Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობინ დანიგანი "ტრეინინგების საქმესა" და "გლობალური ომის პარტიაზე": სასაცილოა...


რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
რობინ დანიგანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ნატოს სჭირდება დაინახოს სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯებს დემოკრატიის განსამტკიცებლად“ - განაცხადა რობინ დანიგანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში. პირველ ინტერვიუში ის ლაპარაკობს აგრეთვე: ოკუპაციაზე, უსაფრთხოებაზე, სანქციებზე, არჩევნებზე.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ელჩო, სასიამოვნოა თქვენი საქართველოში ხილვა. თვალს გადევნებდით. ვგულისხმობ თქვენს მოსმენას სენატში, როგორც ელჩობის კანდიდატისა და თქვენს შეხვედრებს, რომლებსაც საქართველოში მართავთ.

მსურს, დავიწყო ოკუპაციით: საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - თამაზ გინტურის მკვლელობა და მისი თანმხლები პირის გატაცება. ბოლო, ტრაგიკული ინციდენტი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. თამაზ გინტურის ძმა ამბობს, რომ მან იცის იმათი ვინაობა, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული. ვშიშობ, მან აგრეთვე იცის, რომ იმ ადამიანებს მართლმსაჯულება ვერ მიწვდება. ასეა უწინდელ შემთხვევებთან მიმართებითაც, ჯერჯერობით. ეს არის რუსული ოკუპაციის რეალური სახე. რა არის თქვენი სათქმელი ამ ინციდენტზე?

მსურს შეერთებული შტატების ღრმა მწუხარება გამოვხატო [თამაზ გინტურის] ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, რუსეთის ძალების მიზეზით თქვენი მოქალაქის დაკარგვის გამო. ათწლეულებია ვაცხადებთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის უმაღლესი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისთვის.

რობინ დანიგანი: გმადლობთ, ნინო, ჩემი მოწვევისთვის და ვთვლი, რომ სწორია, ასეთი სერიოზული თემით რომ დაიწყეთ. უპირველესად, მსურს შეერთებული შტატების ღრმა მწუხარება გამოვხატო [თამაზ გინტურის] ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, რუსეთის ძალების მიზეზით თქვენი მოქალაქის დაკარგვის გამო. ათწლეულებია ვაცხადებთ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის უმაღლესი პრიორიტეტი შეერთებული შტატებისთვის და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, პრეზიდენტ პუტინს შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც მათ აიღეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით, რომელიც მოიცავს კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაბრუნებას, ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას, იმას, რომ არ გაამყარონ და კიდევ უფრო სახიფათო არ გახადონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი. ვთვლი, რომ ეს არის პუტინის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის კიდევ ერთი მაგალითი და ეს არის, როგორც თქვენ თქვით, მაგალითი ადამიანური ტანჯვისა, როცა შენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის ეს კვლავაც პრიორიტეტული საკითხი იქნება.

რადიო თავისუფლება: მიზეზი, რის გამოც რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს, დაკავშირებულია საქართველოსნაირი ქვეყნის მიერ საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობასთან და ნატოში ინტეგრაცია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

მსურს გამოვეხმაურო გასული კვირის ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, როცა ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა საქართველოს კანდიდატობას. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც მისაღებია. თქვენ მონაწილეობდით პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ცერემონიაში, ვნახეთ აგრეთვე [აშშ-ის] საელჩოს მისალოცი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი“, რომელიც მოიცავს ნატოში ინტეგრაციასაც, სადაც ბოლო წლებში დიდ დინამიკას ვერ ვხედავთ. რას იტყოდით ამ პროცესზე და რა მისცემდა მას ბიძგსა და მეტ ძალას - რა არის საქართველოს და რა ალიანსის გასაკეთებელი?

რობინ დანიგანი: უპირველესად, კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს, ყველა ქართველს: მთავრობას, პრეზიდენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციურ პარტიებს. ვფიქრობ, ეს არის უზარმაზარი მიღწევა, რაც ყველა ქართველის დამსახურებაა და ძალიან ოპტიმისტურად და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ დეკემბრის კენჭისყრა დადებითი იქნება. საბოლოოდ ეს [ევროპული] საბჭოს გადასაწყვეტია, მაგრამ იმედი მაქვს, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ვთვლი, რომ ეს აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას და ათწლეულებია ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, სანაპირო დაცვის ძალებთან, რომ ისინი ნატოსთან მეტად თავსებადები იყვნენ. ჩვენი დახმარების შედეგად, ისინი ფლობენ ნატოსთან თავსებად იარაღს.

ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად.

ჩვენი ჯარისკაცები, ნატოს ჯარისკაცები იბრძვიან ქართველების მხარდამხარ. ისინი იწვრთნებიან, ვარჯიშობენ საქართველოს ძალებთან ერთად. ამას აღვნიშნავ, ვინაიდან ვთვლი, რომ უზარმაზარი ძალისხმევაა გაწეული საქართველოს თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და სამხედრო თავსებადობის ნაწილის დასაწყებად, რაც ნატოს ასპირანტ ქვეყნებს მოეთხოვებათ. გასავლელია აგრეთვე პოლიტიკური გზა. ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ალიანსი. ვთვლი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაეხმარება [საქართველოს] საჭირო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაში. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ვაპირებ გავაგრძელო ამ მიმართულებით ძალისხმევის მხარდაჭერა. უკვე ვიყავი ბრიუსელში და ვესაუბრე ჩვენს ელჩს, მუდმივ წარმომადგენელს ნატოში. ვესაუბრე აქ არსებულ ნატოს სამეკავშირეო ოფისს და ჩვენი საელჩოს თავდაცვის გუნდს. ყველანი ვიმედოვნებთ ამ გზაზე საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელებას.

რადიო თავისუფლება: დიდად ახალი არაფერი გაგვიგია ვილნიუსის სამიტიდანაც. ითქვა, რომ ლიდერები „კვლავაც მიმართავენ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის, გავლით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს“. რა უნდა გაკეთდეს საქართველოს მხრიდან? რა არის საქართველოს საქმე, რომ ეს პროცესი დინამიკური გახდეს? ვინაიდან, როცა ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, ვამბობთ და არა მხოლოდ ჩვენ, პარტნიორებიც ამბობენ, რომ ეს არის „შესაძლებლობის ფანჯარა“.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნატოს „ღია კარი“ იქცეს „შესაძლებლობის ფანჯრად“?

რობინ დანიგანი: შესანიშნავი ფორმულირებაა, განსაკუთრებით ევროკავშირის რეკომენდაციისა - ის არის შესაძლებლობის ფანჯარა. ეს რეკომენდაცია საქართველოსთვის იყო დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ ეს აგრეთვე იყო გაფართოების ნამდვილი ენერგეტიკის მომენტი ევროკავშირში და მოვუწოდებ მთავრობასა და ოპოზიციას, გამოიყენონ ეს მომენტი და გაერთიანდნენ იმის შესასრულებლად, რაც გასაკეთებელია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ნატოსთვისაც რელევანტურია: ალიანსის ყველა ასპექტთან მიმართებით ნაბიჯების გადადგმა, პოლიტიკური ასპექტის ჩათვლით. ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად. და კვლავ, ამას სჭირდება ერთიანობა და ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება.

დემოკრატიაში უმნიშვნელოვანესია მოქალაქის ხმა იყოს გაგონილი და ეს ხმა იყოს სამართლიანად დათვლილი, რომ მათ შეძლონ აირჩიონ ხელისუფლება, რომელიც სურთ.

რადიო თავისუფლება: ამისი საუკეთესო ტესტი იქნება 2024 წლის არჩევნები. საქართველოს პოლიტიკური ელიტა და არა მხოლოდ, საზოგადოებაც, ძალიან მგრძნობიარეა არჩევნების თემის მიმართ. ეს არაერთხელ გვინახავს: ვგულისხმობ მგრძნობიარობას იმის მიმართ, რას ამბობენ პარტნიორები არჩევნების შესახებ და ეს შეეხებოდა თქვენს მცირე კომენტარსაც სენატში, როცა სენატორთა შეკითხვებს პასუხობდით. ჩემი შეკითხვაა: რაზე გამახვილდება ყურადღება წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვების დროს, გრძელვადიანი დაკვირვების პროცესში. საარჩევნო წელიწადში ვართ უკვე და ამას ყველგან ვგრძნობთ. რა არის კრიტერიუმები, მთავარი საკითხები ამ არჩევნებზე, რომ ის დადასტურებულად ჩაითვალოს სამართლიანად, კონკურენტულად და თავისუფლად?

რობინ დანიგანი: იცით, რომ ეს არის ევროკომისიის ერთ-ერთი საგანგებო რეკომენდაცია.

რადიო თავისუფლება: ზუსტად! „9 ნაბიჯს“ უწოდებენ, ახლა ნაბიჯები გვაქვს [გადასადგმელი].

რობინ დანიგანი: დიახ და ამ ნაბიჯებში ერთ-ერთი არის მომავალ წელს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა 2024 წლის არჩევნებამდე. ყველამ იცის, ეს არ გულისხმობს მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ თვეებს, რომლებსაც არჩევნებამდე მივყავართ. ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქეები სწორად იქცევიან, როცა ამას ყურადღებას აქცევენ. დემოკრატიაში უმნიშვნელოვანესია მოქალაქის ხმა იყოს გაგონილი და ეს ხმა იყოს სამართლიანად დათვლილი, რომ მათ შეძლონ აირჩიონ ხელისუფლება, რომელიც სურთ. შეერთებული შტატებიც ჩართული იქნება ამ პროცესში და უკვე არის კიდეც. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ჩვენი მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში. ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც ახორციელებენ მოკლე და გრძელვადიან სადამკვირებლო მისიებს. უკვე ვესაუბრე ჩვენს ელჩს ეუთოში, მაიკლ კარპენტერს და მან მითხრა, რომ ეუთო და ODIHR-ი უკვე კონცენტრირებული არიან ამაზე. ასე რომ, ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორები: ევროსაბჭო, ODIHR-ი და ეუთო უკვე კონცეტრირებული არიან ქართველებთან, საქართველოს მთავრობასთან, ყველა პარტიასთან მუშაობაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ეს არსებითია.

ჩვენ გვსურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონში, საქართველოს ჩათვლით, შავი ზღვის პარტნიორებს შორის უკეთესი კოორდინაციის მისაღწევად უსაფრთხოების კუთხით.

რადიო თავისუფლება: მეტი რესურსი იქნება ჩართული მონიტორინგში? პარტნიორების ადამიანურ რესურსს ვგულისხმობ.

რობინ დანიგანი: ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რომ ყველა პარტნიორისთვის, ვისაც ვესაუბრე, ეს პრიორიტეტულია.

რადიო თავისუფლება: ვიდრე საქართველო ნატოს შემადგენლობაში იქნება, სრულ წევრობას ვგულისხმობ, ძალიან მნიშვნელოვანია თვალყურის მიდევნება მიმდინარე მოქმედებებისა და მსჯელობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და უპირატესად, შეერთებული შტატები. სულ ახლახან, კვლავ სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა დისკუსია სახელმწიფო დეპარტამენტის შავი ზღვის სტრატეგიაზე. უნდა დავასახელო შავი ზღვის სტრატეგიის ადვოკატირების ჩემპიონი - სენატორი შაჰინი და [ვთქვა, რომ] საკუთრივ დისკუსია იყო ძალიან საინტერესო. რა შეიძლება მიიღოს საქართველომ საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად ამ სტრატეგიის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუკი ეს აგრეთვე დამტკიცებული იქნება კონგრესის მიერ, საკმაოდ მალე, როგორც ვიცი?

რობინ დანიგანი: მეც უნდა აღვნიშნო სენატორ შაჰინისა და აგრეთვე სენატორ რომნის წვლილი - ორივენი ნამდვილი ლიდერები არიან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხში. ჩემს უწინდელ პოზიციაზე, ვიდრე გამიმართლებდა და აქ ჩამოვიდოდი ელჩად, მეც ვმუშაობდი სტრატეგიაზე, რომელიც კონგრესს წარვუდგინეთ. სტრატეგია აღიარებს, რომ უკრაინაში პუტინის შემდგომმა სასტიკმა შეჭრამ დაგვანახა რამდენად დაუცველი და კრიტიკული მნიშვნელობის არის შავი ზღვის რეგიონი. ჩვენ გვსურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონში, საქართველოს ჩათვლით, შავი ზღვის პარტნიორებს შორის უკეთესი კოორდინაციის მისაღწევად უსაფრთხოების კუთხით; უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიღწევა და უკეთესი დემოკრატიული, პოლიტიკური დისკუსიის უზრუნველყოფა. ვინაიდან, გვწამს, ამით შავი ზღვა უფრო მედეგი, ჩვენი შავი ზღვის პარტნიორები უფრო ძლიერები იქნებიან მომავალი აგრესიის პირისპირ. ეს სტრატეგია ნამდვილად ისახავს მიზნად უკვე არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. ნაწილობრივ უკვე ვახორციელებთ ამას საქართველოს თავდაცვისა და სანაპირო დაცვის ძალებთან იმგვარად, რომ ეს მომგებიანი იყოს როგორც ჩვენი, ისე საქართველოს სამხედრო ძალებისთვის.

ფოთის პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

რადიო თავისუფლება: როცა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, ეს გვაბრუნებს ოკუპაციის საკითხთან: ვიცით კრემლის ინიციატივის შესახებ - თავისი ფლოტის ნაწილის გადმოიტანაზე საქართველოს ოჩამჩირის პორტში, რომელიც ოკუპირებულია. ამას თავის მხრივ მივყავართ ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივასთან. ანაკლია არის ხელსაყრელი მომენტის ხელიდან გაშვების მკაფიო მაგალითი. ის შეიძლება ოდესმე, მომავალში აშენდეს, მაგრამ გარემოებები განსხვავებული იქნება. ახლა ეს [მისი აშენება] უფრო რთულად ჩანს. ვიცით, აგრეთვე, ჩინეთის ჩართულობასა და ინტერესზე. კვლავაც იგივეა თუ არა აშშ-ის, სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ანაკლიის პორტის მიმართ? გვახსოვს მაიკ პომპეოს კომენტარები და ვიცით ბოლოდროინდელი პოზიციების შესახებაც.

რობინ დანიგანი: წარსულ პოზიციებსა და კომენტარებზე ლაპარაკის ნაცვლად, უმჯობესია ვილაპარაკო აწმყოსა და მომავალზე. თავიდან გამოვეხმაურები რუსეთის მიერ აფხაზეთის სანაპიროზე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზირების შესახებ განცხადებაზე ცნობას. ესეც არის პუტინის მიერ რუსეთის ვალდებულებების უხეშად უგულებელყოფის მაგალითი. თუკი ეს სიმართლეა, ეს იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პუტინი და კრემლი ძირს უთხრიან რეგიონის უსაფრთხოებას. ანაკლიას რაც შეეხება, ამ პორტის განვითარება იქნება საქართველოს სერიოზული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ელემენტი შუა დერეფანში ამ ქვეყნის მნიშვნელოვან კვანძად ქცევისთვის, რაც ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ პორტის განვითარებისთვის ვის აირჩევს მთავრობა, ეს არის მისი სუვერენული გადაწყვეტილება.

ჩვენ მხოლოდ ვურჩევდით საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას ვურჩევთ, როცა საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტის ჩათვლით, ზუსტად უნდა იცოდე ვისთან თანამშრომლობ და რა გრძელვადიანი განზრახვები აქვთ მათ. და, ქვეყანამ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და როცა საქმე ისეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, როგორიც პორტებია, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა.

რადიო თავისუფლება: ვინაიდან ჩინეთი ვახსენე: უახლესი პროცესი ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობაში არის ორმხრივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. როგორია შეერთებული შტატების დამოკიდებულება [ურთიერთობების] ამგვარი განვითარების მიმართ?

რობინ დანიგანი: გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ - ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. სუვერენულია გადაწყვეტილება იმაზე: ვისთან გექნება ვაჭრობა, ვისთან მოაწერ ხელს შეთანხმებებს. თუმცა, მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მართლაც ძლიერი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას საინვესტიციო და სავაჭრო სფეროში გადაწყვეტილებების მაქსიმალური გამჭვირვალებისა და მკაფიოობის უზრუნველსაყოფად და გრძელვადიანი შედეგების გასაცნობიერებლად.

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა.

რადიო თავისუფლება: გმადლობთ.

სანქციებზე: როცა შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ასანქცირებს, რას ელოდებით, როგორ ქცევას საქართველოს მთავრობისგან ამ ადამიანების მიმართ, როგორებიც არიან მოსამართლეები, ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც, სხვათაშორის, რუსულ სტილში იყო დასახელებული „ანზოროვიჩ“-ი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეების ჩამონათვალში იყო? ვიცით, რა ხდება და როგორ ხორციელდება [სანქციები] საკუთრივ შეერთებულ შტატებში, მაგრამ როგორია თქვენი მოლოდინი [საქართველოს მთავრობის მიმართ]? ვნახეთ აგრეთვე არასამთავრობოების განცხადება საქართველოს ხელისუფლების პასიურ, უფრო ზუსტად - არასათანადო მოქმედებებზე სანქცირებული პირების მიმართ. ვიცით ფარცხალაძესთან დაკავშირებული ამბავი - როგორც მოიქცა სახელმწიფო.

ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ.

რობინ დანიგანი: ჩვენს სანქციებს, იმის მიხედვით რა სახისაა ისინი, განსხვავებული მიზნები აქვს. ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ მავნე მოქმედებების, აგრეთვე - რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც. ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოძიებისთვის, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ.

რადიო თავისუფლება: იმის გათვალისწინებით, რომ ის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი იყო წარსულში, ხომ არ გაქვთ უფრო დიდი შეკითხვები საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

რობინ დანიგანი: გულისხმობთ მომავალ სანქციებს?

რადიო თავისუფლება: ვგულისხმობ ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის შემთხვევას, რომელიც, სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „ეფ-ეს-ბე“-ს იარაღად იქცა.

რობინ დანიგანი: ეს იყო მასთან დაკავშირებული ძალიან სპეციფიკური სანქცია. არ მსურს იმის თქმა, რომ ის შეეხება რომელიმე სხვა თანამდებობის პირს, არამედ სპეციფიკურად ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება.

რადიო თავისუფლება: საქმე, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური იძიებს „რევოლუციურ სცენარზე“, რომლის მიზანიც არის საქართველოში გადატრიალების მოწყობა და რომელშიც USAID-ია ჩართული - ჩვენ მას ვუწოდებთ „ტრეინინგების საქმეს“, რომელიც მიმართულია ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების და პროექტის წინააღმდეგ და რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერია USAID-ი. თუკი ამას შევხედავთ, როგორც სიმართლეს, თუკი სერიოზულად მივუდგებით, ჰქონდათ თუ არა მათ [სუს-ს] ამ საკითხზე კომუნიკაცია USAID-თან ან შეერთებული შტატების საელჩოსთან?

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში.

რობინ დანიგანი: თუკი თქვენი შეკითხვა სწორად გავიგე, დავიწყებ წინაპირობით, რომელიც იმდენად სასაცილოა, იმედი მაქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მომიწევს - არა იმაზე, რაც თქვენ თქვით, არამედ რაც სხვებმა თქვეს USAID-ის ჩართულობაზე

არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ბოლო 31 წელიწადზე მეტია საქართველოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების უფრო დიდი მხარდამჭერია, ვიდრე შეერთებული შტატები. ჩვენ გავიღეთ 6 მილიარდი აშშ დოლარი დახმარების სახით. ვმუშაობთ ჯანდაცვის დაწესებულებებთან, სკოლებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან - საზოგადოების ყველა სეგმენტთან, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყანას გაძლიერებაში, ეკონომიკურად მეტად განვითარებაში და ვთვლი, რომ ნამდვილად დავეხმარეთ საქართველოს იმის მიღწევაში, სადაც დღეს არის. ის, რომ თითქოს არის რაღაც შეთქმულების ქვედა დინება, სადაც შეერთებული შტატების მთავრობა და მისი უწყება ცდილობს აქ მსგავსი რამის ჩადენას, იმდენად სასაცილოა, რომ ნამდვილად არ ვთვლი ეს იმსახურებდეს ამაზე ლაპარაკში ჩემი დროის დახარჯვას. რასაც ვიტყოდი, არის, რომ USAID-ი, მე წარმოვადგენთ პოლიტიკებსა და პროგრამებს, რომელთა საქართველოში განხორციელებასაც აშშ-ის პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და USAID-ის ადმინისტრატორი სამანთა პაუერი - მთელი ჩვენი მთავრობა უჭერს მხარს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში, მთავრობაში, თუკი ეს მთავრობა არჩეულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში.

რადიო თავისუფლება: გსმენიათ „ომის გლობალურ პარტიაზე“ თუ „გლობალური ომის პარტიაზე“ რიტორიკა? ესეც სასაცილოა?

რობინ დანიგანი: ამაზეც ვიტყვი, რომ სასაცილოა: შეერთებული შტატები მუშაობს ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდამხარ, აგრეთვე პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად „დიდ შვიდეულში“ საპირისპიროსთვის - ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის, უკრაინის ჩათვლით. მე უკრაინაზე ვმუშაობდი ორი წლის განმავლობაში, დღე და ღამე, რომ იქ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა და არა ომის გასავრცელებლად. უნდა დასვათ შეკითხვა: საიდან მოდის ეს ნარატივი? ჩემი აზრით, ეს მოდის იმათგან, ვინც სარგებელს ნახულობს ასეთი ნარატივისგან და ვინც, სავარაუდოდ, საქართველოს გარეთ არის, თუმცა, სამწუხაროდ ეს ნარატივი შემდგომ აქ, შიგნით ძლიერდება. და, ვინ სარგებლობს ამით? - ქართველები ნამდვილად არა, ვინაიდან ეს არ არის, რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს.

ვცდილობ, გავცდე თბილისს და შევხვდე ქართველებს, რომლებიც მუშაობენ თავიანთ მცირე და საშუალო საწარმოებში, ფერმერებს - უკვე შევხვდი რამდენიმეს. სინამდვილეში, მსურს გავიცნო საქართველო.

რადიო თავისუფლება: ბევრი შეხვედრა გქონდათ, აქ ჩამოსვლის შემდეგ. დაინტერესებული ხართ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით? მისი სახელი ნახსენები იყო სენატში გამართულ თქვენს მოსმენაზეც.

რობინ დანიგანი: მე ვცდილობ შევხვდე ქართველების ფართო სპექტრს. დავიწყე მთავრობითა და თანამდებობის პირებით, მაგრამ ასევე შევუდექი შეხვედრებს პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ვცდილობ, გავცდე თბილისს და შევხვდე ქართველებს, რომლებიც მუშაობენ თავიანთ მცირე და საშუალო საწარმოებში, ფერმერებს - უკვე შევხვდი რამდენიმეს. სინამდვილეში, მსურს გავიცნო საქართველო. არ მაქვს ჩანიშნული ახალი შეხვედრები, მაგრამ ვცდილობ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებთ 31 წელიწადია - გავაბა კავშირები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, რაც იწყება ადამიანებს შორის კავშირებით.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. წარმატებას გისურვებთ.

რობინ დანიგანი: გმადლობთ.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG