Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კარგი ახალგაზრდა "ოცნების" ბუნების შესანიღბად“ - ბრიუსელში ახალ პრემიერს რეფორმების დაჩქარებაზე ელაპარაკნენ


ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გამართა
ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გამართა

21 თებერვალს დასრულდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი საგარეო ვიზიტი, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბბინაში გაიმართა.

სამთავრობო დელეგაციამ პრემიერ კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ირაკლი კობახიძე შეხვდა თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირს ბრიუსელში, გასცა დაპირებები, შეახსენეს პირობები და თავადაც მიიღო დაპირებები ბრიუსელისგან.

და, მოულოდნელად, ბუდაპეშტისგანაც.

ამ სტატიაში მის ვიზიტს ვაჯამებთ.

შერბილებული რიტორიკა

კობახიძეს ბრიუსელში თბილად დახვდნენ და მანაც კეთილგანწყობა გამოხატა მასპინძლებისადმი. მისი გამოსვლები, წინასწარ გამზადებული სიტყვები, ნაკლებად იყო გაჯერებული ჩვეული გამყოფი, დამაპირისპირებელი რიტორიკით.

ირაკლი კობახიძე ხვდება ჟოზეპ ბორელს. 2024 წლის 20 თებერვალი
ირაკლი კობახიძე ხვდება ჟოზეპ ბორელს. 2024 წლის 20 თებერვალი

„პრემიერ-მინისტრის რანგში ეს თქვენი პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. ბრიუსელში თქვენი ჩამოსვლა ადასტურებს, რომ თქვენ საქართველოს ევროპულ გზას ძალიან სერიოზულად უყურებთ“, - ასე მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა.

ასეთი იყო ოფიციალური დახვედრა.

მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, კეთილგანწყობის მიღმა მაინც იგრძნობოდა, რომ მნიშვნელოვან საკითხებს „ქართული ოცნება“, მისი მთავრობის პრემიერ-მინისტრი და ბრიუსელი განსხვავებულად ხედავენ.

ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც უკრაინელმა ჟურნალისტმა 20 თებერვალს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შემდეგ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრისას რას გულისხმობდა, ხოლო ჟოზეპ ბორელს - თუ მოისმინა ამაზე განმარტება პრემიერისაგან.

  • კობახიძემ გაიმეორა, რომ ასეთი განცხადებები „მოდიოდა უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან - უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნისგან და პრეზიდენტის მრჩევლისგან“, რასაც „ძალიან სამწუხარო“ უწოდა, თუმცა თქვა, უკრაინას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად მაინც მხარს ვუჭერთო;
  • ჟოზეპ ბორელმა კი განაცხადა, რომ „მეორე ფრონტზე“ საუბარი „გრძელი ამბავია“ და „ამას არავინ სერიოზულად არ განიხილავს“; მე ვერ ვხედავ, რომ ასეთი მოწოდება ყოფილიყო უკრაინიდან, ან ვინმე სხვისგანო, დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„ირაკლი კარგი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან თავმდაბალი და კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ, - როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აქ [ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით] პირველად იმყოფება. მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ის უბრალოდ სასიამოვნო სახეა, რასაც "ქართული ოცნების" საერთო აგრესიულობის გადასაფარად იყენებენ“, - ანონიმურობის პირობით უთხრა რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ ბრიუსელში.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს ხვდება. 2024 წლის 20 თებერვალი
ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს ხვდება. 2024 წლის 20 თებერვალი

უნგრეთი - სტრატეგიული პარტნიორობა ამართლებს?

ბრიუსელში კობახიძის ვიზიტმა მოულოდნელი ახალი ამბავი მოიტანა: უნგრეთის ინიციატივაა, სცადოს, დააჩქაროს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა. და ეს მაშინ, როდესაც ბუდაპეშტი ძლიერად უწევდა წინააღმდეგობას უკრაინასთან ასეთი ნაბიჯის გადადგმას.

20 თებერვალს ასოცირების საბჭოზე - გარდა ბორელის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, საქართველოს დელეგაციისა და ევროსტრუქტურების თანამშრომლებისა, - იმყოფებოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო - ეს კი უჩვეულო ამბავია.

ასოცირების საბჭოს არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, არამედ წევრი ქვეყნების ელჩებიც კი არ ესწრებიან - მხოლოდ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები და ევროკომისიის სპეციალისტები გაფართოების საკითხებში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაზე მომუშავე ექსპერტები.

სიიარტო ამ შეხვედრაზე ერთადერთი იყო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უშუალოდ წარმოადგენდა.

ბრიუსელში რადიო თავისუფლების ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, სიიარტო საბჭოზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, მისი ქვეყნის პრიორიტეტია, უნგრეთის ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაჩქარდეს - განსაკუთრებით, საქართველოსთვის.

უნგრეთი, - რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს მთავრობასთან შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელოვანი პროექტი და კონსერვატიული რიტორიკა აკავშირებს, - 2024 წლის ივლისიდან 6 თვის განმავლობაში, დეკემბრის ჩათვლით, იქნება ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. მზარდი იზოლაციის წინაშე მდგარი უნგრეთი ცდილობს, ძლიერი კავშირები დაამყაროს ნაკლებად ლიბერალურ რეჟიმებთან, - მათ შორის ევროკავშირს გარეთ, საქართველოს სახით.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობითვე, მინისტრმა სიიარტომ იქვე განაცხადა, რომ უნგრეთს თავისი პრეზიდენტობის პერიოდშივე, წლის ბოლომდე სურს, მოიწვიოს მთავრობათაშორისი კონფერენცია საქართველოს მონაწილეობით. ამგვარი კონფერენციები ძალიან იშვიათად მოიწვევა - აქ წყდება ევროკავშირის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში ცვლილებების საკითხი.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ბუდაპეშტის მიერ მთავრობათაშორისი კონფერენციის მოწვევა ნიშნავს, რომ უნგრეთი გეგმავს, სცადოს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, წელსვე გახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

ამაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაადრევია.

ჯერ ევროკომისიამ უნდა მოამზადოს გაფართოების კიდევ ერთი ანგარიში, - რაც 2024 წლის შემოდგომამდე არ იგეგმება, - და იქ გასცეს რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყებაზე, შემდეგ კი წევრმა ქვეყნებმა ამაზე იმსჯელონ და ერთხმად მიიღონ გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორს დაეფუძნება, მათ შორის, პრიორიტეტების შესრულებას, - ევროკავშირის დაწესებული პირობები საქართველოს კვლავ შესასრულებელი აქვს.

ბრიუსელის გზავნილები და პრიორიტეტები

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა პრიორიტეტებს შორის დაასახელა საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკაში თანხვედრა, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლა და 2024 წლის ოქტომბრისთვის საარჩევნო რეფორმა.

ბორელმა თქვა, რომ მართალია, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პროგრესია, თუმცა მაინც განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკაში საქართველოს თანხვედრა“ - ბრიუსელი ელის, რომ „შესაბამისობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.

ჟოზეპ ბორელის თქმით, ბრიუსელს ასევე სურს, „ანტიდასავლური რიტორიკისა და ინფორმაციით მანიპულირების წინააღმდეგ მეტი ნაბიჯები იხილოს“. მან საქართველოს ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა.

„ოცნების“ ლიდერები უკვე მეორე წელია, იმეორებენ შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, - მის თანახმად, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მიზანია, საქართველო ომში ჩაითრიოს და ამის მისაღწევად იყენებს ყველას და ყველაფერს: ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ევროპარლამენტარებს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ყველა სხვას, ვინც „ოცნებას“ აკრიტიკებს.

შეხვედრებში გამოჰყვეს 2024 წლის არჩევნების საკითხიც.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის - საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

20 თებერვალსვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე კობახიძემ თქვა, რომ მისი „ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას“.

მან ასევე თქვა, რომ მთავრობამ „უკვე გაუგზავნა მოწვევა ეუთო/ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას“.

შარლ მიშელმა მოგვიანებით ტვიტერზე დაწერა, რომ კობახიძეს მიულოცა გაპრემიერება, მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა და დაწერა: „საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოების მომდევნო ფაზისათვის - ახლა გასაღები აუცილებელი რეფორმების განხორციელებაშია“.

ნატოც რეფორმებს ითხოვს

კობახიძე ვიზიტის ბოლო დღეს, 21 თებერვალს, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრამდე საერთო პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა, ტრადიციულად, განაცხადა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხარდაჭერა ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებებსა და შეხვედრებსაც მუდმივად გასდევდა ფონად.

სტოლტენბერგმა ისაუბრა უკრაინაში ომზე და აღნიშნა, რომ ამ კვირაში 2 წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან; ბრძოლის ველზე ვითარება უმწვავესიაო, აღნიშნა.

კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას. ამასთან, მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

„ვიცი, რომ ამას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არსებით ხიფათს შეიცავს ნაოსნობისთვის. ეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას. ამიტომ მე მივესალმები შავი ზღვის გასანაღმად მოკავშირეების ძალისხმევას, რათა ის უფრო უსაფრთხო იყოს ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს ხვდება. 2024 წლის 21 თებერვალი
ირაკლი კობახიძე იენს სტოლტენბერგს ხვდება. 2024 წლის 21 თებერვალი

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაზე საუბრისას მიესალმა კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო ინჟინერიისა და დაცული კომუნიკაციების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

და მანაც განაცხადა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია, რეფორმები დააჩქაროს:

„ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გააგრძელოს და დააჩქაროს შიდა რეფორმები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენი სურვილია, საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობდეს. მოძრაობდეს მეტი დემოკრატიისკენ და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისათვის. ნატო აგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ მისწრაფებებისკენ სვლაში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG