვაგრძელებთ ცვლილებებს“ (PP-DB), რომლებსაც გასული წლის ივნისიდან 9-თვიანი ინტერვალით, როტაციით უნდა ეცვალათ კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრები.

ასეთი შეთანხმება მათ შორის გაფორმდა მას შემდეგ, რაც ამ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა შარშან აპრილში ბულგარეთში გამართულ მეხუთე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

2023 წლის ივნისში PP-DB-მ ქვეყნის პრეზიდენტისგან მიიღო მთავრობის ფორმირების მანდატი, რასაც მალე მოჰყვა ნიკოლაი დენკოვის კოალიციური მთავრობის ფორმირება. 5 მარტს, ანუ ცხრათვიანი ვადის გასვლის შემდეგ, დენკოვი თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ „გერბის“ წარმომადგენელმა, მარია გაბრიელმა, პარტნიორ ძალებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, ვეღარ შეძლო კოალიციური მთავრობის ფორმირება.

„ბულგარეთის ყოფილი კოალიციური მთავრობა, რომელსაც სათავეში ნიკოლაი დენკოვი ედგა, ორი მთავარი საპარლამენტო ძალისგან შედგებოდა - "გერბისგან" ("მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის") და "დემოკრატიული ბულგარეთი/ვაგრძელებთ ცვლილებებს" (PP-DB), მათ მხარს უჭერდა სატელიტური "თავისუფლებისა და სამართლიანობის მოძრაობა" (DP), რომელიც ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური თურქების ინტერესებს წარმოადგენს. კოალიციის ერთი წევრი (PP-DB) ადანაშაულებდა მეორეს, რომ იგი მხოლოდ არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არა ეფექტიანი რეფორმების განხორციელებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლითა და რეფორმირებული უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით. ისინი ადანაშაულებენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, კალინ სტოიანოვს, რომ იგი ხელს აფარებს ამომრჩეველთა მოსყიდვის ყველანაირ სქემებს, რომლებიც სტატუს-კვოს მომხრე პარტიების სასარგებლოდ გამოიყენება. იგულისხმება პარტია "გერბი", რომელიც ბულგარეთს 2009 წლიდან მართავს“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის დირექტორი, ივან ბედროვი.

როგორც ბულგარული მედია წერს, გავლენიანი კალინ სტოიანოვი, როგორც ჩანს, შეინარჩუნებს პოსტს დიმიტარ გლავჩევის ტექნიკურ მთავრობაში, რამაც უკიდურესად აღაშფოთა პარტიის „დემოკრატიული ბულგარეთი/ვაგრძელებთ ცვლილებებს“ (PP-DB) ლიდერი კირილ პეტკოვი, რომელმაც ასეთ ნაბიჯს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და პარლამენტში გამართული ტექნიკური მთავრობის მეთაურის ინაუგურაციაც კი დატოვა პროტესტის ნიშნად.

მაგრამ კირილ პეტკოვმა კარგად იცის, რომ მისი პროტესტი უკვე დაგვიანებულია და ვერაფერს შეცვლის. საქმე ისაა, რომ როდესაც ერთმანეთში კოალიციური კავშირი ჰქონდათ, „გერბისა“ და „დემოკრატიული ბულგარეთის“ ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს აღარ აქვს მთავრობის წევრთა დანიშვნა-გათავისუფლების უფლება და კოალიციური მთავრობის დაშლის შემდეგ აღარც საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნა შეუძლია.

„სხვა ვარიანტი ბულგარეთში არ არსებობს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, ტექნიკური მთავრობის მუშაობას არჩევნებამდე საფრთხე არ ემუქრება. ქვეყნის პარლამენტს არ შეუძლია მისი გადაყენება, ხოლო პრეზიდენტი ვერ შეცვლის მის შემადგენლობას. ასე რომ, ეს არის ტექნიკური მთავრობა, რომლის მთავარ ამოცანასაც წარმოადგენს 9 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელი არჩევნების ჩატარება“, - განმარტავს ივან ბედროვი.

უკრაინა, რუსეთი და სხვა წინააღმდეგობები?

შესაბამისად, თუ შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი თავის პოსტს შეინარჩუნებს ტექნიკურ მთავრობაში, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს უფსკრულს ბულგარეთის წამყვან ძალებს შორის, რომელთა შორის ბოლო ხანს არაერთ საშინაო თუ საგარეო საკითხზე იჩინა თავი მკვეთრმა წინააღმდეგობამ.


საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბულგარეთში ბევრი კითხულობს, არსებობს კი საერთოდ კოალიციური მმართველობის პირობებში ქვეყნის სტაბილური განვითარების შანსი?

