Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბლია მეგრულად - „დანაშაული“ თუ დამსახურება ერის წინაშე?


ბიბლია მეგრულ ენაზე გიორგი სახოკიამ თარგმნა.
ბიბლია მეგრულ ენაზე გიორგი სახოკიამ თარგმნა.

გიორგი სახოკია 75 წლის კაცია, პროფესიით ეკონომისტი, მთელი ცხოვრება ბუღალტრად მუშაობდა. ფილოლოგიური განათლება არასდროს ჰქონია, მაგრამ მის საწერ მაგიდაზე ახლა მხოლოდ ხელნაწერები და ლექსიკონებია დახვავებული, ძირითადად მეგრულ-ქართული.

ბოლო წლებში მეგრულად თარგმნა მისი გატაცება გახდა, ადრე ზღაპრებს თარგმნიდა, მერე ჰომეროსზე გადავიდა და ბოლო ორი წელი ბიბლიას მიუძღვნა.

ახლა მისი წიგნების კარადაში თითქმის ორიათასგვერდიანი ძველი და ახალი აღთქმა დევს, მისი ნათარგმნი, მისივე რედაქტირებული და მისივე სახსრებით დაბეჭდილი. ერთი ცალის დასტამბვა 85 ლარი ჯდება. ფული 10 ეგზემპლარზე ეყო.

ბიბლია მეგრულად.
ბიბლია მეგრულად.

„2015 წლიდან დავიწყე თარგმნა. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, რომ 6 საათი მძინავს და დანარჩენი დრო ვმუშაობ. ბიბლიაზე მუშაობა ძალიან გამიჭირდა, თან თარგმნე, თან რამე არ შეგეშალოს. ეს სიტყვები მეტყველებიდან ამოვარდნილია და ლექსიკონებში უნდა ეძებო. თან ვის ვკითხო?! კითხვაც მერიდებოდა“, - ჰყვება და თან ჩანაწერებს ფურცლავს, რომლებზეც ქართულ სიტყვებს მეგრული შესატყვისები აქვთ მიწერილი.

გიორგი სახოკია მეგრული ენის გულშემატკივარია, დარდობს, რომ ახალგაზრდები მეგრულად აღარ ლაპარაკობენ. მეგრულად თარგმნაც ამან გადააწყვეტინა, ეზოპეს ზღაპრები, ჰიუგოს „გავროში“ , სახარება ადრეც ჰქონდა დაბეჭდილი. ჰომეროსის თარგმანები ჯერ ისევ კომპიუტერში აქვს.

მეგრულად თარგმნილი ბიბლია
მეგრულად თარგმნილი ბიბლია

ბიბლია პირველად სწორედ მისი თარგმნისას წაიკითხა. ალბათ თეოლოგიური შეცდომებიც იქნება, მაგრამ ვისთვის უნდა მეკითხა, სწორად როგორ არისო, ამბობს.

დღეს მეგრულს, სვანურს, წოვათუშურს ხელშეწყობის გარეშე გადარჩენის შანსი ნაკლებად აქვთ. ამაზე უკვე ამ ენების მატარებლებიც ლაპარაკობენ, მეცნიერებიც და იუნესკოც.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, მეგრული და სვანური სკოლებში არჩევით საგნად შემოეტანათ, ინიციატივად დარჩა.

მართალია, არსებობენ მოყვარულები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობებით მეგრულად თარგმნიან, მაგრამ აქაც უამრავმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი, სათარგმნი მასალის შერჩევიდან დაწყებული, თარგმანის ხარისხით დამთავრებული.

მაგალითად, ენათმეცნიერი მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ არაკვალიფიციურმა თარგმანმა მეგრული შესაძლოა კი არ განავითაროს, პირიქით, საქილიკო გახადოს. ის ბიბლიის მეგრულად თარგმნის იდეას კარგი თვალით არ უყურებს.

ბიბლიის მეგრულად თარგმნის იდეაზე თავისი პოზიცია პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ 2007 წელს გამოთქვა.

„ჩვენს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ქართულ ენას მეგრული და სვანური დიალექტები ჩამოაშორონ და ისინი დამოუკიდებელ ენებად გამოაცხადონ. უფრო მეტიც, მათ განზრახული აქვთ, ბიბლია და ლოცვები მეგრულად და სვანურად თარგმნონ. ეს არის უდიდესი დანაშაული ერის წინაშე!“

ენათმეცნიერი ნათია ფონიავა კი მიიჩნევს, რომ ახლა მეგრულის პოპულარიზაციისთვის ყველაზე კარგი, ზღაპრების და ისეთი ლიტერატურის თარგმნაა, რომელიც ახალგაზრდებს მიიზიდავდა.

ენაა თუ ენა არაა?

მეგრულთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში რამდენიმე მოსაზრებაა. ერთი ვერსიით, მეგრული, ლაზურთან ერთად, ერთი ენაა და მას კოლხური ან მეგრულ-ლაზური ენა ეწოდება.

მეორე მოსაზრებით, მეგრული და ლაზური ცალკე ენებია. ანუ ქართულ (ქართველურ) ენათა ჯგუფში ქართული, სვანური, მეგრული და ლაზური დამოუკიდებელ ენებად შედის.

2000 წლიდან მესამე მოსაზრებაც გაჩნდა: არსებობს ერთი ქართველური ენა და მეგრული, ლაზური, სვანური ამ ენის დიალექტებია.

მერაბ ჩუხუა ამბობს, რომ აუცილებელია, მეგრულიც, ლაზურიც და სვანურიც სახელმწიფო ენის მზრუნველობის საგანი გახდეს და მათ არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭოთ. მისივე თქმით, არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ მეგრული ენის შენარჩუნება და განვითარება სეპარატიზმს გააღვივებს.

„სამეგრელოში სეპარატიზმი ნულოვანია. ვინც ამაზე საუბრობს, ის თავად არის ქართველების მტერი, რადგან არარსებულ რეალობას იყენებს ქართველთა ერთობის დასანგრევად, - ამბობს ის, - მეგრული ქართული სამყაროს მესაიდუმლეა, პროტოქართველური რეალობის ცოცხალი წევრი. მთელი სამეგრელო და მეგრელობა საერთო ქართული ცნობიერების ქვაკუთხედია. როგორ შეიძლება მეგრულმა სიმღერამ, ლექსმა და ცეკვამ ქართულ სახელმწიფოებრიობას შეუშალოს ხელი?!“

რა შეიძლება გაკეთდეს მეგრულის შესანარჩუნებლად და გასავითარებლად?

ნათია ფონიავა ამბობს, რომ კარგი იქნებოდა არსებობდეს მთარგმნელობითი კომისია, რომელიც მეგრული ენის სტანდარტს დაადგენს. დღეს თავად მეგრულსაც რამდენიმე დიალექტი აქვს და არ არსებობს სტანდარტი, რომელზე უნდა ითარგმნებოდეს და იწერებოდეს ლიტერატურა.

იმის გამო, რომ არც სტანდარტია და არც სხვა სახელმწიფო პროგრამები, მეგრულ ენაზე ლიტერატურის თარგმნა მხოლოდ ცალკეულ ინიციატივებზეა დამოკიდებული.

„ვისაც რა უნდა, ის უნდა თარგმნოს, მით უფრო, როცა ადამიანები ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ. განებივრებულები არ ვართ თარგმანებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, ახლა, ვისაც რა შეუძლია, ის აკეთოს. მერე თუ სტანდარტზე შევთანხმდებით, შესაძლოა, ხელახალი რედაქცია გაკეთდეს და ეს შრომა წყალში აღარ ჩაიყრება, - ამბობს ნათია ფონიავა, - ახლა ენას ყველაზე მეტად ის წაადგება, რომ ის სასკოლო და სკოლამდელ საფეხურებზე ისწავლებოდეს, სკოლამდელ დაწესებულებებში განსაკუთრებით. თუ არასოდეს დავიწყეთ, სულ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG