Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ ოთხი სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა


ეს იყო პირველი სისხლიანი ეპიზოდი ორ ქვეყანას შორის ბოლო თვეების განმავლობაში
ეს იყო პირველი სისხლიანი ეპიზოდი ორ ქვეყანას შორის ბოლო თვეების განმავლობაში

13 თებერვალს აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ეს 2024 წელს ორ ქვეყანას შორის მომხდარი პირველი სისხლიანი ეპიზოდია, რომელიც დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განვითარდა.

რა მოხდა - ვერსიები

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 13 თებერვალს, დილის 5:30 საათისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მცირეკალიბრიანი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი სომხურ საბრძოლო პოზიციებს სომხეთის სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ნერქინ-ჰანდის მიმართულებით. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამჟამად იგი სტაბილურადაა.

ამავე უწყების თანახმად, „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან სომხეთის საბრძოლო პოზიციებისკენ სროლები დილის 9:30 საათისთვის შეწყდა“.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დილანდელი სროლები იყო საპასუხო ოპერაცია, სახელად „შურისძიება“, რომელიც სომხეთის „გუშინდელი პროვოკაციის პასუხად“ ჩაატარეს.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ნათქვამი ჰქონდა, რომ 12 თებერვალს, საღამოს საათებში, სომხეთის მხრიდან სროლების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.

კერძოდ, სამინისტროს თანახმად, ორშაბათს, 20:50 და 23:40 საათის შუალედში, სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან სნაიპერმა ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს - თოვუზის რაიონის ერთ-ერთი დასახლების მიმართულებით.

სომხეთს ეს ამბავი არ დაუდასტურებია და განაცხადა, რომ გამოიძიებდა ცნობას აზერბაიჯანელი სამხედროს დაჭრის შესახებ.

სომხეთის სამხედრო პოლიციამ განაცხადა, რომ „გარემოებებს, რომლის პირობებშიც სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ცეცხლის გახსნის უფლება ან ვალდებულება, ნათლად განსაზღვრავს ზემდგომი სარდლობის წერილობითი ბრძანებები“.

ამავე წყაროს თანახმად, „წინასწარი დასკვნა მიუთითებს, რომ 12 თებერვალს ამ ტერიტორიაზე მსგავსი ვითარება არ მომხდარა და „თუ ეს დადასტურდა, პასუხისმგებელ პირებს ბრძანების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“.

აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის თანახმად, „ოპერაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოსტი, საიდანაც ჩვენს ჯარისკაცს ესროლეს, სრულიად განადგურდა“.

სომეხი სამხედროების რიგებში მსხვერპლს აზერბაიჯანიც ადასტურებს, ამბობს, რომ ეს იყო „შურისძიება“ და მისმა შეიარაღებულმა ძალებმა „გაანეიტრალა“ სომეხი ჯარისკაცები, რომლებმაც „დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და საზღვარზე პროვოკაცია სცადეს“.

პოლიტიკური შეფასებები

„სომხური მხარის ყოველი პროვოკაცია ემსახურება აზერბაიჯან-სომხეთის პირობითი სასაზღვრო ხაზის საოპერაციო პირობების გაუარესებას და [მომავალში] უფრო სერიოზული ზომები მოჰყვება“, - განაცხადეს ბაქოში.

მაგრამ სომხეთი წინა საღამოს სროლებზე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც 12 თებერვალს 20:50-დან 23:40 საათამდე პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა განახორციელეს სროლები აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით, არ შეესაბამება რეალობას“.

სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი ედმონ მარუკიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი „არ თმობს ტრადიციულ კრიმინალურ ქცევას“:

„აზერბაიჯანი ჯერ აცხადებს, რომ სომხური მხრიდან ცეცხლი გაუხნსნეს და თითქოს ერთი პირი დაიჭრა; სომხური მხარე აცხადებს, რომ ინციდენტს გამოიძიებს, აზერბაიჯანული მხარე კი თავს ესხმის და … სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე … ხოცავს ადამიანებს ყოველგვარი გამოძიების გარეშე, რითაც აჩვენებს, რომ მზად იყვნენ თავდასხმისთვის და მხოლოდ საბაბს ელოდებოდნენ“.

სასაზღვრო მიდამოებში შეიარაღებული ინციდენტები ორ ქვეყანას, რომლებსაც ჯერაც არ აქვს სახელმწიფო საზღვრები დელიმიტირებული, წარსულში ხშირად ჰქონია, თუმცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ დაკავების შემდეგ, - რასაც ასობით სიკვდილი და ათიათასობით ეთნიკურად სომეხი მოსახლის მიერ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოჰყვა, - ეს პირველი შეიარაღებული ინციდენტია.

პარალელურად სომხეთში შეშფოთებას გამოხატავენ აზერბაიჯანის რიტორიკით და არაერთი თვეა, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შესაძლო შეტევაზე საუბრობენ - სიუნიქის პროვინციაში, სადაც აზერბაიჯანს „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის განხორციელება სურს, - თუმცა ბაქო „თავდასხმის“ გეგმებს კატეგორიულად უარყოფს.

სასაზღვრო შეტაკება მოხდა ილჰამ ალიევის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევიდან ხუთი დღის შემდეგ. ალიევმა არჩევნებში, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, არც თავისუფალი ყოფილა და არც გამჭვირვალე, ხმების 92% მიიღო.

არჩევნებიდან 2 დღეში, 10 თებერვალს, ალიევმა, ვაჟთან, ჰეიდარ ალიევ უმცროსთან ერთად გამოაცხადა, რომ იყიდა თურქული წარმოების საბრძოლო, უპილოტო საფრენი აპარატები.

2024 წლის იანვარში პრეზიდენტმა ალიევმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „მეოცე საუკუნეში აზერბაიჯანის ტერიტორია სომხეთს გადასცეს“, ისაუბრა სომხეთის დედაქალაქ ერევანზეც და თქვა, რომ „ირევანი, რომელიც უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, სომხეთს გადასცეს“.

იანვარში ალიევმა კვლავ გაიმეორა მოთხოვნა „ზანგეზურის დერეფნის“ ამოქმედების შესახებ, - რასაც სომხური მხარე არ იზიარებს და ბაქოს გეგმას თავისი სუვერენიტეტის შელახვად აღიქვამს, რადგან ეს გეგმა სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ გზაზე სომხეთის კონტროლს არ ითვალისწინებს.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ბაქოსა და ერევანს შორის „დიალოგის გაგრძელებას“ და მოლაპარაკებები არის „საუკეთესო საშუალება კონფლიქტის გრძელვადიანი გადაჭრის გზისკენ“.

XS
SM
MD
LG