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა არ არის კარგი ბულგარეთისთვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბულგარეთში უკვე მეექვსე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ უახლოეს ხანში ჩვენ კიდევ ვნახავთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბულგარეთის საზოგადოება ძალიან არის გახლეჩილი. არსებითად ბულგარეთში არსებობს სამი სოციალური ჯგუფი. პირველი შედგება დიდ ქალაქებში მცხოვრები განათლებული, პროდასავლელი და რეფორმისტულად განწყობილი ადამიანებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ ბულგარეთი სწრაფად უნდა განვითარდეს, სწრაფად გამდიდრდეს და მჭიდროდ უნდა დაუახლოვდეს ყველა ევროპულ ინსტიტუტს, რაც, პირველ ყოვლისა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით უნდა დაიწყოს. მეორე დიდი ჯგუფი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც აკმაყოფილებთ არსებული სტატუს-კვო, ქვეყნის ეკონომიკის ნელი ზრდის ტენდენცია და დიდად არ აღელვებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო მესამე დიდ ჯგუფში გაერთიანებული არიან ის ადამიანები, რომლებსაც წარსულის ნოსტალგია აქვთ, ანტიდასავლურად არიან განწყობილნი და მხარს უჭერენ რუსეთსა და ვლადიმირ პუტინს“, - ამბობს ივან ბედროვი.

როგორც წინა ვადამდელი არჩევნების დროს გაირკვა, პრობლემა ისაა, რომ სამიდან არცერთ ამ დიდ სოციალურ ჯგუფს არ შეუძლია არჩევნებში დამოუკიდებლად უმრავლესობის მოპოვება. წინა 2021 წლის არჩევნების დროს, როდესაც კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, ის შედგებოდა პროდასავლელი რეფორმისტებისა და მცირერიცხოვანი პრორუსული, „ბულგარეთის სოციალისტური პარტიისგან“. დღის წესრიგის მთავარ ამოცანას კი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა. მაგრამ, როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, ამ კოალიციის არსებობამ აზრი დაკარგა, რადგან პრორუსული პარტია რუსეთის მომხრე აღმოჩნდა. მისმა წარმომადგენელმა, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერ-მინისტრმა კორნელია ნინოვამ 2022 წლის მაისში განაცხადა, რომ ბულგარეთმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციების შეჯიბრებაშიო.

„ბულგარეთის წინა კოალიციური მთავრობა, რომელიც 2023 წლის ივნისში ჩამოყალიბდა, შედგებოდა ორი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისგან -
პირველი აერთიანებს მკვეთრად პროდასავლელ რეფორმისტებს, მეორე კი, ზოგადად პროდასავლურ ისტებლიშმენტს, რომელიც კარგად გრძნობს თავს არსებული პოლიტიკური სტატუს-კვოს პირობებში. და ეს ბოლო კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც უფრო მცირერიცხოვანმა პროდასავლურმა კოალიციურმა სუბიექტმა უფრო მეტი რეფორმის და უფრო ძლიერი ანტიკორუფციული ზომების გატარება მოითხოვა. მაგრამ მეორე ჯგუფი დარჩა სტატუს-კვოს მომხრე, რაც მისთვის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას
უკავშირდება. სტატუს-კვოს მომხრე პარტია ფლობს სამთავრობო ინსტიტუტებს, ყველგან ჰყავს ჩასმული საკუთარი ხალხი და არ არის დაინტერესებული კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლით. შესაბამისად, ვიდრე ბულგარეთის საზოგადოება ასე მძლავრად არის გაყოფილი და არცერთ ჯგუფს არ შეუძლია სხვაზე უპირატესობის მოპოვება, მანამდე ქვეყანაში ეს პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავ გაგრძელდება“
, - ამბობს ივან ბედროვი.

სლოვაკეთისგან განსხვავებით, სადაც უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა და ნატოში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობა, გადამწყვეტი აღმოჩნდა პოპულისტური ძალების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, ბულგარეთში საპარლამენტო პოლიტიკური ძალების უმრავლესობა უჭერს მხარს უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას.

მაგრამ არა ქვეყნის პრეზიდენტი, რუმენ რადევი, რომელმაც შარშან დეკემბერში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტების შიშით, დაბლოკა უკრაინისათვის ჯავშანტექნიკის გადაცემა.

უფრო ადრე, 2023 წლის ივლისში, სოფიაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე რუმენ რადევმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“, რამაც ძალიან გააღიზიანა უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტს შეუსწორა, ეს არა კონფლიქტი, არამედ ომიაო. ზელენსკიმ ბულგარელ კოლეგას ურჩია, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისი იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წლის მარტში ბულგარეთის პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს, რომ გაეგზავნა დაპირებული ჯავშანტექნიკა უკრაინისთვის.

უკრაინისათვის გადაცემული ჯავშანტრანსპორტიორები ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საწყობში 1980-იანი წლებიდან ინახებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბულგარულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორები პირდაპირ გადასცა კიევს და არა შუამავლების გზით, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG